დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 14, 2013

ახალი „მუსტანგი“ დიზელით, ჰიბრიდით და ელექტრო ძრავითაც

New Ford Mustang May Get Diesel, Hybrid or Electric Powertrain, Says Exec
14 დეკემბერი
„ფორდ მუსტანგი“ ახლახანს გლობალური ავტომობილი გახდა. იმავდროულად, ის ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვა, რაც V8-ს ფანებს აშკარად არ მოსდით თვალში, თუნდაც ეს ძალიან ეფექტური ეკობუსტი იყოს. და სიურპრიზები თურმე ამით არ ამოიწურება - ამერიკული კომპანიის ძალური დანადგარების გლობალური შტოს შეფმა ბობ ბაშეტიმ განაცხადა, რომ მისი კომპანია გააგრძელებს მწვანე მიმართულებით სვლას, რის ნიშნადაც, „მუსტანგს“ დიზელის ძრავითაც აღჭურვავს.
უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა „მუსტანგის“ ჰიბრიდული სისტემით და ელექტრო ძრავით აღჭურვის მიზანშეწონილებასაც განიხილავს. „მას შემდეგ, რაც „მუსტანგი“ გლობალური პროდუქტი გახდა, მისთვის ყველა ვარიანტი რეალურია. ევროპაში დიზელის შესანიშნავი ძრავები გვაქვს, ეკობუსტი ჩრდილოეთ ამერიკაში ნამდვილი ჰიტია. ასე რომ, ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი შეგვიძლია“, - ამბობს ბაშეტი.
დიზელის „მუსტანგზე“ დაყენების მხრივ, „ფორდს“ ერთი პრობლემა აქვს - მის გამაში არ მოიძებნება V6 კონფიგურაციის დიზელი. სამაგიეროდ, ვენ „ტრანზიტზე“ წარმატებით იყენებს 3.2-ლიტრიან ხუთცილინდრიან დიზელის ძრავს, რომელიც შეიძლება მალე ევროპისთვის განკუთვნილ „მუსტანგზეც“ ვიხილოთ.
რაც შეეხება ჰიბრიდულ და პლაგ-ინ ჰიბრიდულ სისტემებს, ამ მხრივაც საგანგაშო არაფერია - სხვა თუ არაფერი, სუპერ ავტომობილების ისეთმა მწარმოებლებმა, როგორებიც „ფერარი“, „მაკლარენი“ და „პორშეა“, უკვე გამოუშვეს ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილი ფლაგმანები. და ამ ავტომობილებზე, რომლებიც საშინლად ძვირი ღირს, რიგები დგას. ასე რომ, ასეთი აგრეგატი არც „მუსტანგისთვის“ იქნება მიუღებელი.

No comments:

Post a Comment