დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 24, 2014

„მაკლარენმა“ MP4-29 წარმოადგინა

McLaren reveals its 2014 Formula 1 car
24 იანვარი
თუ „უილიამსის“ ახალი ბოლიდის ცხვირი ჭიანჭველაჭამიას ცხვირს მოგაგონებთ, „მაკლარენის“ ახალ მანქანას თავისუფლად შეიძლება ცხვირდეზიანი (თუნდაც ცხვირბრჭყალიანი) ვუწოდოთ. ყოველ შემთხვევაში, უოკინგელთა მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, მათი უახლესი MP4-29 სწორედ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ცხვირზე რომელიმე მტაცებელი ფრინველის, ან ცხოველის დეზი, ან ბრჭყალი მიუბამთო.
რას ვიზამთ, რონ დენისის გუნდმა, ახალი და ძალიან რადიკალურად შეცვლილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ასეთი ფორმა მოიფიქრეს, რაც ალბათ, მათს მორიგ ქმნილებას მაქსიმალურად ეფექტურ ფორმას აძლევს. მართალია, „ფორს ინდიას“ და „უილიამსის“ ახალი მანქანების ფოტოები უკვე ნანახი გვაქვს, მაგრამ ოფიციალურად ახალი ბოლიდი პირველმა სწორედ „მაკლარენმა“ წარმოგვიდგინა. ოღონდ, ამისათვის პომპეზური პრეზენტაცია არ ჩაუტარებია. უბრალოდ, MP4-29-ს ფოტოები გამოაქვეყნა და ზედ კომენტარებიც დაურთო.
დაწეული ცხვირი რეგლამენტის მოთხოვნაა. ეა კი აეროდინამიკას აუარესებს. დანაკარგების მინიმიზაციისთვის, „მაკლარენმა“ ცხვირი დაავიწროვა, რათა რეგლამენტის შესრყულებასთან ერთად, ცხვირის გარშემო ჰაერის ძლიერი ნაკადისთვის მიეცა გასასვლელი. ოდნავ უკან, ამ ნაკადს ვერტიკალური ფირფიტები (რომლებიც უკვე აღარაა ვერტიკალური) ხვდება და მას „სწორ“ მიმართულებას აძლევს, ანუ მანქანის ძირისკენ „უბერავს“. ამგვარად, ამიერიდან ამ ფირფიტებს სამმაგი დანიშნულება აქვს: ჯერ ერთი, მათზე წინა ანტი ფრთებია დამაგრებული, მეორე, ჰაერის ნაკადის სტაბილიზატორის მოვალეობას ასრულებენ და მესამე, ჰაერის ნაკადს სასურველ მიმართულებას ანიჭებენ და გრაუნდ ეფექტის შექმნაში მონაწილეობენ.
სიახლეები მხოლოდ მანქანის კონსტრუქციით არ შემოიფარგლება. სიახლეა ისიც, რომ „მაკლარენს“ ჯერჯერობით არ ჰყავს ტიტულოვანი სპონსორი. „ვოდაფოუნი“ წავიდა, მისი შემცვლელი კი ჯერ არ სჩანს. უოკინგელებს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან ჰქონიათ, თუმცა წინდაწინ აცხადებენ, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილები არიან. სხვათა შორის, მათ ახლახანს კონტრაქტი გააგრძელეს ესპანურ საბანკო ჯგუფ „სანტანდერთან“, რომელიც ევროპაში უდიდესი, მსოფლიოში კი ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური გაერთიანებაა.
გაურკვეველია მარტინ უიტმარშის სიტუაცია. გუნდს მისთვის დარჩენა და სხვა პოსტი შეუთავაზებია, მაგრამ პასუხი ჯერ არავინ იცის. სამაგიეროდ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის ადგილზე „მაკლარენს“ „ლოტუსის“ ყოფილი შეფის, ერიკ ბუიეს მოყვანა სურს. სხვათა შორის, ბუიე უკვე შეცვალა „ლოტუსის“ მფლობელმა“ ჟერარ ლოპესმა.
რაც შეეხება პილოტებს, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონ ჯენსონ ბატონს ამ სეზონში პარტნიორობას ფორმულა რენო 3.5-ის დანიელი ჩემპიონი კევინ მაგნუსენი გაუწევს, ვინც ფ1-ში პირველ სეზნს გაატარებს, თუმცა ამბიციებს არ მალავს და აცხადებს, რომ ლუის ჰამილტონის სადებიუტო სეზონის მიღწევების დაჩრდილვასაც კი ეცდება.
შეგახსენებთ, რომ ეს იქნება ბოლო სეზონი, რომელშიც „მაკლარენი“ „მერსედესის“ ძრავებით იასპარეზებს. შემდეგი სეზონიდან უოკინგელები „ჰონდას“ ძრავებზე გადავლენ.

No comments:

Post a Comment