დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 7, 2013

ჰოლანდიაში რევოლუციური უსაფეხურო ტრანსმისია შეიმუშავეს

Wheel-less gearbox promises revolution in transmission
7 სექტემბერი
ჰოლანდიურ კომპანია „პარტს სერვისიზ ჰოლანდის“ სპეციალისტებმა შეიმუშავა და დააპატენტა უსაფეხურო გადაცემათა კოლოფის სრულიად ახალი ტიპი, რომელიც უსაფეხურო ვარიატორისგან განსხვავებულად მუშაობს. პროექტის ავტორთა თქმით, მათ მიერ შექმნილი უსაფეხურო ტრანსმისიის დახმარებით, შესაძლებელი იქნება ავტომობილების საწვავის ხარჯის და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება.
ქალაქ აინდჰოვენში ბაზირებულ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მათი კოლოფი, სახელად „კონტროლდ როტეიშნ სისტემ“ (CRS), რომელიც ერთმანეთთან მტკიცე ღვედით დაკავშირებული სულ ორი დისკოსგან შედგება, რევოლუციურია და აქვს იმის პოტენციალი, რომ ძირეულად შეცვალოს საავტომობილო (არამარტო) ინდუსტრია. ასეთ კოლოფს არ აქვს მოხახუნე ელემენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ არ სჭირდება შეზეთვა და ჩვეულებრივ ტრანსმისიებზე გაცილებით გამძლეცაა.
უსაფეხურო ვარიატორებში, ორ საღვედე ბორბალს, V-ს ფორმის ღვედი აკავშირებს. ერთ-ერთი ბორბლის იმ ნაწილის დიამეტრი, რომელზეც ღვედია მოდებული, მუდმივად იცვლება და შესაბამისად, გადაცემის რიცხვი, საფეხურების გარეშე იცვლება. მსგავსი პრინციპით მუშაობს CRS-ტრანსმისიაც. ოღონდ, აქ მთლიანად ბორბლის დიამეტრი იცვლება. თანაც, ამ პროცესს ელექტრონიკა ჰიდრავლიკური ტუმბოს დახმარებით მართავს.
CRS-ტრანსმისიის შემუშავების იდეის წარმოქმნას საინტერესო ისტორია აქვს. თავიდან ის ველოსიპედისთვის იყო ჩაფიქრებული. იდეა კი ერთ-ერთ ინჟინერს მას შემდეგ დაებადა, რაც ტურ დე ფრანსის ცქერისას შეამჩნია, რომ ლუქსემბურგელ ველომრბოლ ენდი შლეკის ველოსიპედს გადამწყვეტ მომენტში ჯაჭვი გადასძვრა. ამის შემდეგ, ჰოლანდიურ კომპანიაში მიზნად დაისახეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელსაც არც კბილანები ექნებოდა და არც ჯაჭვი. ველოსიპედისთვის ტრანსმისიის შექმნის შემდეგ, კომპანიის ინჟინრებმა მისი მუშაობის პრინციპი საავტომობილო ტრანსმისიის შესამუშავებლადაც გამოიყენეს.
„ეს გამოგონება მწვანე ტექნოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება. ის მსუბუქია, კომპაქტური და ჩვეულებრივ ტრანსმისიებთან შედარებით, გაცილებით იაფი. ის ზოგავს ენერგიას, გადაცემების უფრო ფართო დიაპაზონში ცვლის საშუალებას იძლევა და ყველა ტიპის ძალურ დანადგარს მიესადაგება“, - ნათქვამია „პარტს სერვისიზ ჰოლანდის“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.
ჰოლანდიურმა კომპანიამ უკვე დაამზადა თავისი უსაფეხურო ტრანსმისიის პირველი პროტოტიპი, რომლის გაბარიტებიცაა: 30 x 22 x 18 სანტიმეტრი. როგორც მისი ავტორები ამბობენ, ასეთი კოლოფი განსაკუთრებით ეფექტურად იმუშავებს ელექტრომობილებზე, რადგან ელექტრული ძრავი მუდმივ მომენტს იძლევა. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ყოველ ბორბალთან „თავისი“ CRS-ტრანსმისიის მიერთება იქნება შესაძლებელი, რაც ენერგიის დაზოგვას შეუწყობს ხელს.

No comments:

Post a Comment