დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 5, 2014

დათა ქაჯაიამ სლოვაკეთში ორი რბოლა მოიგო

5 ივლისი
სარბოლო სერია „აქსელერეიშნის“ მეხუთე ეტაპზე, რომელსაც სლოვაკეთი მასპინძლობს, ქართულმა გუნდმა „მია ფორსმა“ და მისმა პილოტმა დათა ქაჯაიამ მორიგი ორი გამარჯვება მოიპოვა. კონსტანტინე კოლიაშვილმა კი ერთხელ მესამე და ორჯერ მეოთხე ადგილი დაიკავა. ამასთან, ორივემ ორ კლასში - ლეჯენდსსა და პიკაპებში იასპარეზა.


პიკაპების კლასში გამოსვლა, სერიის ორგანზატორთა საჩუქარია - სერიის წესებით, ლეგენდების კლასის გამარჯვებული შემდეგ სეზონს უფრო მაღალ, პიკაპების კლასში ატარებს. მართალია, ამ სეზონში კიდევ ორი ეტაპია დარჩენილი, მაგრამ ქაჯაია იმდენად დამაჯერებლად ლიდერობს, რომ მისი დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც, ქართველები პიკაპებშიც მიიწვიეს.
და ჩვენებმაც შესანიშნავად იასპარეზეს. უნდა ითქვას, რომ ეს უბრალო გასეირნება არ იყო. თავად განსაჯეთ, პიკაპების კლასის ავტომობილები, „ფორდის“ 4.0-ლიტრიანი V6 ძრავებითაა აღჭურვილი, რომელთა სიმძლავრეც 325 ცხენის ძალაა. ავტომობილები კი 950 კილოგრამს იწონის. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ასეთი მანქანებით პირველად იასპარეზეს, ჩვენებურებმა თავის გამოჩენა მაინც შეძლეს. პირველზე ქაჯაია გავიდა, კოლიაშვილმა კი ფინიშის ხაზი მეოთხემ გადაკვეთა.
„ეს პიკაპების კლასში ჩემი დებიუტია. საკმაოდ ძნელად სამართავი მანქანებია, თანაც ტურინგის პიკაპის კლასის ავტომობილს პირველად ვმართავდი. ძალიან მიხარია, რომ რბოლა მოვიგე და იმედი მაქვს, რომ MW-V6 პიკაპების სერიაში მომავალ სეზონშიც ვიასპარეზებ“, - ნარბოლევს განაცხადა ქაჯაიამ.
რაც შეეხება ლეგენდების კლასს, აქ ორი რბოლა ჩატარდა, რომელთაგან პირველზე დათას არ გაუმართლა. სამი წრის შემდეგ, ტექნიკური პრობლემის გამო გაჩერდა. არადა, ტრასაზე ყველაზე სწრაფი ის იყო. სამაგიეროდ, კოლიაშვილმა ფინიშს მესამემ მიაღწია (სტარტზე მეხუთე იყო). მას რბოლის მიწურულს ძრავი გაუფუჭდა, მაგრამ მაინც მოახერხა მესამეზე გასვლა.
მეორე რბოლაშიც ქაჯაიას დაზიანებული მანქანით მოუწია ასპარეზობამ - მისი შეკეთება დროულად ვერ მოესწრო, რის გამოც მას სტარტის პიტლეინიდან აღებამ მოუწია. მაგრამ ორი წრის შემდეგ უკვე ლიდერი იყო და აქედან მოყოლებული, წინ აღარავინ გაუშვია. აღსანიშნავია, რომ რბოლა წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა (პირველი რბოლის დროსაც წვიმდა), რის მიუხედავადაც, როგორც დათამ ნარბოლევს თქვა, დიდი სიამოვნება მიიღო.

No comments:

Post a Comment