დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 25, 2014

„ფორდ იუროპმა“ ბოლო სამ წელიწადში პირველი მოგება მიიღო

Ford Europe Posts First Profitable Quarter in 3 Years
25 ივლისი
„ფორდისთვის“ ბოლო წლებში ყველაზე პრობლემური ბაზარი ევროპაა, სადაც მისი ბიზნესი ზარალიანია. თავად კომპანიაც და ანალიტიკოსებიც, „ფორდ ოფ იუროპის“ მომგებიან რელსებზე გადასვლას ჯერ არ ელოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, რადიკალურ რესტრუქტურიზაციას ნაყოფი უკვე მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, ამის უტყუარი ნიშანი ის ფაქტია, რომ ცისფერმა ოვალმა მეორე კვარტალში ევროპაში მოგება დააფიქსირა.
მეორე კვარტალში ამერიკული კომპანიის ევროპული შტოს მოგება სულ რაღაც, 14 მილიონი დოლარია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი წლის წინათ, იგივე პერიოდში 320 მილიონი იზარალა, პოზიტივი აშკარად გამოიკვეთება. „ფორდი“ ამ ფაქტს ხარჯების შემცირებით და ვალუტის გადასაცვლელი ხელსაყრელი კურსით ხსნის. გლობალური მასშტაბით, „ფორდის“ მეორე კვარტლის მოგებამ 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„ჩვენი გეგმა, „ერთი ფორდი“, კარგად მუშაობს და სასურველი შედეგიც მოაქვს. ჩვენ ზედიზედ მე-20 კვარტალი დავასრულეთ მოგებით“, - ამბობს ამერიკული კომპანიის ახალი მთავარი აღმასრულებელი, მარკ ფილდსი, რომელმაც ამ თანამდებობაზე ახლახანს ალან მიულალი შეცვალა.
„ფორდის“ უფროსი ფინანსური დირექტორი ბობ შენკსი ამბობს, რომ მოგება, თუნდაც ძალიან მცირე, იმის მაჩვენებელია, რომ ევროპული შტოს ტრანსფორმაციის გეგმა კარგად მუშაობს. ცნობისათვის, ძველ კონტინენტზე „ფორდს“ ბოლო პოზიტიური შედეგი 2011 წლის მეორე კვარტალში ჰქონდა, როცა მოგებამ 176 მილიონი დოლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ „ფორდს“ მეორე კვარტალში ორი ერთჯერადი ხარჯი ჰქონდა და ორივე მის ევროპულ ბიზნესში. პირველმა 152 მილიონი დოლარი შეადგინა და ის გენკის (ბელგია) ქარხნის დახურვას უკავშირდება. მეორე ხარჯი კი 329 მილიონი დოლარია და ის ცისფერმა ოვალმა რუსეთში განიცადა, სადაც მისი პარტნიორი „სოლერსის“ აქციები გაუფასურდა.

No comments:

Post a Comment