Ford to enter 2014 Dakar Rally with two
purpose-built Rangers
30 ივლისი
„ფორდმა“ დაადასტურა, რომ დაკარის 2014 წლის
რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, რაშიც თავისივე სამხრეთაფრიკული დივიზიონი
დაეხმარება. ამერიკული კომპანია რალი მარათონზე ორ ეკიპაჟს გამოიყვანს, რომლებიც
სპეციალურად მომზადებულ პიკაპ „რეინჯერებით“ იასპარეზებენ. მათგან ერთის საჭესთან არგენტინელი
ლუსიო ალვარესი მიუჯდება, მეორესას კი - სამხრეთ აფრიკელი კრის ვისერი.
ალვარესმა წლევანდელ დაკარზე „ტოიოტათი“ იასპარეზა,
ის პირველ სპეცმონაკვეთზე გამარჯვებასთან ახლოს იყო. მერე პრობლემები შეექმნა და 27-ე
ადგილზე გადაინაცვლა. საბოლოოდ კი რბოლა მეათე ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება
ვისერს, ის 2011 წელს სამხრეთ აფრიკის ჩემპიონი გახდა ქროსში და დაკარზე პირველად
იასპარეზებს.
„ძალიან ვამაყობთ იმით, რომ სამხრეთ აფრიკაში
მომზადებულ „რეინჯერებს“ დაკარზე გამოვიყვანთ. ეს რბოლა ადამიანის და მანქანის
ურთულესი გამოცდაა და გვიხარია, რომ ამ რბოლაში ასპარეზობის საშუალება გვეძლევა.
ჩვენ გვყავს ფენომენალური გუნდი, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო
ავტორიტეტის მქონე სპეციალისტები არიან თავმოყრილნი“, - ამბობს „ფორდის“
სამხრეთაფრიკული შტოს პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ჯეფ ნემეტი.
ორ სარბოლ „რეინჯერს“ პიტერმარიცბურგში ბაზირებული
კომპანია „ნილ ვულდრიჯ მოტორსპორტის“ და „ფორდის“ გლობალური პროდუქციის
განვითარების ჯგუფის სპეციალისტები ამზადებენ. ერთი მანქანა უკვე მზადაა და მის ტესტირებას
მალე დაიწყებენ. მეორე მანქანა კი მზად ოქტომბერში იქნება.
სარბოლ „რეინჯერს“ მთლიანად კომპოზიტისგან დამზადებული
ძარა აქვს, რითაც ავტომობილის წონა შემცირდა. ავტომობილი აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8
ძრავით, რომელიც 349 ცხენის ძალას (4500 ბრ/წთ-ზე) და 560 ნიუტონმეტრს (4100
ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ძრავთან დაკავშირებულია „სადევის“ წარმოების 6-საფეხურიანი
სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, რომლის მიერ გადამუშავებული მაბრუნი მომენტიც
ოთხივე ბორბალს მიეწოდება. ორივე ღერძზე გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი დგას.
საწვავის ავზის მოცულობა 500 ლიტრია.
ასეთი დიდი ავზის დაყენება, ძრავის უზარმაზარმა
აპეტიტმა განაპირობა. ქვიშიან გზებზე მოძრაობისას, ის 100 კილომეტრზე 90 ლიტრ (!) საწვავს
მოიხმარს, ჩვეულებრივ გზაზე კი ხარჯი 28 ლიტრამდე მცირდება. თუმცა, დაკარის მონაწილეებს
ძრითადად გაუკვალავ გზებზე ასპარეზობა უწევთ ხოლმე...
დაკარის
2014 წლის რბოლა 5-18 იანვარს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ჩატარდება. ამასთან, რბოლა
პირველად გადაკვეთავს ბოლივიის საზღვარს. რბოლის დსტანცია 8500 კილომეტრზე მეტია.
ის არგენტინის როსარიოში იწყება და ჩილეს ვალპარაისოში დასრულდება.
No comments:
Post a Comment