დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 11, 2013

„აუდი სკორპიონი“ „ლაფერარის“ და სხვა სუპერების კონკურენტი იქნება

Audi to Sting LaFerrari, McLaren Competition with Scorpion Supercar
11 აპრილი

ბოლო 13 სეზონში, „აუდიმ“ 11-ჯერ მოიგო ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლა, ერთხელ კი ფაქტობრივად მის მიერ მომზადებული მანქანით, მისმა ბრიტანელმა „ნათესავმა“ „ბენტლიმ“ გაიმარჯვა. ბუნებრივია, გერმანულმა კომპანიამ სარბოლი ტექნიკის ტექნოლოგიები ძალიან დახვეწა და განავითარა. ბოლო სეზონებში კი სარტეს ტრეკზე დიზელითა და ჰიბრიდული აგრეგატებითაც კი ბატონობს. და სულაც არაა გასაკვირი, რომ ინგოლშტადტელებმა, ამ უზარმაზარი გამოცდილების სერიულ წარმოებაში გამოყენებაც მოისურვეს.

მოკლედ, „აუდიმ“ სუპერ ავტომობილის გამოშვება გადაწყვიტა. მას სახელად „სკორპიონს“ დაარქმევენ და სარბოლ პროტოტიპ „R18 e-ტრონ კვატროს“ (ფოტოზე) ბაზაზე შეიმუშავებენ. სწორედ იმ ავტომობილის, რომლითაც ოთხმა რგოლმა ლე მანის შარშანდელი ტიტული მოიპოვა. ეს შესანიშნავი ბაზისია იმისათვის, რომ ახალმა ავტომობილმა კონკურენცია „ფერარის“ უახლეს სუპერ ავტომობილ „ლაფერარის“, „მაკლარენის“ ასევე უახლეს P1-ს და ნათესავი „პორშეს“ 918-ს გაუწიოს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ბაზარზე ჯერ არ გამოსულა.
ჟურნალ „ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, „აუდის“ სუპერ ავტომობილის დიზაინი ამ ეტაპზე განხილვის სტადიაშია. განიხილება რეტრო სტილი და R18-ის ბაზაზე, მისი მსგავსი გარეგნობის შემუშავება. ყოველ შემთხვევაში, შასის სწორედ ამ უკანასკნელისგან მიიღებს. ეს კი ნიშნავს, რომ ის კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკს დაეყრდნობა. ძარა კი აქტიური აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვება.
„სკორპიონი“ თავისი ტიტულოვანი დონორისგან ჰიბრიდულ დანდგარსაც გაიზიარებს, რომელშიც დიზელის 3.7-ლიტრიანი V6 და ელექტროძრავი შედის. პირველის სიმძლავრე 600 ცხენის ძალას აღწევს, მეორისა კი - 100 ცხენის ძალას. დიზელის ძრავი მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს, მასთან ორდისკოიანი ქუროთი დაკავშირებული 7-საფეხურიანი რობოტიზებული ტრანსმისიის გავლით მიაწვდის, ელექტროძრავი კი - წინებს. ტრანსმისიასა და ძრავს შორის არსებული მქნევარა, კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გადაამუშავებს, რომლითაც შემდგომში ელექტროძრავი იკვებება.
გერმანული სუპერჰიბრიდი ბაზარზე 2016 ან 2017 წელს გამოვა. მისი ფასი კი დაახლოებით 1 მილიონი ევრო იქნება. სავარაუდოდ, „აუდი“ მხოლოდ 333 ცალ „სკორპიონს“ დაამზადებს.

No comments:

Post a Comment