დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 5, 2014

„პორშე 919 ჰაიბრიდი“ საბრძოლო ფორმაში

New 919 Hybrid is the "Incarnation of all that Porsche is"
5 მარტი
„პორშემ“ თავის ახალ სარბოლო პროტოტიპ „919 ჰაიბრიდის“ სარბოლო გაფორმების საპრეზენტაციოდ, ჟენევის მოტორ შოუ გამოიყენა. ამ ავტომობილით ცუფენჰაუზენელები მალე ლე მანის რბოლას (რომელიც ყველაზე მეტჯერ, 16-ჯერ აქვთ მოგებული) და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდებიან.
ავტომობილის სახელიდან ჩანს, რომ ის ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი. თუმცა, ეს უკვე აღარავის უკვირს, რადგან „პორშეს“ მეტოქეებიც (აუდი, ტოიოტა, პეჟო) ამ ტიპის აგრეგატებს იყენებენ. მათ შორის კი ყველაზე წარმატებული, „პორშეს“ მონათესავე „აუდია“ (ორივე კომპანია „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრია), რომელიც ლე მანზე ჰიბრიდული ტრენდის პიონერიცაა.

ავტომობილი 2.0-ლიტრიანი V4 ტურბო ძრავითაა (ტურბინა ცილინდრების რიგებს შორისაა მოთავსებული) აღჭურვილი, რომელთანაც წყვილში წინა ღერძზე განლაგებული ელექტრო ძრავი მუშაობს. ჰიბრიდულ სისტემაში შედის მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის და ტურბინის თბური ენერგიის აღდგენის სისტემები, რომლებში გამომუშავებული ელექტრული ენერგიაც ელემენტების ბლოკში ინახება. სხვათა შორის, მსგავს სისტემებს ამ სეზონიდან ფორმულა ერთშიც გამოიყენებენ.

„პორშე“ ჰიბრიდული აგრეგატის ზუსტ მონაცემებს არ აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, შიდაწვის ძრავის სიმძლავრე 500 ცხენის ძალას აღწევს. ასევე ცნობილია, რომ ავტომობილი მხოლოდ 870 კილოგრამს იწონის. სარბოლი პროტოტიპი თეთრსა და ნაცრისფერებშია გამოწყობილი. საბაზო თეთრია, ნაცრისფერად კი მსხვილი ასოებით მანქანას მისი სახელი აწერია, რაც ზედ ხედში კარგად ჩანს.
„პორშეს“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მათიას მიულერი ამბობს, რომ სარბოლი პროტოტიპის შემუშავებისას, მთავარი როლი გამძლეობაზე რბოლების სერიის ახალმა წესებმა შეასრულა, რომელთა მიხედვითაც, განსაზღვრულია საწვავის რაოდენობა, რომლის გამოყენებაც ეკიპაჟებს შეუძლიათ. ამ წესის წყალობით, გამარჯვებებს მიაღწევენ არა ყველაზე სწრაფი ავტომობილები, არამედ ისინი, რომლებიც სწრაფებიც იქნებიან და საწვავსაც ყველაზე ეფექტურად გამოიყენებენ. „პროტოტიპი 919 ჰაიბრიდი ბორბლებზე განლაგებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიაა და ყველაზე რთული სარბოლი ავტომობილი, რომელიც კი ჩვენს კომპანიას თავისი არსებობის განმავლობაში შეუქმნია“, - დასძენს მიულერი.
„პორშე 919 ჰაიბრიდის“ საბრძოლო ნათლობა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე შედგება, რომელსაც 20 აპრილს, ბრიტანეთის სილვერსტოუნი უმასპინძლებს.

No comments:

Post a Comment