დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 29, 2013

„რენო მეგანი“ R-ლინკით და ვარიატორით - ეკონომიური სიამოვნება

29 აპრილი
ახალ ტელეფონს რომ იყიდი, რომლის მწარმოებელიც ტექნოლოგიურ სიახლეებს გთავაზობს და თავიდან გიჭირს სიახლის და ამ ყველაფრის შეგუება, დაახლოებით იგივე გრძნობა დაგვეუფლა, როდესაც უსაფეხურო ვარიატორით და მულტიმედიურ სისტემა R-ლინკით აღჭურვილი „რენო მეგანით“ პირველი კილომეტრები გავიარეთ. ამის საშუალება, „რენოს“ რუსეთის წარმომადგენლებმა, ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების - ბელარუსის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ჟურნალისტებს მისცეს. სიახლეების ტესტირებისთვის კი სამხრეთ პოლონეთის ქალაქები და მათი დამაკავშირებელი გზები აირჩიეს.

„მეგანი“ მთელს ევროპაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაშიც, პოპულარობით სარგებლობს. ამჟამად ბაზარზე მესამე თაობის „მეგანი“ იყიდება, რომლის დებიუტიც 2008 წელს შედგა და მალე მისი მეოთხე თაობაც უნდა გამოვიდეს. ავტომობილს ფეისლიფტინგი შარშან ჩაუტარდა და თითქოს, მეოთხე თაობის გამოსვლამდე, განახლება აღარ სჭირდებოდა, მაგრამ C-სეგმენტში არსებულმა მკაცრმა კონკურენციამ, ფრანგულ კომპანიას კიდევ ერთი განახლებისკენ უბიძგა, რომელიც გარეგნობას დიდად არ შეხებია, თუმცა ავტომობილის აღჭურვილობაში რამდენიმე საინტერესო სიახლე კი შეიტანა.
ეს სიახლეებია: მულტიმედიური სისტემა R-ლინკი, ახალი 1.6-ლიტრიანი ძრავი და მასთან დაკავშირებული უსაფეხური ვარიატორი და სალონის გაფორმებაში შეტანილი სიახლეები, რომელთა მიზანიც, კომფორტის გაუმჯობესება და დიზაინის დახვეწა იყო. და უნდა ითქვას, რომ ამ სიახლეებმა ავტომობილს ხასიათი რადიკალურად შეუცვალეს. სიახლეთაგან მთავარი პირველი ორია.

R-ლინკი
სისტემა R-ლინკის მთავარი დეტალი, 7-დუიმიანი სენსორული მონიტორია, რომლის მართვის პულტიც, ცენტრალური კონსოლის ქვედა ნაწილშია მოთავსებული. სისტემაში გაერთიანებულია სანავიგაციო სისტემა „ტომ-ტომი“, რადიო, მობილური ტელეფონი, რომლის მართვის სისტემაც ეგრეთ წოდებული „თავისუფალი ხელების“ პრინციპით მუშაობს. სისტემასთან სასურველი ფაილის მიერთება შესაძლებელია როგორც ბლიუთუთ არხით, ასევე USB და აუდიო პორტითაც. მონიტორზე შესაძლებელია ასევე ფოტო და ვიდეო ფაილების დათვალიერება.

R-ლინკის მთავარი მენიუდან შესაძლებელია სანავიგაციო ფუნქციით სარგებლობა. ნავიგაციას სასურველი პუნქტების შერჩევის ორი გზა აქვს. ერთია კოორდინტების მითითება. ამისათვის საჭიროა შესაბამისი მონაცემების წინასწარ დადგენა. მეორე კი უბრალოდ, დანიშნულების ადგილის სახელის მითითებაა. და როგორც კი ამას გააკეთებთ, სისტემა უმალ შეგიდგენთ ოპტიმალურ მარშრუტს და მას მონიტორზე წარმოგიდგენთ. სანავიგაციო სისტემა მუდმივად მიგითითებთ არჩეულ ტრაექტორიას და სწორ გზას რომც ასცდეთ, მაშინვე მოძებნის გამოსავალს და სწორ გზაზე დაბრუნების ყველაზე ოპტიმალურ ტრაექტორიას შემოგთავაზებთ. სხვათა შორის, პოლონეთში ტესტირებისას, ერთი-ორჯერ შეცდომა მოგვივიდა და ნავიგაციამ ის წუთებში გამოგვასწორებინა.
ნავიგაციას ხმოვანი სიგნალიც აქვს. ეს კარგია მაშინ, როდესაც ავტომობილის მართვა შედარებით დაძაბულ რეჟიმში გიწევთ და გზიდან თვალის მოწყვეტა გაძნელებულია. და რა თქმა უნდა, შეცდომის დაშვების ალბათობას ამცირებს. სისტემა თქვენთვის სასურველ ენაზე (სამწუხაროდ, ქართულად არა), მარშრუტის შესაბამისად გაძლევთ მითითებებს. მარშრუტის გარდა, ნავიგაცია იძლევა ინფორმაციას სიჩქარის შეზღუდვაზე, დანიშნულების ადგილამდე დარჩენილ მანძილსა და იქ მიღწევის სავარაუდო დროზე. რაც მთავარია, მონიტორი თვალსაჩინო ადგილზე - ცენტრალური კონსოლის ზედა ნაწილში მდებარეობს და მასზე გამოსახული ინფორმაციის მიღება, გზიდან თვალის წამიერი მოწყვეტითაც ადვილად შეიძლება.
აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ნავიგაციით სარგებლობისთვის საჭიროა, რომ ამათუიმ ქვეყნის, ქალაქის და ტერიტორიის ნაწილის რუქა, შეტანილი იყოს საერთაშორისო სისტემის ბაზაში. ამ მხრივ კი ყოფილი საბჭოეთის ქვეყნები, ევროპას ჩამორჩებიან. რუქების სისტემა სრულყოფილი არაა და ხშირად, დიდი ქალაქებიდან დაშორებისთანავე, ის არაეფექტური ხდება. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. მოკლედ, სანავიგაციო სისტემა, რალის ეკიპაჟის მეორე წევრის - შტურმანის მოვალეობას ასრულებს.

1.6-ლიტრიანი ძრავი და ვარიატორი X-ტრონიკი
ეს ძრავი, რომელიც 114 ცხენის ძალას ავითარებს, „რენო-ნისანის“ ალიანსის მიერაა შექმნილი. ის თავის წინამორბედზე მძლავრიცაა და მასზე მეტ მაბრუნ მომენტსაც (155 ნმ 4000 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. ძრავი კარგი მიმღებიანობით, შემცირებული ხარჯით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა. მისი დახმარებით, „მეგანის“ ადგილიდან ასამდე აჩქარების დრო ორი წამით - 11.9 წამამდე შემცირდა. ასევე, საშუალო ბრუნვებზე ის უკეთესი ელასტიურობითაც გამოირჩევა.
ამ შედეგებს კონსტრუქტორებმა გაზგამანაწილებელი სისტემისა და გამოსაბოლქვი კოლექტორის დახვეწით მიაღწიეს. გაზგამანაწილებელ სისტემას, შემშვები და გამომშვები სარქველების გახსნა-დახურვის ცვალებადი ფაზები აქვს. მისი წყალობით, დაბალ ბრუნვებზე გაზრდილია მაბრუნი მომენტი, მაღალზე კი - სიმძლავრე. სისტემა გამონაბოლქვში მავნე მინარევების შემცველობას ამცირებს. რაც შეეხება ახალ შემშვებ კოლექტორს, ის ცილინდრებში ჰაერის მიწოდებისას, აეროდინამიკურ წინააღმდეგობას ამცირებს, რითაც საწვავი ნარევის უკეთ წვას უწყობს ხელს. ამის შედეგად კი, მცირდება საწვავის მოხმარება და იზრდება სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი.
გარდა ამისა, ძრავს აქვს ალუმინისგან ჩამოსხმული ბლოკი, რისი წყალობითაც, მისი წონა 24 კილოგრამით შემცირდა. ყოველ ცილინდრს ორ-ორი ფრქვევანა ემსახურება, რაც წვის კამერაში საწვავის და ჰაერის ოპტიმალურ შერევას და შედეგად, სრულფასოვან წვას უწყობს ხელს. ამის პირდაპირი შედეგია გამონაბოლქვში მავნე მინარევების შემცირება და ძრავის ეკონომიურობის გაუმჯობესება. ამასთან, მოხახუნე დეტალების ზედაპირები, კერძოდ დგუშების კალთები, გრაფიტითაა დაფარული, რაც ხახუნის შემცირებას და აქედან გამომდინარე, სიმძლავრის დანკარგების შემცირებას უწყობს ხელს. შედეგად (წინა ფაქტორების წყალობითაც), იზრდება ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი.
უსაფეხურო ვარიატორი X-ტრონიკიც ფრანგულ-იაპონური ალიანსის პროდუქტია. მისი სამუშაო რეჟიმი ავტომატურია, ოღონდ საფეხურების შეცვლის გარეშე მუშაობს - გადაცემის რიცხვი საფეხურების გარეშე, თანაბრად იცვლება და ამის გამო, ასეთ ტრანსმისიასთან ტანდემში მუშაობისას, ძრავის ბრუნთა რიცხვები არ კლებულობს და ავტომობილის სიჩქარის ზრდასთან ერთად, ბრუნვებიც უწყვეტად იზრდება. ეს კი საწვავის ხარჯის შემცირებას უწყობს ხელს, რადგან აქსელერატორზე ფეხი მუდმივად დაჭერილია (მექანიკური კოლოფის მუშაობისას, საფეხურის ყოველი შეცვლის შემდეგ, გაზს აწვებით, რაც საწვავის ინტენსიურ მოხმარებას იწვევს). მოკლედ, ვარიატორი საწვავის ხარჯის შესამცირებლად დააყენეს, თუმცა მას ერთი მინუსი აქვს აქსელერატორზე მკვეთრი ზეწოლისას ყოვნდება (ფიქრობს) და სიჩქარესაც თანდათან, უმატებს. მაგრამ ტემტერამენტიანებისთვის, კოლოფს აქვს მექანიკური რეჟიმი, რომლის დახმარებითაც, სასურველი ტემპით აჩქარებაა შესაძლებელი. ძრავი კი ადრენალინს არ მოგაკლებთ.


ხარჯი და სხვა
განახლებული „მეგანის“ მახასიათებლებში აღნიშნულია, რომ ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, 6.6 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. ეს არის საშუალო ციკლის მონაცემი, რაც 0.9 ლიტრით ნაკლებია წინამორბედი ძრავის ხარჯზე. ასეთი ხარჯი ავტომობილის მშვიდ რეჟიმში მართვით მიიღწევა. მაგრამ თუ მაღალი სიჩქარით ივლით და მკვეთრ აჩქარებებსაც ხშირად გამოიყენებთ, მაშინ ხარჯი გაიზრდება. სხვათა შორის, ტესტების შუალედში ჩატარებულ პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ავტომობილის განახლებისას, ინჟინრების მთავარი მიზანი, ქალაქის პირობებში მოძრაობისას, საწვავის ხარჯის შემცირება იყო, რასაც მათ კარგად გაართვეს თავი.
უნდა ითქვას, რომ ავტომობილი სასიამოვნო სამართავია. ჯერ ერთი, საკიდარი საკმარისად რბილია იმისათვის, რომ შორეულმა მგზავრობამ არ დაგღალოთ და იმავდროულად, საკმარისი სიხისტეც აქვს იმისათვის, რომ ავტობანების ღია მოსახვევები, სიჩქარის შეუმცირებლად გაიაროთ. გარდა ამისა, საკიდარის დამსახურებაა ისიც, რომ სიჩქარე პრაქტიკულად არ იგრძნობა და მხოლოდ სპიდომეტრზე დიდი ციფრებით გამოსახული სიჩქარის დანახვისას ხვდები, რომ კარგი იქნება, თუ მარჯვენა ფეხს დაასვენებ. აქ კი კრუიზ კონტროლი დაგეხმარებათ - მიუთითეთ სასურველი მაქსიმალური სიჩქარე და ავტომობილი თავისით შეინარჩუნებს მას. თანაც ისე, რომ მარჯვენა ფეხს აქსელერატორის სატერფულს არც შეახებთ.
რაც შეეხება საჭის მექანიზმს, მას ელექტროგამაძლიერებელი აქვს, რომელიც ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად, ან ძალიან რბილია (დაბალ სიჩქარეზე), ან საკმაოდ მძიმდება იმისათვის, რომ გზა უკეთ იგრძნო. ოღონდ არა ისე, რომ ხელების დაღლა გამოიწვიოს. მოკლედ, ორდღიანი ტესტები (რომელთა დროსაც დაახლოებით 600 კილომეტრი გავიარეთ) საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ავტომობილთან „შენობით გველაპარაკა“...

No comments:

Post a Comment