დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 11, 2013

„ფერარიმ“ რაიკონენი დაიბრუნა

Motor racing-Raikkonen returns to Ferrari
11 სექტემბერი
კიმი რაიკონენი მომავალი სეზონიდან „ფერარის“ მანქანით იასპარზებს. ფინელმა პილოტმა მარანელოელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ორ სეზონში, ფერნანდო ალონსოსთან ერთად, თანამედროვე ფორმულა ერთის უძლიერეს წყვილს შეადგენს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კვიცების მანქანებით მსოფლიოს ორი ჩემპიონი იასპარეზებს, რომლებიც მიმდინარე სეზონშიც ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. „ფერარიში“ რაიკონენი ფელიპე მასას ადგილს დაიკავებს, ვინც ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ მომავალ სეზონში „ფერარის“ წევრი აღარ იქნება.
აღსანიშნავია, რომ 1953 წლის შემდეგ, „ფერარის“ ერთდროულად მსოფლიოს ორი ჩემპიონი გუნდში არ ჰყოლია. მაშინ წითელი მანქანებით მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ჯუზეპე ფარინა და ალბერტო ასკარი (ორივე იტალია) ასპარეზობდნენ. სხვათა შორის, იტალიის დიდი პრიზის დღეებში, ალონსომ განაცხადა, რომ ძალიან გაუხარდებოდა, თუ „ფერარი“ მასას დატოვებდა. ალონსოს მარანელოელებთან კონტრაქტი 2016 წლის სეზონის ბოლოს უმთავრდება.
დიდი ხანი არაა გასული მას შემდეგ, რაც ფ1-ის ერთ გუნდში ორი ჩემპიონი ყოფილა. მაგალითად, ახლახანს „მაკლარენში“ ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი იყვნენ. მათი თანაცხოვრება მშვიდობიანი გამოდგა, მაგრამ ფ1-ის მოყვარულებმა კარგად იციან, რა ხდება, როცა ერთად ორი ამბიციური პილოტი იყრის თავს. 2009 წლის ბოლოს, იმავე „ფერარიში“ ალონსოს მისვლას, რაიკონენის წასვლა მოჰყვა. „მაკლარენში“ აირტონ სენას და ალენ პროსტის, ასევე „უილიამსში“ ნელსონ პიკესა და ნაიჯელ მენსელის ჯიბრიან დამოკიდებულებას, ამ გუნდებისთვის ბევრი პრობლემა მოჰქონდა. „ფერარიშიც“ კარგად ახსოვთ ჟილ ვილნევის და დიდიე პირონის უშეღავათო პაექრობა (1982 წელს), რასაც პირველის დაღუპვა და მეორის დასახიჩრება მოჰყვა. სამაგიეროდ, კოლინ ჩეპმენის „ლოტუსში“ (1978 წელს) შესანიშნავად შეეწყვნენ მარიო ანდრეტი და რონი პეტერსონი.
რაიკონენს და ალონსოს ერთად „ფერარისთვის“ კონსტრუქტორთა თასის მოპოვება შეუძლიათ, რაც იტალიური საჯინიბოს მიზნებში შედის. თუმცა, მარანელოელთათვის მთავარი მაინც მისი პილოტის ჩემპიონებაა. შედარებისთვის, სხვა გუნდებში ასეთი მაღალი კლასის ორი პილოტი არ ჰყავთ. თუმცა, გამოკვეთილი პირველი ნომერი ალბათ მაინც მხოლოდ „რედ ბულის“ სებასტიან ფეტელი იქნება, რომელსაც დანიელ რიკიარდოს სახით, გამარჯვებისთვის ბრძოლების გამოცდილების არმქონე თანგუნდელი ჰყავს. გამარჯვების გემო ჯერ გამოცდილი არც სერხო პერესს აქვს, თუმცა ამ სეზონის რბოლებმა აჩვენა, რომ ის ბატონს ტოლს არაფერში უდებს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დგომა რამდენჯერმე გამოცდილი აქვს ნიკო როსბერგს, მაგრამ ამ სეზონმა აჩვენ, რომ „მერსედესში“ ქულების ძირითადი შემომტანი ჰამილტონია. რაც შეეხება „ლოტუსს“, რაიკონენის წასვლის შემდეგ, მისი შემადგენლობა ჯერ გაურკვეველია.
დავუბრუნდეთ „ფერარის“, რომელშიც მიხაელ შუმახერის მისვლის (1996 წელს) შემდეგ, პირველი პილოტის რანგი დამკვიდრდა. სიტუაცია 2006 წელს შეიცვალა, როცა შუმის ადგილი რაიკონენმა დაიკავა. რაიკონენს არ ჰქონდა მოთხოვნ, რომ პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო. ის 2007 წელს ჩემპიონი გახდა, მომდევნო სეზონში კი ჩემპიონობის რეალური შანსი მასას ჰქონდა, რომელმაც ჩემპიონატის ბოლო მოსახვევში (სან პაულუს ტრეკზე) დათმო ტიტული ჰამილტონთან.
მაგრამ გუნდში ალონსოს მოსვლის შემდეგ, პირველი პილოტის რანგიც გაიხსენეს. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მასას მეორე ნომრად ჩამოქვეითებას, 2009 წლის უნგრული დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მომხდარმა ავარიამაც შეუწყო ხელი, რომელიც ბრაზილიელისთვის კინაღამ ფატალურად დასრულდა. ამის შემდეგ, ის ძველებურად კონკურენტუნარიანი აღარასდროს ყოფილა და „ფერარიდან“ მისი გაშვებაც სწორედ ამის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ „ფერარიში“ ერთიდაიმავე პილოტთან ორჯერ კონტრაქტის დადება არ სჩვევიათ. ბოლოს ამის პატივი გერჰარდ ბერგერს ერგო, რომელიც იტალიურ გუნდში სამ-სამი წლით, 1980-იან და 1990-იან წლებში ასპარეზობდა. ამ მხრივ, რაიკონენს კიდევ უფრო მეტი „მიღწევა“ სქვს - ის „ფერარისგან“ ხელფასს მას შემდგაც იღებდა, რაც გუნდი დაატოვებინეს. ამის სანცვლოდ, ის კონკურენტ გუნდში არ გადავიდა და კარიერა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გააგრძელა. ეს ნთლად მიანიშნებს, რომ „ფერარი“ მაშინაც სათანადოდ აფასებდა ფინელის შესაძლებლობებს. უბრალოდ, მაშინ გუნდში ორი ერთნაირი ამბიციის მქონე პილოტის ყოლა არ სურდათ.

ცნობისათვის, „ფერარი“ ფ1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული საჯინიბოა. მას კონატრუქტორთა 16 თასი და პილოტების 15 ტიტული აქვს მოპოვებული. რაც შეეხება რაიკონენს, 2007-2009 წლებში წითელი მანქანებით ცხრა რბოლა აქვს მოგებული და როგორც ჩანს, ამ მონაგარს მალე გაამდიდრებს.

No comments:

Post a Comment