დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 27, 2014

„ფორდის“ თვითმავალი ავტომობილი ბარსელონას მობილურ კონგრესზე

Ford's Self-Driving Car Produces 3D Road Map
27 თებერვალი
ბარსელონში გამართულ მობილურობის მსოფლიო კონგრესზე, „ფორდმა“ ექსპერიმენტული ავტომატიზებული ავტომობილი წარადგინა, რომელსაც ამერიკული კომპანია, ავტომტიზებული მართვის უახლესი ტექნოლოგიების შესამუშავებელ და სატესტო პლატფორმად გამოიყენებს. ცისფერი ოვალის განცხადებით, ამ ავტომობილის საფუძველს, ავტომატიზებული მართვის სისტემების შემუშავების ათწლიანი გამოცდილება წარმოადგენს.

სედან „ფიუჟნის“ ბაზაზე შექმნილი ამ ექსპერიმენტული ავტომობილის დახმარებით, „ფორდი“ და მისი პარტნიორი კომპანიები, მძღოლის დამხმარე სისტემების და სენსორების ტესტებს ჩაატარებენ. კვლევის მიზანს, სრულიად ავტომატურ რეჟიმში მუშაობის უნარის მქონე ავტომობილის შექმნა წარმოადგენს. თუმცა, ამ მიზნის მიღწევამდე, ასეთი ავტომობილის ცალკეული კომპონენტები შეიქმნება, რომლებსაც სერიული წარმოებისთვის მოამზადებენ.
„ფორდის“ ევროპული, შუააღმოსავლური და აფრიკული შტოების პრეზიდენტმა სტივენ ოდელმა, ვინც ცისფერი ოვალის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტია, განცხადა, რომ ექსპერიმენტული ავტომობილი, გადაადგილების სრულიად ახალი საშუალებების შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ჩვენი წარმოსახვით, მომავალი კავშირის ისეთი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილებისაა, რომლებსაც ერთმანეთთან და გარემოსთან დამოუკიდებლად ურთიერთობის უნარი ექნება. ამ სისტემების წყალობით, ავტომობილი გაცილებით უსაფრთხო ტრანსპორტად გადაიქცევა. ამასთან, მძღოლს ყოველთვის ექნება ინფორმაცია გზაზე არსებული სიტუაციების შესახებ და ის გააკონტროლებს თავისი ავტომობილის მიერ გარემოს დაბინძურების დონეს. ამ მიმართულებით განვითარება იმის საშუალებას მოგვცემს, რომ უახლოეს ას წელიწადში კიდევ უფრო მეტი გავლენა ვიქონიოთ საავტომობილო ინდუსტრიაზე, ვიდრე ეს წინა ას წელიწადში შევძელით“, - ამბობს ოდელი.
ავტომატიზებული „ფიუჟნი“ აღჭურვილია ოთხი ინფრაწითელი სენსორული მოწყობილობით (LiDAR - შუქის აღმომჩენი და სიშორის მზომი სისტემა), რომლებიც გარემო სივრცის მუდმივ სკანირებას ატარებენ და ამ სივრცეში არსებულ მოძრავ და უძრავ ობიექტებს (ავტომობილებს, ფეხმავლებს, პატარა ცხოველებსაც კი, ბოძებს, კედლებს და სხვა) აფიქსირებენ. სენსორების მიერ მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, ელექტრონული სისტემა გარემოს სამგანზომილებიან რუქას ადგენს. ამასთან, კონტროლირებადი ზონის რადიუსი 70 მეტრს აღწევს. ელექტრონულ სისტემას წამში დაახლოებით 2.5 მილიონი გაზომვის ჩატარება შეუძლია.
პროექტის ფარგლებში, „ფორდს“ პარტნიორობას მიჩიგანის უნვერსიტეტი და სადაზღვევო კომპანია „სტეიტ ფარმი“ უწევენ. პირველი სენსორებსა და სისტემის „ტვინზე“ მუშაობს, რომელიც სენსორებისგან მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს. მეორე კი ავტომატიზებული ავტომობილის ექსპლუატაციასა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი და სხვა სახის რისკების შეფასებაში ეხმარება. გარდა ამისა, „ფორდი“ ცალკე პროექტზეც მუშაობს, რაშიც მისი პარტნიორი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია. ამ პროექტის ფარგლებში მუშავდება ალგორითმები, რომელთა დახმარებითაც, მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, ელექტრონიკა მოძრავი ავტომობილების და ფეხმავლების მანევრების წინასწარ გამოცნობას შეძლებს. მსგავს პროექტში „ფორდს“ პარტნიორობას სტენფორდის უნივერსიტეტი უწევს.
ამჟამად ცისფერი ოვალი სერიულ ავტომობილებზე იყენებს სისტემებს, რომლებსაც ავტომობილის დამოუკიდებლად პარკირება შეუძლიათ. სხვა სისტემები ხმოვან სიგნალებზე რეაგირებენ და ამგვარად მიცემულ დავალებებს ასრულებენ. არის სისტემები, რომლებსაც გზებზე სახიფათო სიტუაციების დაფიქსირება და შესაბამისი ქმედება (დამოუკიდებლად ექსტრემალური დამუხრუჭების ჩათვლით) შეუძლია. ყველა ეს სისტემა, ან მათი სრულყოფილი ვერსიები, სრულიად ავტომატიზებული ავტომობილის შემადგენელი ნაწილი გახდება.

No comments:

Post a Comment