დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 26, 2013

მეორე თაობის „ძალიან მსუბუქი ავტომობილი“

Next-generation Very Light Car architecture takes center stage
25 ივნისი
მას შემდეგ, რაც საავტომობილო ინოვაციების კონკურსი X პრაიზი მოიგო (2010 წელს), გამარჯვებული გუნდი „ედისონ2“ არ დაშლილა და მუშაობა გააგრძელა თავის „ძალიან მსუბუქ ავტომობილზე“, რომლის ბაზაზეც ჯერ ელექტრომობილი შეიმუშავა (2011 წელს), შემდეგ კი ავტომობილის შასის სრულყოფა გადაწყვიტა და თავისი გარჯის შედეგი ჰენრი ფორდის მუზეუმში წარადგინა.
ავტომობილის გარეგნობა მომავლის ავტომობილების თემას შეესაბამება. თუმცა, ეს მთავარი არაა. უფრო სწორედ, ამას თავისი მიზეზი აქვს - პროექტის ავტორებმა მაქსიმალურად მსუბუქი სტრუქტურა შექმნეს, რათა კონკურს X პრაიზის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. პირველი ავტომობილი 376 კილოგრამს იწონის და მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.160-ია.
მეორე პროექტზე მუშაობისას, აქცენტი ისევ აეროდინამიკაზე გაკეთდა და რა თქმა უნდა, ინჟინრებმა ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ წონა ძალიან არ გაზრდილიყო. არადა, ამჯერად მათ კონკურსის პირობები არ ზღუდავდა, მიზანი კი საგზაო პირობებისათვის მისადაგებული „ძალიან მსუბუქი ავტომობილის“ შექმნა იყო.
ამიტომ, ავტომობილი ბევრი ისეთი ელემენტით აღიჭურვა, რომლებიც პირველ ავტომობილს არ სჭირდებოდა. მაგალითად, უკანა ხედვის სარკეებით. ამასთან, სალონმაც მოცულობაში მოიმატა. შასი ალუმინის ფურცლებისგან დაამზადეს. წინა ავტომობილის მზიდი ელემენტი ფოლადის მილებისგან შეკრული კარკასი იყო. მთავარი თავისებურება კი საკიდარის ბორბლებში მოთავსებული სისტემებია. ამის წყალობით, დაიზოგა სივრცე, გაუმჯობესდა მართვა, შემცირდა მასა... საერთო ჯამში, ისედაც ძალიან ეფექტური ავტომობილი, კიდევ უფრო დაიხვეწა.
„ედისონ2-ის“ დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი ოლივერ კატნერი ამბობს, რომ ამ ტიპის საკიდარს, ამჟამად გავრცელებული სისტემების შეცვლა შეუძლია, თუმცა ამას დრო დასჭირდება, რადგან ასეთ რევოლუციურ გადაწყვეტებს ბაზარი ძნელად ღებულობს. „ამ პროექტით, ჩვენ სრულიად განსხვავებული ტიპის ავტომობილი შევქმენით... გაცილებით მოსახერხებელი და თვინიერი, რომელიც უკეთ შეესაბამება მომავალს“, - დასძენს კატნერი.
შემთხვევითი არაა, რომ პირველად ამ ახალი ავტომობილის ჩვენება ავცტოინდუსტრიის პირველი რევოლუციონერის სახელობის მუზეუმში შედგა. ლეგენდარული „მოდელ T-ს“ მსგავსად, მეორე „ძალიან მსუბუქი ავტომობილიც“ რევოლუციურია. კომპანია არ აზუსტებს, აპირებს თუ არა ამ ავტომობილის ბაზარზე გამოტანას. სამაგიეროდ, რელიზში აღნიშნულია, რომ VLC-ს კარგი პერსპექტივა აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

No comments:

Post a Comment