დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 22, 2013

ტრაგედია ლე მანზე

Danish driver Allan Simonsen dies at Le Mans
22 ივნისი
ტრაგიკული გამოდგა ლე მანის 24-საათიანი რბოლის დასაწყისი - სტარტიდან მესამე წრეზე, 34 წლის დანიელ ალან სიმონსენს ავარია მოუვიდა, რომლის დროს მიღებული მძიმე ტრავმებიც მისთვის სასიკვდილო გამოდგა. ეს ლეგენდარულ რბოლაში, ბოლო 27 წლის განმავლობაში მომხდარი პირველი ფატალური შემთხვევაა.

რბოლის მეათე წუთზე, სიმონსენის „ასტონ მარტინი“, მოსახვევ ტერტრ რუჟში მაღალი სიჩქარით ბეტონის კედელს შეასკდა. ექიმების თქმით, სიმონსენს უშუალოდ ავარიის შემდეგ გონება არ დაუკარგავს, ის ექიმებს ესაუბრებოდა კიდეც. მაგრამ ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაყვანის შემდეგ, მოულოდნელად გარდაიცვალა.
„ასტონ მარტინის“ შეფმა დევიდ რიჩარდსმა ტრაგიკული ამბავი დაუყოვნებლივ შეატყობინა სიმონსენის ოჯახს. ოჯახის წევრებს მისთვის უთხოვიათ, რომ ალანის პატივისცემის ნიშნად, გუნდს რბოლა გაეგრძელებინა. აღსანიშნავია, რომ სიმონსენმა ასპარეზობა GTE Am კლასის პოულიდან დაიწყო. დანიელი მრბოლი ლე მანზე მეშვიდედ ასპარეზობდა და ლე მანის სერიის რბოლებში ერთ-ერთ უსწრაფეს პილოტად იყო მიჩნეული. ლე მანზე მისი საუკეთესო შედეგი აბსოლუტურში მე-12, GT2 კლასში კი მეორე ადგილი (2010 წელს) იყო.
რიჩარდსმა სიმონსენის ოჯახს თხოვნა შეუსრულა და რბოლის რვა საათის შემდეგ, „ასტონ მარტინს“ თავის კლასში მოწინავე პოზიცია ეკავა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული კომპანიის ერთ-ერთ ეკიპაჟში, ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ბრაზილიელი ბრუნო სენა ირიცხება. სიმონსენის ეკიპაჟს (ნომერი 95) კი მხოლოდ დანიელი მრბოლები - კრისტოფერ ნიგაარდ და კრისტიან პოულსენი წარმოადგენდნენ. რბოლის წინ, სიმონსენი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მიუხედავად იმისა, რომ „ასტონ მარტინს“ გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაინც უმაღლესი მიზნის მიღწევას იმედოვნებდა.
სიმონსენის ავარიის შემდეგ, პირველი საათის განმავლობაში, რბოლას პეისკარი უზღვებოდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მანქანამ დამცავი ზღუდე ძლიერ დააზიანა და მის რემონტს დიდი დრო დასჭირდა.

სიმონსენამდე ბოლო მრბოლი, რომელიც ლე მანის რბოლისას დაიღუპა, ფ1-ის ყოფილი პილოტი, ავსტრიელი ჯო გარტნერი იყო. 1986 წლის რბოლისას, მისი „პორშე“ 300 კმ/სთ სიჩქარით, ბეტონის კედელს შეასკდა და გაარღვია. მანქანას ცეცხლი წაეკიდა, პილოტი კი კისრის ტრავმის შედეგად დაიღუპა. 1997 წლის რბოლის წინა-საკვალიფიკაციო სესიაზე კი ფრანგი სებასტიან ენჟოლრა დაიღუპა.

No comments:

Post a Comment