დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, June 27, 2013

„პორშე პანამერა“ და „ბენტლი კონტინენტალი“ საერთო პლატფორმაზე აიგება

Next Porsche Panamera to Share Platform with the Future Bentley Continental
27 ივნისი
„პორშე“ მეორე თაობის „პანამერას“ ალბათ 2015 წელს გამოუშვებს და ეს ავტომობილი იმავე პლატფორმაზე იქნება ბაზირებული, რომელსაც „ბენტლი“ თავისი მესამე თაობის „კონტინენტალისა“ და მისი ოჯახისთვის გამოიყენებს. შესაძლოა, ვინმეს ეს არ მოეწონოს და თქვას, რომ „პორშე“ ინდივიდუალობას დაკარგავს, მაგრამ რეალურად, გერმანულ კომპანიას ასეთი საზიარო პლატფორმა ბევრ თანხას დააზოგინებს, რაც მის კონკურენტუნარიანობას ძლიერ გამოადგება.
როგორც საავტომობილო ინტერნეტ გამოცემა „ედმუნდსი“ იუწყება, ორივე ავტომობილისთვის „ფოლკსვაგენის“ მოდულურ პლატფორმა MSB-ს გამოიყენებენ. ამ პლატფორმაზე ძრავი წინაა განლაგებული, წამყვანი კი უკანა ბორბლებია. ახალი პლატფორმის მიუხედავად, ახალი „პანამერა“, რომელიც პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე ნაჩვენებ კონცეპტუალურ „პანამერა სპორტ ტურიზმოს“ სტილში შესრულდება, ახლანდელ შეთანწყობას შეინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ მის სალონში, ცენტრალურ ადგილს კარდანის გვირაბი დაიკავებს, სავარძლები კი მაქსიმალურად დაბლა განლაგდება.
ორივე კომპანიის ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით, „ედმუნდსი“ ასევე გვატყობინებს, რომ „პორშესაც“ და „ბენტლისაც“ სურდათ, რომ ის პლატფორმა არ გამოეყენებინათ, რომელსაც „აუდი“ თავის ტოპ მოდელებისთვის იყენებს. ისინი ამას იმით ხსნიან, რომ თავიანთი ავტომობილების დინამიურობისადმი გაცილებით მკაცრი მოთხოვნები აქვთ.
MSB პლატფორმის მთავარიღირსება ისაა, რომ ის ადვილად მიესადაგება თავისი აგებულებით ძიერ განსხვავებულ ავტომობილებს. მაგალითად, „ბენტლის“ და „პორშეს“ შემთხვევაში, ძრავი საკმაოდ ახლოსაა განლაგებული წინა ტიხართან და ნაწილობრივ ბორბლებს შორის ბაზის შიგნითაა მოქცეული. „აუდს“ ავტომობილებში კი V8 ძრავი საკმაოდ წინ წაწეულია. ასეთი განსხვავების გადაფარვას, პლატფორმის მოდულური აგებულება ახერხებს. რეალურად, „აუდისთვის“ განკუთვნილი ვერსია, საკმაოდ განსხვავებული იქნება პლატფორმის იმ ვერსიისგან, რომელსაც „პორშე“ და „ბენტლი“ გამოიყენებენ.
ახალ პლატფორმას ალუმინისა და მტკიცე ფოლადისგან დაამზადებენ. ამის გამო, ახალი „პანამერაც“ და „კონტინენტალიც“, წინამორბედებთან შედარებით, წონაშიც დაიკლებენ და ქრეშ ტესტების უმაღლეს სტანდარტებსაც დააკმაყოფილებენ. ორი ავტომობილი ელექტრონულ მოწყობილობებსაც, „ფოლკსვაგენის“ სხვა კომპანიების მოდელებისგან გაიზიარებს - „პორშეც“ და „ბენტლიც“ სწორედ ვოლფსბურგული ავტო გიგანტის დიდი ოჯახის წევრია.
რაც შეეხება ძრავებს, „პანამერა“ ბენზინის და დიზელის V6 და V8 ძრავებით, ასევე პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება. ამასთან, ჰიბრიდულ სისტემაში არ შევა „აუდის“ V6 ბენზინის ძრავი და მას „პორშეს“ ტურბო V6 შეცვლის.

No comments:

Post a Comment