დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, June 26, 2014

„ფერარი“ ტურბოს და ჰიბრიდებს აითვისებს და CO2-ს შეამცირებს

Ferrari Adding Turbos, Hybrids to Cut CO2
26 ივნისი
ისევე როგორც ფორმულა ერთში, „ფერარის“ საგზაო ავტომობილების წარმოებაშიც ახალი გამოწვევა ელის - გამონაბოლქვის შემცირება. ოღონდ, ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ არ შელახოს თავისი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო მახასიათებლების ავტომობილების მწარმოებლის რეპუტაცია. როგორც გამოცემა „ავტომოტივ ნიუსი“ იუწყება, მარანელოელები 2021 წლამდე თავიანთი ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) შემცველობის 20 პროცენტით შემცირებას გეგმავენ, რისთვისაც უფრო ინტენსიურად გამოიყენებენ ტურბო ძრავებს და ბენზინ-ელექტრულ ჰიბრიდულ დანადგარებს.
ამ მიმართულებით, ბოლო სიახლეა მოდელი „კალიფორნია“, რომელიც ტურბო კომპრესორით აღიჭურვა და ბაზარზე „კალიფორნია T-ს“ სახელით წარსდგა. 3.9-ლიტრიანმა V8 ტურბო ძრავმა, 4.3-ლიტრიანი ატმოსფერული V8 შეცვალა, რომელთან შედარებითაც, უფრო მძლავრიცაა და ნაკლებ ნახშირორჟანგსაც გამოჰყოფს.
როგორც „ფერარის“ ძრავების განყოფილების დირექტორმა ვიტორიო დინიმ გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“ განუცხადა, მალე კომპანიის ყველა V8 ძრავი ტურბო დამჭირხნით აღიჭურვება. ამასთან, ძრავების ლიტრაჟის კიდევ უფრო შემცირება გაგრძელდება, თუმცა ამის პარალელურად, მათი სიმძლავრე მოიმატებს. ამ ეტაპზე, „ფერარის“ მეორე ავტომობილი, რომელიც V8 ძრავითაა აღჭურვილი, არის „458 იტალია“, რომელიც მალე ტურბო ძრავზე გადავა.
ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება V12 ძრავების იმგვარად მოდიფიცირება, რომ გამონაბოლქვი გაუსუფთავდეთ. ამ მიმართულებით, მარანელოელები იმ გამოცდილებას გამოიყენებენ, რომელიც „ლაფერარის“ ჰიბრიდული სისტემის (ფოტოზე) შემუშავებისას მიიღეს. ოპტიმალური ვარიანტია ასეთი ძრავების ოთხი ტურბო კომპრესორით აღჭურვა. მაგრამ ისინი დიდ ადგილს დაიკავებენ და მეტისმეტად დიდი რაოდენობით სითბოს გამოჰყოფენ, რაც ბევრ პრობლემას შექმნის. გამოსავალი ჰიბრიდული სისტემის გამოყენებაა, რაც ინჟინრებს იმ ენერგიის ათვისების საშუალებას მისცემს, რომელიც სითბოსა და ხახუნის სახით იკარგება.
სხვათა შორის, „ლაფერარი“ თავის წინამორბედ „ენცოზე“ უფრო მძლავრიცაა და უფრო სუფთა გამონაბოლქვიც აქვს, რაშიც სწორედ ჰიბრიდული სისტემა ეხმარება. იგივე ითქმის „კალიფორნია T-ზეც“, რომელსაც გამონაბოლქვი ტურბო კომპრესორმა „გაუსუფთავა“. აღსანიშნავია, რომ „ფერარიმ“ ბოლო შვიდ წელიწადში თავისი ავტომობილების საშუალო გამონაბოლქვი დაახლოებით 40 პროცენტით შეამცირა. 2007 წელს ეს მაჩვენებელი ყოველ კილომეტრზე 435 გრამი იყო.
დინი ამბობს, რომ ამჟამად კომპანიის ავტომობილების საშუალო გამონაბოლქვი ყოველ კილომეტრზე 270 გრამ CO2-ს შეიცავს. კომპანია ყველაფერს ეცდება იმისათვის, რომ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა წლიურად საშუალოდ 3 პროცენტით შეამციროს.

No comments:

Post a Comment