დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 17, 2013

„ბეემვე i8“ - სპორტული ავტომობილების მომავალი სახე

New BMW i8 Plug-In Hybrid is the Sports Car of the Future
17 სექტემბერი
„პორშეს“ სუპერ ავტომობილის მსგავსად, „ბეემვემაც“ სპორტულ პლაგ-ინ ჰიბრიდულ i8-ს შესახებ უამრავი ინფორმაცია გაავრცელა, ავტომობილმაც კონცეპტუალური ვერსიიდან სერიულამდე არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა, ერთხელ ჰოლივუდის ფილმშიც გადაიღეს ტომ კრუზთან ერთად და აი, ფრანკფურტში იმ სახით გამოჩნდა, როგორსაც მყიდველს შესთავაზებენ. ეს მეორე ავტომობილია, რომელსაც „ბეემვე“ უკვე უშვებს i-ქვებრენდით. პირველი სუბკომპაქტური ელექტრომობილი i3-ია.
სპეციალურად ამ ავტომობილისთვის, რომლის ჩასაჯდომი ფორმულაცაა 2+2, ბავარიელებმა შეიმუშავეს არქიტექტურა, სახელწოდებით „ლაიფგრაივ“. სახელში „ლაიფ“ სამგზავრო უჯრედს აღნიშნავს, რომელიც კარბონის ბოჭკოთი არმირებული პლასტიკითაა (CFRP, იგივე კომპოზიციური მასალა) დამზადებული. „დრაივში“ კი ამძრავი მექანიზმის სისტემის ტექნოლოგია (რომელშიც ელექტრო ძრავი და მაღალი ძაბვის ელემენტების ბლოკი შედის), შასი (სრული სტრუქტურით), ეგრეთ წოდებული ქრეშბოქსი (შეჯახებისას დამცავი სტრუქტურა) არის გაერთიანებული. „დრაივის“ ძირითადი მასალა ალუმინია.
ბავარიელებმა i8-ს სპორტული ავტომობილების მომავალი უწოდეს. მართალია, ამავე გამოფენაზე გაცილებით ტემპერამენტიანი, პრაქტიკულად სარბოლი „პორშე 918 სპაიდერიც“ იყო გამოფენილი, მაგრამ „ბეემვე“ არ ტყუის, როცა თავის ახალ ავტომობილს ასე მოიხსენიებს - „პორშეს“ შედევრი მყიდველთა ვიწრო წრეზეა გათვლილი, ბავარიელები კი თავიანთ ახალ ტექნოლოგიებს ფართოდ დანერგავენ. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ i8 ძალიან ძვირად დააფასეს (135 000 ევროს ფარგლებში). თუმცა, ამ ავტომობილის გვერდით, i-ქვებრენდის კიდევ ერთი ელექტრომობილი, i3 იდგა, რომელშიც ანალოგიური ტექნოლოგიებია გამოყენებული და გაცილებით იაფი ღირს. ოღონდ, ჯერჯერობით შესაბამისი კლასის ავტომობილისთვის, მისი ფასიც ღრუბლებში დაფრინავს.
„ბეემვე i8“ აღჭურვილია პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც გაერთიანებულია სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი ბენზინის ძრავი, რომელიც 231 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასთან შეწყვილებული 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უკანა ბორბლებთანაა დაკავშირებული. სისტემაში ასევე შედის სინქრონული ელექტრო ძრავი, რომელიც 129 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრ მომენტს იძლევა და წინა ბორბლებს ორსაფეხურიანი ტრანსმისიით უკავშირდება. ელექტრო ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური, მაღალვოლტაჟიანი ელემენტების ბლოკი კვებავს, რომელსაც თხევადი გაგრილების სისტემა ემსახურება. ბლოკის ტევადობა 5 კილოვატსაათია.
ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 360 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 570 ნიუტონმეტრს აღწევს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ისეთივე ტემპერამენტიანი დინამიკური მახასიათებლები ჰქონდეს, როგორიც გარეგნობა აქვს. კერძოდ, ნულიდან ასამდა ასაჩქარებლად 4.4 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ ნიშნულზეა შეზღუდული. ასეთი მახასიათებლების პარალელურად, i8 შესაშური ეკონომიურობითაც გამოირჩევა. კერძოდ, 100 კილომეტრის გასავლელად 2.5 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. რა თქმა უნდა, ამ დროს მაქსიმალურად იყენებს ელემენტების ბლოკში დაგროვილ ელექტრო ენერგიას. მარტო ელექტრო ძრავის მეშვეობით კი 35 კილომეტრის გავლა შეუძლია და ამ დროს, მისი სიჩქარე მაქსიმუმ 120 კმ/სთ-ს აღწევს. ყოველმხრივ სრულად გაწყობილი i8-ს სვლის სიშორე 500 კილომეტრზე მეტია.
„ბეემვე i8-ს“ წონა 1490 კილოგრამია, პრაქტიკულად იმდენივე, რამდენასაც მსგავსი მონაცემების მქონე ჩვეულებრივი სპორტული ავტომობილები იწონის. ბავარიული კომპანიის ინჟინრებმა ამას ისეთი მსუბუქი მასალების გამოყენებით მიაღწიეს, როგორებიცაა ზემოთ ნახსენები CFRP, მაგნიუმი, ორგანული შუშა და ალუმინი. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 689 მილიმეტრი, სიგანე 1 942 მილიმეტრი, სიმაღლე 1 293 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 800 მილიმეტრი.
ავტომობილი ძალიან დახვეწილი აეროდინამიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.26-ია. ასეთ მაჩვენებელს ბავარიელებმა სპეციალური აეროდინამიკური ელემენტების წყალობით მიაღწიეს. ავტომობილის წონა წინა და უკანა ღერძებს შორის თანაბრადაა განაწილებული, სიმძიმის ცენტრი კი გზის საფარიდან 460 მილიმეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ინტერიერი მძღოლზეა ორიენტირებული. სავარძლები მსუბუქი მასალებისგან დამზადდა და ისინი ტყავითაა გამოკრული. ტყავია გამოყენებული ცენტრალური კონსოლის, კარების და მაჩვენებლების დაფის ნაწილის გასაფორმებლადაც. ცენტრალურ კონსოლზეა მოთავსებული გადაცემათა კოლოფის საფეხურების გადასართავი ბლოკი, „აიდრაივ“ ოპერაციული სისტემის საკონტროლო პანელი, სტარტ-სტოპის ღილაკი, „იდრაივ“ ღილაკი და მართვის კონტროლის გადამრთველები. „აიდრაივში“ გაერთიანებულია 8.8-დუიმიანი სენსორული ეკრანი. საჭეზე კი ნავიგაციის და სხვა სისტემების მრავალფუნქციური ღილაკები და გადამრთველები განლაგდა.

No comments:

Post a Comment