დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 2, 2014

„ფორდ ფიესტა“ ევროპაში სუბკომპაქტების ბესტ სელერია

Ford Fiesta best-selling small car in Europe again
2 თებერვალი
საავტომობილო ინდუსტრიის სტატისტიკასა და კვლევებზე სპეციალიზებულ ბრიტანულ კომპანია „JATO დაინემიქსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ წელს, ევროპაში ყველაზე გაყიდვადი სუბკომპაქტური ავტომობილი, „ფორდ ფიესტა“ იყო. „JATO დაინემიქსის“ სტატისტიკით, ევროპაში საშუალოდ ყოველ ორ წუთში თითო „ფიესტა“ იყიდებოდა. სულ კი, ევროპის 30 ქვეყანაში, 306 405 ცალი „ფიესტა“ გაიყიდა.
ცისფერმა ოვალმა „ფიესტას“ წარმოება 1976 წელს დაიწყო. მისი წარმოების გადაწყვეტილება თვით ჰენრი ფორდ მეორემ მიიღო, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მისი კომპანია მილიონობით ასეთი ავტომობილის გაყიდვას შეძლებდა, რაც უზარმაზარ მოგებას მოიტანდა. მას ერჩივნა, ევროპაშიც დიდი ავტომობილები გაეყიდა, რომლებიც ამერიკის ბაზარზე სოლიდური მოგების მარჟით იყიდებოდა. თუმცა, ევროპული ბაზრის სპეციფიკა, აქცენტის პატარა ავტომობილებზე გადატანას მოითხოვდა.
„ფიესტამ“ თავიდანვე მოიგო ევროპელთა გულები, მაგრამ ნამდვილი ბესტ სელერი ამ საუკუნეში გახდა, ბოლო ოთხ წელიწადში კი „ფიესტა“ მესამედ აღარეს ყველაზე გაყიდვად სუბკომპაქტად. სამწუხაროდ, თავად ჰენრი ფორდ მეორე ამ წარმატებებს ვერ მოესწრო - 1987 წელს დატოვა ეს ქვეყანა.
„მომხმარებლები „ფიესტას“ უფრო მეტად სასიამოვნო მართვადობის გამო აფასებენ. ამასთან, ავტომობილი ძალიან ეკონომიურია, რაშიც მას წლის საუკეთესო ძრავის ტიტულის მფლობელი, 1.0-ლიტრიანი ეკობუსტი ეხმარება. დინამიკური და პრაქტიკული „ფიესტა ST-ს“ გარდა, მყიდველს ძალიან მოკრძალებული აპეტიტის მქონე „ფიესტა ECOტეკის“ შეძენაც შეუძლია. სულ კი არჩევანში 11 400-ზე მეტი ვარიანტია. საერთო ჯამში, პატარა ავტომობილების მოყვარულები „ფიესტაში“ იმას პოულობენ, რაც მათ სურთ“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მარკეტინგს, გაყიდვებს და სერვისს უძღვება.
დაბოლოს, გარდა იმისა, რომ „ფორდ“ მყიდველს „ფიესტას“ 11 400-ზე მეტ ვარიანტს სთავაზობს, ეს ავტომობილი სხვა საინტერესო სტატისტიკითაცაა საინტერესო. მაგალითად, მსოფლიოს 62 ქვეყანაში იყიდება. ყოველი ავტომობილის ელექტრო გაყვანილობაში გამოყენებული სადენების საერთო სიგრძე დაახლოებით 1 კილომეტრია. მყიდველი ყველაზე ხშირად არჩევანს სამ ფერზე აჩერებს. ესენია: გაყინული თეთრი, პანტერას შავი და მთვარის მტვრის ვერცხლისფერი. „ფიესტაზე“ მზარდი მოთხოვნის გამო, ქალაქ კიოლნის (გერმანია) მალე ცვლას დაამატებს და დღიურ წარმოებას 110-მდე გაზრდის.

No comments:

Post a Comment