დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 4, 2013

„ჰონდა“ მალე სრულიად ახალ „სივიკ ტაიპ R-ს“ გამოუშვებს

Honda Unveils Near Production 2015 Civic Type R VTEC Turbo
4 დეკემბერი
„ჰონდა“ მალე დაიწყებს სრულიად ახალი „სივიკ ტაიპ R-ის“ წარმოებას, რომელიც სრულიად ახალი, VTEC ტურბო ძრავითაა აღჭურვილი და რომლის შეძენის შესაძლებლობაც, ამ ავტომობილის ფანებს მალე მთელს მსოფლიოში მიეცემათ. ამასთან, ეს „ჰონდას“ პირველი ავტომობილი გახდება ევროპაში, რომელზეც იაპონური კომპანია VTEC ტურბო ძრავს გამოიყენებს.
„ჰონდა“ ახალ „ტაიპ R-ს“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და სურს, რომ ამ ავტომობილით, ნურბურგრინგზე ჩრდილოური მარყუჟის წრის რეკორდი (თავის კლასში) გააუმჯობესოს. ამაზე თავად კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ტაკანობუ იტო ლაპარაკობს. ამჟამად აღნიშნული რეკორდი „რენ მეგან 265 ტროფის“ (265 ცხენის ძალა) ეკუთვნის, რომელმაც წრე 8:07.97-ში გაიარა.
„სივიკ ტაიპ R-ს“ მამოძრავებელ ძალას 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 280 ცხენის ძალაა. იტო დარწმუნებულია, რომ მისი კომპანიის ახალ ფავორიტს არამხოლოდ „რენოს“ რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია, არამედ სრულიად „ჰონდას“ სერიული ავტომობილების რეკორდისაც (7:56.73), რომელიც NSX-R-ს ეკუთვნის.
ახალი „სივიკ ტაიპ R“ ხუთკარიანი „სივიკის“ მნიშვნელოვნად მოდერნიზებულ შასიზეა დაფუძნებული, რომელიც სპორტულ საკიდარზე დგას, აქვს წინა და უკანა ბორბლების გაგანიერებული კვალი, აღჭურვილია მძღოლის (პილოტის) დამხმარე ელექტრონული სისტემებით და „ბრემბოს“ ზორბა მუხრუჭებით, რომლებიც 19-დუიმიან ბორბლებშია მოთავსებული.
იაპონურმა კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აეროდინამიკასაც. გაგანიერებული საბორბლე თაღები რბილად გადადის წინა ბამპერის კიდეებზე, უკან კი ჰაერის გამომშვები ღრიჭოები აქვთ. უკან კი ყურადღებას მასიური უკანა ფრთა და დიფუზორი იქცევს, რომლის ორივე კიდეშიც წყვილ-წყვილი გამოსაბოლქვი მილი მდებარეობს.
როგორც „ჰონდას“ WTCC-ს გუნდის პილოტი, იტალიელი გაბრიელე ტარკვინი ამბობს, ეს „სივიკი“ შესანიშნავია არამხოლოდ გარეგნულად, არამედ დინამიკითაც: „მანქანას შესანიშნავი მახასიათებლები აქვს. გაოცებული დამტოვა ძრავის სიმძლავრემ და მომენტმა. ამასთან, ავტომობილი უბადლოდაა მომართული, მას კარგად უჭირავს კურსი და მიმართულებასაც სწრაფად იცვლის. ეს ავტომობილი თავისი მახასიათებლებით ძალიან ახლოსაა ჩემს სარბოლ ავტომობილთან. ის იოლად გაგრძნობინებთ „ტაიპ R-ის“ გენებს“, - ამბობს 51 წლის ტარკვინი, ვინც ფორმულა ერთის ყოფილი პილოტია, ტურინგის კლასში კი სხვადასხვა წლებში მოგებული აქვს ბრიტანეთის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები.

No comments:

Post a Comment