დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, February 7, 2014

მექსიკა ამერიკაში ექსპორტით იაპონიას გაასწრებს

Mexico Set to Overtake Japan as No.2 Auto Exporter to U.S. in 2014
7 თებერვალი
1970-იანი წლებიდან, იაპონია ყოველთვის იყო ამერიკაში ავტომობილების ექსპორტიორთა მოწინავე ორეულში. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ წელს მის ადგილს მექსიკა დაიკავებს. არადა, სულ ახლახანს, კერძოდ კი 1990 წელს, მექსიკიდან ამერიკის ბაზარზე სულ რაღაც 250 000 ავტომობილი შევიდა.
საკონსულტაციო კომპანია „HIS ავტომოტივის“ გაანგარიშებით, წელს ამერიკაში მექსიკური წარმოების 1.69 მილიონი ავტომობილი გაიყიდება. შედარებისთვის, იაპონიდან ამერიკაში ექსპორტირებული ავტომობილების გაყიდვები 1.51 მილიონს მიაღწევს. უფრო მეტიც, იმავე „HIS ავტომოტივის“ პროგნოზით, მერმისს მექსიკა კანადასაც უკან მოიტოვებს და ამერიკაში ავტომობილების უდიდესი ავტო ექსპორტიორი გახდება. პროგნოზის მიხედვით, ამერიკაში გაყიდული მექსიკური წარმოების ავტომობილების რიცხვი 1.9 მილიონს მიაღწევს, კანადურისა კი - 1.87 მილიონს.
1993-დან 2013 წლამდე პერიოდში, მექსიკური წარმოების ავტომობილების ამერიკაში ექსპორტი თითქმის გაოთხმაგდა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში მექსიკური ავტოინდუსტრია გასამმაგდა, რასაც ხელი დაბალმა გადასახადებმა შეუწყო. თავის მხრივ, ექსპორტის გაზრდა, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამაც შეუწყო.
ბევრმა საავტომობილო კომპანიამ, მექსიკაში ქარხნები იმისათვის ააშენა, რომ იქ წარმოებული ავტომობილები შეერთებულ შტატებში შეეტანა. და ეს ტრენდი კვლავაც გრძელდება. უფრო მეტიც, ბევრი კომპანია, მათ შორის ამერიკული და გერმანულებიც, იქ მეორე და მესამე ქარხანასაც კი აშენებს. მალე იქ ახალ ქარხნებს „ნისანი“, „ჰონდა“ და „მაზდა“ აამოქმედებენ. მარტო ამ სამი ქარხნის წარმოების ჯამური წლიური მოცულობა დაახლოებით 600 000 იქნება.
პარალელურად, მკვეთრად არის შემცირებული იაპონური კომპანიების მიერ ამერიკაში შეტანილი ავტომობილების რიცხვი. კერძოდ, 2008 წლის მონაცემებთან შედარებით, თითქმის განახევრდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ იაპონური კომპანიები სულ უფრო მეტ ავტომობილს აწარმოებენ როგორც უშუალოდ ამერიკაში, ასევე მექსიკაშიც. და ეს ტენდენციაც გაგრძელდება.
ეს ყველაფერი კი კარგად მოქმედებს მექსიკის ეკონომიკაზე. ცნობისათვის, მექსიკის მთლიან ექსპორტში ავტომობილების და საავტომობილო მაკომპლექტებლების წილი შარშან დაახლოებით 19 პროცენტით გაიზარდა.

P.S. ალბათ კარგი მაგალითია საქართველოსთვის, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის და სტაბილურობის შემთხვევაში, დიდი შანსი აქვს იმისა, რომ დააინტერესოს როგორც ევროპელი, ასევე იაპონელი და ჩინელი ავტომწარმოებლები. პირველი ორისთვის ჩვენი ქვეყანა ავტომობილების იაფი წარმოებით იქნება საინტერესო, ჩინელებისთვის კი შესანიშნავი პლაცდარმი გავხდებით ევროპაში ექსპანსიისთვის.
სხვათა შორის, მსგავსი პლაცდარმის როლის შესრულება ახლახანს ბელარუსმა სცადა, მაგრამ აღმოსავლელი „კეთილი მეზობლის“ ძალიან ხისტი და „სალდაფონური“ ზეწოლის წყალობით, მისმა პრეზიდენტმა ჩინური ავტომობილების ბელარუსში წარმოებას წითელი შუქი აუნთო...

No comments:

Post a Comment