დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 12, 2014

რატომ ამბობს „ლამბორგინი“ უარს ჰიბრიდულ სუპერქარზე

Lamborghini Explains Why It Will Not Offer a Hybrid Hypercar
12 მარტი
გასულ წელს საავტომობილო სამყაროს სამი ახალი სუპერ ავტომობილი მოევლინა და სამივე ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი. ამასთან, „ფერარი ლაფერარის“, „მაკლარენ P1-ს“ და „პორშე 918 სპაიდერს“ თითქმის ერთნაირი მაჩვენებლები აქვს. თითქოს მათი მწარმოებლები ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ. მაგრამ ამ ტრენდის გაყოლას არ აპირებს „ლამბორგინი“, რომელიც ჰიბრიდიზაციას მკაცრად ეწინააღმდეგება და თუ რატომ, ეს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა ჟენევის მოტორ შოუზე განმარტა.
იტალიური კომპანიის შეფი ჰიბრიდულ აგრეგატებს არამდგრადს უწოდებს და ამბობს, რომ სამივე ჰიბრიდული ავტომობილი, ნართალია სიმძლავრით გამოირჩევა, მაგრამ არასიცოცხლისუნარიანია, რადგან ყოველი მათგანი მილიონ დოლარზე მეტი ღირს. „ბაზარს არ შეუძლია ამდენი მილიონ ევროიანი ავტომობილის მიღება. ეს მეტისმეტია თუნდაც შედევრებისთვის. მე მაქვს ამ საქმეში გამოცდილება და ვიცი, რასაც ვამბობ. თუნდაც ასეთი ავტომობილები განსაკუთრებულები იყოს, მათს დამკვიდრებას უფრო მეტი დრო სჭირდება“.
ვინკელმანი დასძენს, რომ ელემენტების თანამედროვე ტექნოლოგია მხოლოდ ორი მიმართულებით იძლევა მაღალი დინამიკური მაჩვენებლების მიღწევის საშუალებას. და ორივე მიმართულება ისეთ კომპრომისებს მოითხოვს, რომლებზე წასვლასაც „ლამბორგინი“ არ ისურვებდა. „ერთ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ მძიმე ელემენტები, რაც ჩვენს შემთხვევაში არასასურველია, ან ავტომობილის ფასი მეტისმეტად გაიზრდება, რაც ასევე არ შედის ჩვენს გეგმებში“.
ვინკელმანი ასევე ამბობს, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში მისი კომპანიის ყოფნა, მისთვის შეუზღუდავ ტექნიკურ რესურსს ხდის ხელმისაწვდომს. ამასთან, იმასაც აღნიშნავს, რომ არსებული ჰიბრიდული ტექნოლოგიებით „ლამბორგინი“ ადვილად შეძლებს ისეთი ავტომობილის შემუშავებას, რომლითაც საფუძვლიანად იამაყებს. სხვათა შორის, იმავე გერმანულ ოჯახში შემავალი „ბენტლი“ მალე თავის ყველა მოდელის ჰიბრიდულ ვერსიას გამოუშვებს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ერთ ოჯახში ყოფნის მიუხედავად, „ლამბო“ და „ბენტლი“ სრულიად განსხვავებული ტიპის ავტომობილებს აწარმოებენ. თუმცა, აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ იმავე ჯგუფში „პორშე“ და „აუდიც“ შედის, რომლებსაც არაერთი საინტერესო ჰიბრიდული სისტემა აქვთ დანერგილი.
სხვათა შორის, „ლამბორგინიმ“ რამდენიმე წლის წინათ, ტექნიკური მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ თავისი ავტომობილების მახასიათებლების გასაუმჯობესებლად, იტალიური კომპანია აქცენტს წონის შემცირებაზე გააკეთებს. ამის საილუსტრაციოდ, მათი „სესტო ელემენტო“ გამოდგება, რომელიც ერთ ტონაზე ნაკლებს იწონის. „ლამბომ“ ეს ავტომობილი ძალიან შეზღუდული ტირაჟით დაამზადა. დღეს კი გვახსენებს, რომ ამავე გზით გააგრძელებს განვითარებას.
რა თქმა უნდა, სანტ’აგატა ბოლონეზელები განსხვავებულ აგრეგატებზეც ფიქრობენ. მაგალითად, ტურბო ძრავებზე, ჰიბრიდებზე, პლაგ-ინ ჰიბრიდბსა და ელექტრულ ავტომობილებზეც კი. თუმცა, „ფერარისგან“ განსხვავებით, რომელიც ჰიბრიდული სისტემის გარდა, ტურბო ძრავებზეც გადადის (მაგალითად, კალიფორნია T), „ლამბო“ ისევ ატმოსფერული აგრეგატებისადმი ერთგულებას ინარჩუნებს. და ვინკელმანი ამბობს, რომ ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბაზარი ამის საშუალებას იძლევა...

No comments:

Post a Comment