დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 18, 2014

„რენო“ ისევ ნურბურგრინგის რეკორდსმენია

Renault Reclaims Nürburgring Record with Mégane RS 275 Trophy-R
18 ივნისი
მხოლოდ ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „სეატმა“ თავისი „ლეონ კუპრათი“, წინა ამძრავიანი სერიული ავტომობილებისთვის, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის წრის რეკორდული დრო დააფიქსირა და რეკორდსმენის სახელი მას ისევ „რენომ“ ჩამოართვა. ფრანგული კომპანიის „მეგან RS 275 ტროფი-R-მა“ მწვანე ჯოჯოხეთის წრე 7 წუთსა და 54.3 წამში გაიარა და 4.1 წამი მოაკლო ესპანური კომპანიის რეკორდს.
სახელში ასო R, „რადიკალურ“ ვერსიას ნიშნავს. რადკალიზაციისთვის, „რენო სპორტის“ ინჟინრებმა ავტომობილის წონის შემცირებაზე იზრუნეს. შედეგად, ავტომობილმა 100 კილოგრამი დაიკლო („მეგან RS 275 ტროფი-სთან შედარებით). ის სარბოლო შასიზეა აგებული, რომელიც ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავითაა (275 ცხენის ძალა) აღჭურვილი. წინა წამყვან ბორბლებს მამოძრავებელ ძალას გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი უნაწილებს. შეცვლილია გამოსაბოლქვი სისტემა და სტანდარტულის ნაცვლად, „აკრაპოვიჩის“ წარმოების ტიტანის სისტემა დააყენეს. „ოლინის“ წარმოების ამორტიზატორები ერთი მიმართულებით რეგულირდება, მათთან კი კომპიზიტისგან დამზადებული ზამბარებია დაწყვილებული. ავტომობილი „სპიდლეინის“ წარმოების 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „მიშლენის“ წარმოების „პაილოტ სპორტ კაპ 2“ საბურავებითაა შემოსილი.

სალონიდან ამოღებულია უკანა სავარძლები, პილოტისთვის კი „რეკაროს“ წარმოების მონოკოკური სკამი „პოულ პოზიშნ“ ჩადგეს, რომელიც პოლიკარბონატისგანაა დამზადებული. მარტო სავარძლების ხარჯზე, 42 კილოგრამი დაიზოგა. სტანდარტული შესრულებით, სავარძლები სამწერტილოვანი ღვედებითაა აღჭურვილი, თუმცა შეკვეთით ექვსწერტილოვანის დაყენებაც შეიძლება. სავარძლების გარდა, წონის საგრძნობი დაკლება შესაძლებელი გახდა ჩვეულებრივი აკუმულატორის მაგივრად, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის გამოყენებით. ამან 16 კილოგრამი დაზოგა.
ასეთ ავტომობილს „რენო“ 250 ცალს დაამზადებს. მისი შეკვეთა ევროპის 15 ქვეყანაშია შესაძლებელი. პირველად ის საფრანგეთის ბაზარზე გავა. რაც შეეხება ფასს, ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, ბრიტანეთში, სადაც მხოლოდ 30 ცალი „მეგან RS 275 ტროფი-R“ გაიყიდება, მისი ფასია 36 430 გირვანქა სტერლინგი. სხვათა შორის, საზოგადოების წინაშე რეკორდსმენი პირველად სწორედ ბრიტანეთში, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, 27 ივნისს წარსდგება.

No comments:

Post a Comment