დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 12, 2014

განახლებული „ფერარი კალიფორნია“ ტურბო ძრავით

New Ferrari California T, as in 552HP Turbo, Officially Revealed
12 თებერვალი
იყო დრო, როცა „ფერარი“ ატმოსფერულ ძრავებზე იყო ჩაციკლული. იშვიათ გამონაკლისებს (მათ შორის, F40-საც) თუ არ ჩავთვლით, მისი ავტომობილები ძირითადად ატმოსფერული მრავალცილინდრიანი (V8, V10 და V12) ძრავების ღრიალით ნუსხავდა ავტომოყვარულებს და რა თქმა უნდა, მყიდველს. მაგრამ დროს თავისი მოაქვს (ან მიაქვს).
„ფიატ-ის“ დიდი ოჯახის წევრ მარანელოელებს გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალოკორპორატიული შემცველობის შემცირებაზე ზრუნვა უწევთ. რაც მთავარია, ფორმულა ერთი ტურბო ძრავებზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის აგრეგატების წარმოებაში ექსპერტობა, წარმატების აუცილებელი ინგრედიენტი იქნება. და რას ნიშნავს ფ1 „ფერარისთვის“? იმას, რასაც ჟანგბადი ადამიანისთვის...
მოკლედ, ტურბო ერა „ფერარისთვის ფორმულა ერთის გარდა, საგზაო ავტომობილების წარმოებაშიც იწყება და ამ მიმართულებით, მარანელოელთა პირველი მერცხალი, განახლებული კუპე-კაბრიოლეტი „კალიფორნიაა“, რომელიც ჟენევურ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტით გავრცელებული ფოტოებით და მცირე რელიზით გაგვაცნეს.
ახალი ავტომობილის სრული სახელწოდებაა „კალიფორნია T“, სადაც T ტურბოს ნიშნავს. ის 3.9-ლიტრიანი ტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემაც ემსახურება. სხვათა შორის, ეს ძრავი „ფერარიმ“ მონათესავე „მაზერატისგან“ (ესეც ფიატ-ის ოჯახის წევრია) გაიზიარა, რომელიც მას „კვატროპორტესა“ და „გიბლიზე“ იყენებს.
„ფერარი“ გვატყობინებს, რომ ამ ძრავს მოდიფიკაცია მისმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ამ პროცესში გაიზარდა მისი მუშა მოცულობა (3799-დან 3855 კუბურ სანტიმეტრამდე) და რა თქმა უნდა, სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი. თუ „მაზერატისთვის“ ეს აგრეგატი 530 ცხენის ძალას და 710 ნიუტონმეტრს იძლევა, „კალიფორნია T-ს“ 560 ცხენის ძალას და 755 ნიუტონმეტრს ანიჭებს. შედარებისთვის, ძველი „კალიფორნია“ 4.3-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 490 ცხენის ძალას და 505 ნიუტონმეტრს ანიჭებს.
იტალიური კომპანია თავის კლიენტებს აიმედებს, რომ მართალია, ახალი ავტომობილი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, მაგრამ ისეთივე ხმას გამოსცემს, როგორიც მარკის ფანებს ატმოსფერული ძრავებისა მოსწონთ. ამასთან, რაც უფრო მატულობს ძრავის ბრუნვების რიცხვი, ხმა უფრო შთამბეჭდავი ხდება. რაც მთავარია, „ფერარი“ გვარწმუნებს, რომ პრაქტიკულად ნულზე დაიყვანა ტურბო ლაგი, ანუ აქსელერატორზე დაჭერაზე ტურბინის დაგვიანებული რეაქცია.
ძრავი ისევ წინაა განლაგებული და უკანა ბორბლებს ატრიალებს. „კალიფორნია T-ს“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.6 წამი სჭირდება, რაც ძველი „კალიფორნიას“ აჩქარებაზე 0.2 წამით ნაკლებია. მაქსიმალური სიჩქარე 316 კმ/სთ-მდე გაიზარდა (312-დან).  ასი კილომეტრის გასავლელად 10.5 ლიტრი ბენზინიია საკმარისი, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველი კილომეტრის გავლისას, 250 გრამია.
მოდიფიკაცია გაიარა შასიმაც, რის შემდეგაც, გაუმჯობესდა საჭის მექანიზმის სიზუსტე და ინფორმატიულობა. ახალია საკიდარის ზამბარები და მაგნიტური ამორტიზატორები, რომლებიც რხევებზე ჩვეულებრივზე 50 პროცენტით სწრაფად რეაგირებს. განხლდა ტრექშნ კონტროლის სისტემა F1-Trac, მუხრუჭები კი კარბონ-კერამიკულია, რომელთა წყალობითაც, 100 კმ/სთ სიჩქარიდან სრულ გაჩერებამდე, ავტომობილს 34 მეტრი ჰყოფნის.
რაც შეეხება გარეგნობას, ამ მხრივ „კალიფორნია“ დიდად არ შეცვლილა. სტილის დახვეწაზე, „ფერარის“ სტილის სტუდიამ და „პინინფარინამ“ იმუშავეს. უცვლელი დარჩა მყარი დასაკეცი სახურავიც, რომელიც ავტომატურ რეჟიმში, 14 წამში იკეცება. ახალი სტილური ელემენტების შემუშავებისას, დიზაინერებმა შთაგონების წყაროდ „F12 ბერლინეტა“ და FF გამოიყენეს. ახალია მანქანის წინა ნაწილი და ფარები, ლაყუჩებიანი კაპოტი, დიდი ზომის რადიატორის ცხაური და ფორმაშეცვლილი ბამპერი.
სალონში გადაკეთებულია მაჩვენებლების დაფა, რომელზეც სანახევროდ ციფრული მაჩვენებლებია განლაგებული. ახალია ცენტრალური კონსოლიც, სადაც მთავარი ადგილი, 6.5-დუიმიანმა სენსორულმა ეკრანმა დაიკავა. ის ემსახურება როგორც ინფოტაინმენტ სისტემას, სხვა მულტიმედიურ სისტემებს.
„ფერარი კალიფორნია T -ს“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება, მის გაყიდვებს კი იტალიური კომპანია მოგვიანებით დაიწყებს.

No comments:

Post a Comment