დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 20, 2014

გერმანელმა გერმანიაში გერმანულით...

Motor racing-Rosberg wins in Germany for Mercedes
20 ივლისი
ნიკო როსბერგმა - გერმანელმა მრბოლმა რომ გერმანული ბოლიდით გერმანიის დიდი პრიზი მოიგო, ეს ფ1-ში გამორჩეული მოვლენაა, რადგან მსგავსი რამ 1939 წლის გერმანულ დიდ პრიზზე რუდლფ კარაჩოლას გამარჯვების შემდეგ არ მომხდარა. მაშინაც ფინიშის ხაზი პირველმა სამქიმიანი ემბლემით დამშვენებულმა ბოლიდმა გადაკვეთა. ამასთან, როსბერგმა პირველად მოიგო საშინაო რბოლა და თანაგუნდელ ლუის ჰამილტონთან უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა.

 ჰამილტონმა შესანიშნავად იასპარეზა. მან სტარტი მე-20 პოზიციიდან აიღო და ფინიშთან მესამე მივიდა. თანაც, რბოლის თითქმის ნახევარი წინა ფრთის მომტვრეული მარჯვენა ნაწილით გაიარა. ის 31-ე წრეზე დაუზიანდა, როცა ყოფილ თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს ასწრებდა. სხვათა შორის, უფრო ადრე (მე-13 წრეზე) თავად მოამტვრია ფრთა კიმი რაიკონენს, როცა მას და დანიელ რიკარდოს ერთდროულად გაასწრო. დაზიანების მიუხედავად, მან რბოლის უსწრაფესი წრეც კი გაიარა. მაგრამ ბოლო წრეებზე ვალტერი ბოტასის გასწრება ვეღარ მოახერხა.

 ბოტასმა ზედიზედ მეორე რბოლა დაასრულა მეორე ადგილზე. იმის მიუხედავად, რომ ბოლოს საბურავები ძალიან გაუცვდა, მაინც მოიგერია ჰამილტონის შეტევები. ის გამარჯვებულს 20.7 წამით ჩამორჩა, მაგრამ მთავარია, რომ ზედიზედ მესამედ ავიდა კვარცხლბეკზე, რაც 2003 წლის შემდეგ, „უილიამსის“ ბოლიდით არავის გაუკეთებია. 11 წლის წინათ ეს კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ მოახერხა.

 ბოტასისგან განსხვავებით, კვლავ არ გაუმართლა მის თანაგუნდელ ფელიპე მასას, რომელიც პირველ მოსახვევში კევინ მაგნუსენს დაეჯახა. დაჯახება არ იყო ძლიერი და ამ დროს მანქანებს არც მაღალი სიჩქარე ჰქონდა. მაგრამ ის საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „უილიამსი“ ჰაერში აეგდო და ამოეყირავებინა. ბედად, მასა გადარჩა, მაგნუსენმა კი რბოლის გაგრძელებაც შეძლო. სტიუარდებმა ინციდენტი განხილეს და მომხდარში არავინ დაუდანაშაულებიათ.

 „ეს ფანტასტიურია. განსაკუთრებული გრძნობაა, როცა შინ იგებ. ეს საოცარი დღეა“, - განაცხადა როსბერგმა, ვინც „მერსედესის“ გუნდს გერმანიის რბოლაში, 1954 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოაპოვებინა. როსბერგამდე ეს ბოლოს ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ გააკეთა. არადა, „მერსედესისთვის“ ამ განსაკუთრებულ რბოლას მხოლოდ 50 000 მაყურებელი დაესწრო.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ვინც გერმანული ეტაპი შარშან ნურბურგრინგზე მოიგო, ამჯერად მეოთხე ადგილს დასჯერდა. მან უკან ჩამოიტოვა ფერნანდო ალონსო, ვისთანაც რამდენიმე წრე უშეღავათო ბრძოლაში გაატარა. ამჯერად ფეტელმა თავის თანაგუნდელ რიკარდოსაც აჯობა, რომელიც მეექვსე შედეგს დასჯერდა.

გერმანიიიის დიდი პრიზი
ჰოკენჰაიმი, დისტანცია 306.458 კმ, (67 წრე, 4.574 კმ)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:33:42.914
2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     +00:20.789  
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           00:22.530   
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              00:44.014   
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    00:52.467   
6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            00:52.549   
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            01:04.178   
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 01:24.711   
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1 წრე
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1 წრე
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1 წრე
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1 წრე
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1 წრე
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1 წრე
15. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1 წრე
16. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      2 წრე
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     2 წრე
18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                2 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                      20 წრე
გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      23 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    41 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         67 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:19.908, 53-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 190 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 176; 3. დანიელ რიკარდო - 106; 4. ფერნანდო ალონსო - 97; 5. ვალტერი ბოტასი - 91; 6. სებასტიან ფეტელი - 82; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 69; 8. ჯენსონ ბატონი - 59; 9. კევინ მაგნუსენი - 37; 10. ფელიპე მასა - 30; 11. სერხიო პერესი - 29; 12. კიმი რაიკონენი - 19; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 9; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 6; 16. ჟიულ ბიანკი - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 366 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 188; 3. უილიამს-მერსედესი - 121; 4. ფერარი - 116; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 98; 6. მაკლარენ-მერსედესი - 96; 7. ტორო როსო-რენო - 15; 8. ლოტუს-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment