დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 15, 2013

„ბეემვე“ მე-8 სერიას ჯერჯერობით არ გამოუშვებს

BMW 8-series return denied by bosses
15 აგვისტო
გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობას ფლაგმან კუპესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. არადა, ასეთი ავტომობილით, „ბეემვეს“ საშუალება ექნება, კონკურენცია „ბენტლი კონტინენტალ GT-ს“ გაუწიოს. თანაც, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბავარიელებმა სახელი მე-8 სერია დააპატენტეს და მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის გამოყენებას სწორედ ფლაგმან კუპესთვის აპირებენ.
ეს ვარაუდი მას შემდეგ უფრო სარწმუნო გახდა, რაც ვილა დ’ესტეს (იტალია) ელეგანტურობის კონკურსზე, „ბეემვემ“ და „პინინფარინამ“ ერთობლივი კონცეპტუალური პროდუქტი - „გრან ლუსო კონცეპტი“ წარადგინეს. ამ ავტომობილმა ფესტივალის დამსწრეთა, სპეციალისტთა და მედიის მოწონება დაიმსახურა. და ყველა მას მომავალ მე-8 სერიას უკავშირებდა.
მაგრამ ბრიტანულ პოპულარულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, „ბეემვეს“ კვლევისა და განვითარების შეფმა ჰერბერტ დისმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, დაიწყება თუ არა მე-8 სერიის კუპეს წარმოება: „კონცეპტუალურმა „გრან ლუსომ“ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ჩვენ მის წარმოებაზე უარი არ გვითქვამს, მაგრამ შესაბამის გადაწყვეტილებამდეც არ მივსულვართ“.
კონცეპტუალური ოთხადგილიანი „გრან ლუსო“ იმავე უკანა ამძრავიან პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელზეც ბავარიული კომპანია თავის ფლაგმან სედან მე-7 სერიას აწარმოებს. ამასთან, მისივე V12 ძრავითაცაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 544 ცხენის ძალას აღწევს. ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული.
შეგახსენებთ, რომ მე-8 სერიის კუპეს „ბეემვე“ 1989-1999 წლებში აწარმოებდა. სიძველის მიუხედავად, ეს ავტომობილი ახლაც კი ძალიან პოპულარულია ბავარიული კომპანიის თაყვანისმცემლებს შორის.

No comments:

Post a Comment