დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 30, 2013

როსბერგმა „მერსედესს“ მეორე გამარჯვება მოუტანა

Rosberg triumphs in Britain after Vettel retires
30 ივნისი
პირელის საბურავების ფოიერვერკი - ეს სათაური კარგად მოერგებოდა ბრიტანეთის დიდი პრიზის რეპორტაჟს. ასევე შეიძლება ვილაპარაკოთ იღბლის ჭირვეულობასა და მცდარ გადაწყვეტილებებზე. ამ გარემოებათა თაიგულმა კი დიდწილად განაპირობა დღევანდელი რბოლის შედეგი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უსამართლობა იქნება, თუ ნიკო როსბერგის გამარჯვებას შემთხვევითობას მივაწერთ.
პირიქით, ფაქტობრივად ის ერთადერთი იყო, რომლის ასპარეზობაზეც გარე ფაქტორებს პრაქტიკულად არ უმოქმედია. მას არც საბურავების ფოიერვერკი შეხებია (ალბათ თავისი ნაკლებად აგრესიული სტილის წყალობით), არც იღბალთან ჰქონდა კონფლიქტი (ალბათ იმის გამო, რომ სხვებზე უკეთ უმკლავდება ადრენლინის მოზღვავებას) და არც თავისი, ან გუნდის მცდარი გადაწყვეტილების გამო დაზარალებულა. რაც მთავარია, მთელი რბოლის განმავლობაში ინარჩუნებდა მაღალ ტემპს.
და მაინც, იღბალმა ნიკოს გამარჯვებაში სოლიდური როლი შეასრულა, რადგან ჯერ ლუის ჰამილტონს რბოლის დასაწყისში აუფეთქდა უკანა მარცხენა საბურავი, მერე კი, რბოლის მიწურულს, სებასტიან ფეტელს გადაცემათა კოლოფმა უმტყუნა. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთელი რბოლის განმავლობაში, ლიდერს 3 წამზე მეტით არ ჩამორჩენია. ერთადრთი ჩავარდნა სტარტზე ჰქონდა, როცა ფეტელმა გაუარა, თუმცა დანარჩენებს დაჩაგვრის საშუალება აღარ მისცა. მოკლედ, როსბერგმა სილვერსტოუნზე მეორე გამარჯვება (ამ სეზონში, კარიერაში კი მესამე) მოიპოვა.
„ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან განსაკუთრებული დღეა. ლუისის უიღბლობის გამო ვწუხვარ, რადგან მისთვის ეს დიდი რბოლა უნდა ყოფილიყო, რითაც აქაურ მაყურებელს ძალიან გაახარებდა. მაგრამ რბოლებში ასეც ხდება ხოლმე. თუმცა, როვა სებასტიანი გაჩერდა, არ მოგატყუებთ და ასე არ მწყენია. აქედან მოყოლებული, შესანიშნავი რბოლა იყო“, - რბოლის შემდგომ, კვარცხლბეკზე გამართულ სახელდახელო პრესკონფერენციაზე, რომელიც დეიმონ ჰილს მიჰყავდა, განაცხადა როსბერგმა. 
ჰამილტონმა სტარტი პოულიდან აიღო და სანამ ტრასაზე იყო, დამაჯერებლადაც ლიდერობდა. მაგრამ მერვე წრეზე მის მანქანაზე უკანა მარცხენა საბურავი გასკდა და ბრიტანელიც ლიდერობას დაემშვიდობა. ორი წრის შემდეგ, ზუსტად იგივე საბურავი ფელიპე მასას გაუსკდა. ორივემ შეძლო ბოქსებში შესვლა და რეზინის გამოცვლა, მაგრამ ჰამილტონი მეტად დაზარალდა, რადგან სამი ბორბლით გაცილებით მეტი მანძილის გავლამ მოუწია და ტრასაზე დაბრუნებულმა, მე-18 ადგილზე ამოჰყო თავი...
გავიდა ცოტა ხანი და ჟან-ერიკ ვერნსაც უკანა მარცხენა საბურავი გაუსკდა. ფრანგი ჯიუტად აჭიანურებდა რეზინის შეცვლას და ამის წყალობით, ლიდერთა შორის ამოჰყო თავი. მაგრამ ეს ძვირად დაუჯდა. თუმცა, იმავე ჰამილტონისგან განსხვავებით, შედარებით იოლად გამოვიდა - ეს პიტლეინზე შესასვლელში მოუვიდა და მაშინვე იქ „ჩაყვინთა“. სამაგიეროდ, მისმა მანქანამ გზა ნამსხვრევებით აავსო. ეგ კი არა, მისი ნამსხვრევები სხვა მანქანებმა „აიკრეს“ და მთელ სწორზე მოფანტეს.
ამ დროს, ფეტელი დამაჯერებლად ლიდერობდა. მართალია, როსბერგი 2-3 წამის სიშორეზე მოჰყვებოდა, მაგრამ სამგზის ჩემპიონი უფრო ახლოს მდევარს არ უშვებდა. მაგრამ ფინიშამდე ათი წრე რომ რჩებოდა, მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან. დაფიქსირდა უიშვიათესი შემთხვევა - „რედ ბულმა“ ფინიშს ვერ მიაღწია. მანქანა სტარტ-ფინიშზე გამოსასვლელში გაჩერდა.
სამაგიეროდ, ამ დროისთვის უკვე ლიდერთა შორის იყო მისი ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ ვებერი, რომელსაც სტარტზე სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, რის გამოც, პელოტონის მეორე ნახევარში ამოჰყო თავი. ჰამილტონმაც იგივე გზა გაიარა და ალონსოს კუდზე დააჯდა. ლიდერთა შორის იყვნენ ადრიან სუტილი და დანიელ რიკიარდო, რომლებმაც მთელი რბოლა მაღალ დონეზე ჩაატარეს. დაძაბულობას ის მომენტიც ზრდიდა, რომ არავინ იცოდა, ვინ აპირებდა რეზინის მესამედ შეცვლას და ვინ - არა.
ფეტელის გაჩერებას, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა მოჰყვა. ალონსომ მაშინვე ბოქსებს მიაშურა და როსბერგმაც არ დააყოვნა. რეზინი ვებერმაც შეცვალა. დანარჩენებმა გაცვეთილი საბურავით ასპარეზობის გაგრძელება ამჯობინეს. აშკარა იყო, რომ ახალი რეზინით მრბოლებს უპირატესობა ექნბოდათ და ეს რესტარტისთანავე დადასტურდა. როგორც კი ტემპი გაიზარდა, მაშინვე კიდევ ერთი საბურავი გასკდა, ამჯერად სერხიო პერესის „მაკლარენზე“. ოღონდ ამჯერად რბოლა აღარ შენელებულა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ვებერმა და ალონსომ, ამასთან ერთად კი ჰამილტონმაც, ვინც საბურავების მეორე კომპლექტით ასპარეზობდა, ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიტოვეს მეტოქეები, მათ შორის კიმი რაიკონენიც, რომელსაც „ლოტუსმა“ რატომღაც ბოქსებში არ უხმო. და საბოლოოდ, კვარცხლბეკზე დაიკავეს ადგილები. ბოლოს ვებერი როსბერგსაც დაეწია, მაგრამ გერმანელმა გასწრების საშუალება აღარ მისცა. ვებერი, რომელსაც წინა სამ რბოლაში სილვერსტოუნზე ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული, ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა.
მასამაც კარგად იასპარეზა და ჰამილტონის მსგავსად, ლამის მთელი პელოტონი გაიარა და საბოლოოდ, მე-6 ადგილს დასჯერდა. რაიკონენი გაწბილებული დარჩა - ალონსოსთან და ფეტელთან ჩამორჩენის შემცირების რეალური შანსი ჰქონდა. ფეტელთან კი შეამცირა, მაგრამ ალონსოსთან პირიქით. თუმცა, ერთ ხეირს მაინც გამოჰკრა ხელი - ფ1-ის რეკორდსმენი ზედიზედ ქულებში დამთავრებული რბოლების რაოდენობით. ამ მხრივ, ბრიტანული რბოლა 25-ე იყო.
სხვათა შორის, საბურავების ფოიერვერკს ორი „მუხტი“ დააკლდა: რბოლის შემდეგ, „რედ ბულის“ პერსონალმა აღმოაჩინა, რომ ფეტელის მანქანაზე უკანა მარცხენა საბურავს ნაკვეთი ჰქონდა და გერმანელი ტრასაზე რომ დარჩენილიყო, აუცილებლად გასკდებოდა. როსბერგის უკანა მარცხენა საბურავს კი ზედა ფენა მთლიანად მოცვეთილი ჰქონდა. ასე რომ, ზემოთ იღბალი ტყუილად არ გვიხსენებია...

ბრიტანეთის დიდი პრიზი
სილვერსტოუნი, დისტანცია 306.198 კმ (5.891 კმ, 52 წრე)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:32:59.456
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     +00:00.765
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  00:07.124
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         00:07.756
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         00:11.257
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:14.573
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              00:16.335
8. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     00:16.543
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            00:17.943
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              00:19.709
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    00:21.135
12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 00:25.094
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             00:25.969
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               00:26.285
15. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     00:31.613
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     00:36.097
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   01:07.660
18. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  01:07.759
19გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)             1 წრე
20გ. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                   6 წრე
გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            11 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             16 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ ვებერი - 1:33.401, 52-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 132 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 111; 3. კიმი რაიკონენი - 98; 4. ლუის ჰამილტონი - 89; 5. მარკ ვებერი - 87; 6. ნიკო როსბერგი - 82; 7. ფელიპე მასა - 57; 8. პოლ დი რესტა - 36; 9. რომენ გროჟანი - 26; 10. ჯენსონ ბატონი - 25; 11. ადრიან სუტილი - 23; 12. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 13. სერხიო პერესი - 12; 14. დანიელ რიკიარდო - 11; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 6

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 219 ქულა; 2. მერსედესი - 171; 3. ფერარი - 168; 4. ლოტუს-რენო - 124; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 59; 6. მაკლარენ-მერსედესი - 37; 7. ტორო როსო-ფერარი - 24; 8. ზაუბერ-ფერარი - 6

No comments:

Post a Comment