დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 26, 2013

„ინსიგნია OPC“ განახლდა და გაძლიერდა

New Insignia OPC: World Premiere for the Ultimate Opel Powerhouse
26 აგვისტო
ეს უნივერსალი, სახელად „ინსიგნია OPC“, აქამდეც გერმანული კომპანიის სამოდლო გამის ყველაზე მძლავრი და ტემპერამენტიანი ავტომობილი იყო. ამიერიდან კი ის კიდევ უფრო დაიხვეწა და გალამაზდა. რეალურად, „ოპელის“ პირველი ავტომობილი, რომელზეც კონცეპტუალური „მონცას“ ახალი სტილის ელემენტები დაინერა, სწორედ „ინსიგნია OPC-ა“.
პირველ რიგში, ეს მსგავსება რადიატორის ცხაურებსა და მათ გასწვრივ „გავლებულ“ ქრომირებულ ზოლშია, რომელზეც კომპანიის ლოგოა მოთავსებული. განახლებულ ავტომობილს ახალი წინა ფარები, წინა და უკანა ბამპერები, ჰაერის დამატებითი ამღებები აქვს. უკანა ფარებს კი დაახლოებით ისეთივე ქრომირებული ზოლი აკავშირებს, როგორიც რადიატორზეა მოთავსებული და მასზეც ლოგო ზის.
მოდიფიკაცია შასისაც შეეხო. განსაკუთრებით კი მის უკანა ნაწილს, რომლის საკიდარშიც, კომპანიის განცხადებით, 60-მდე დეტალია შეცვლილი. თუ რა შეიცვალა, ეს ჯერ რიუსელსჰაიმელებს არ დაუკონკრეტებიათ. სამაგიეროდ, ისინი ამაყობენ იმით, რომ გაუმჯობესდა სალონის ვიბრო და აკუსტიკური იზოლაცია. განსხვავებულად მომართეს სტაბილიზაციის სისტემა, რისი დანიშნულებაც ისაა, რომ ავტომობილის არასაკმარისი მოხვევადობისკენ მიდრეკილება გამოასწოროს. ასევე შეცვლილია ადაპტირებადი ამორტიზატორების მახასიათებლები.
არ შეცვლილა ძრავი და მისი მახასიათებლები. ავტომობილს მამოძრავებელი ძალით ისევ 2.8-ლიტრიანი ტურბო კომპრესორიანი V6 ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 320 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 435 ნიუტონმეტრი. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური (ოპციის სახით, ავტომატურის დაყენება შეიძლება) კოლოფია დაკავშირებული. ამ წყვილის დახმარებით, სრულ ამძრავიან სედანს ადგილიდან ასის აკრეფა 6.0 წამში შეუძლია, უნივერსალის ძარით (ვერსია სპორტს ტურერი) კი იმავე აჩქარებას 6.3 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე სტანდარტული შესრულებით, 250 კმ/სთ ნიშნულზეა შეზღუდული, შეზღუდვის გარეშე კი 270 კმ/სთ-ს (უნივერსალისა 265 კმ/სთ-ს) აღწევს.
საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ტემპერამენტის მოთოკვას „ბრემბოს“ მუხრუჭები ემსახურება, რომლებიც ინტენსიური დამუხრუჭების დროსაც კი, ავტომობილს მაქსიმალურ სტაბილურობას უნარჩუნებს. „ინსიგნია OPC“ ასევე აღჭურვილია ელექტრონიკით კონტროლირებადი 4X4 სისტემით, რომელშიც ინკორპორირებულია „ჰალდექსის“ პრინციპით მომუშავე ქურო და ელექტრონული გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი. ეს უკანასკნელი, საჭიროების შესაბამისად, წინა და უკანა ღერძებს შორის, ასევე უკანა ბორბლებს შორის, მაბრუნ მომენტს 0-100 პროცენტის დიაპაზონში ანაწილებს. ეს ყველაფერი, ელექტრონიკის მიერ მართვად პრემიუმ შასი „ფლექსრაიდთან“ ერთად, ავტომობილის მართვის და კონტროლის უმაღლეს სტანდარტს აყალიბებს.

სალონშიც ყველაფერი „ინსიგნია OPC-ს“ ტემპერამენტის შესაბამისადაა მოწყობილი. იქ „რეკაროს“ სპორტული სავარძლები დაგხვდებათ. სრულიად შეცვლილი არის მაჩვენებლების დაფა და ცენტრალური კონსოლი, რომლებიც პრემიუმ დონეზე შესრულდა. 8-დუიმიან მონიტორზე მრავალფეროვანი ინფორმაციის გამოტანა შეიძლება. მათ შორის, ავტომობილზე მოქმედი გადატვირთვების შესახებ (g-ფორსი). როდესაც ავტომობილი ავტომატური კოლოფითაა აღჭურვილი, რომელსაც მექანიკურ რეჟიმში მუშაობის ოპციაც აქვს, საფეხურების გადამრთველები საჭის რგოლის უკან თავსდება.
„ინსიგნია OPC-ს“ პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment