დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 16, 2013

„ფოლკსვაგენის“ რევოლუციური პლაგ-ინ ჰიბრიდი XL1

VW's Revolutionary XL1 Plug-in Hybrid is the Most Frugal Production Car in the World
16 მარტი
ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას თავიდან ერთლიტრიანს უწოდებდნენ. ამას მარტივი მიზეზი აქვს - პროექტით, მას ასი კილომეტრის გასავლელად მხოლოდ ერთი ლიტრი საწვავი უნდა დაეხარჯა. ბევრი ფიქრის შემდეგ, „ფოლკსვაგენმა“ მისი წარმოება (შეზღუდული) გადაწყვიტა. და აი, სერიული ვერსია ავტომობილისა, სახელად XL1, ჟენევის მოტორ შოუზე ვიხილეთ.
ეს არის უჩვეულო დიზაინის მქონე, ორადგილიანი პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი, რომელსაც ასი კილომეტრის გასავლელად 0.9 ლიტრი დიზელის საწვავი ჰყოფნის. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 21 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
XL1 დიზელ-ჰიბრიდული პლაგ-ინ სისტემითაა აღჭურვილი. დიზელის 0.8-ლიტრიანი ორცილინდრიანი TDI ძრავი 47 ცხენის ძალას იძლევა, ელექტროძრავის მაქსიმუმი კი 27 ცხენის ძალაა. ჰიბრიდულ აგრეგატში ასევე 7-საფეხურიანი DSG ტრანსმისიაა გაერთიანებული, რომელიც შიდაწვის ძრავს ორდისკოიანი ქუროთი უკავშირდება. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 5.5 კილოვატსაათია.
ავტომობილი კომპაქტური გაბარიტებით და ძალიან დახვეწილი აეროდინამიკით გამოირჩევა. მისი გაბარიტებია: სიგრძე 3888 მილიმეტრი, სიგანე 1665 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1153 მილიმეტრი. ძარა კარბონის ბოჭკოთი არმირებული პოლიმერითაა დამზადებული, რაც მის სიმსუბუქეს განაპირობებს. აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.189-ს შეადგენს. შედარებისთვის, ახალი „პრიუსის“ შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 0.25-ია. XL1 მხოლოდ 795 კილოგრამს იწონის.
ეს მსუბუქი და აეროდინამიკურად დახვეწილი ავტომობილი, დამაკმაყოფილებელი დინამიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი 12.7 წამი სჭირდება. აკუმულატორში საკმარისი ენერგია გროვდება იმისათვის, რომ ავტომობილმა 50 კილომეტრის გავლა შეძლოს.
XL1-ის სალონი საკმაოდ მარტივი, სადა და ასკეტურიც კია. მასში მხოლოდ ორი სავარძელია მოთავსებული. ოღონდ, მისი წინამორბედი (2002 და 2009 წლის) კონცეპტუალური „ერთლიტრიანებისგან“ განსხვავებით, სავარძლები ტანდემად კი არაა განლაგებული, არამედ თითქმის გვერდიგვერდ. ოღონდ, მძღოლის სავარძელი ოდნავ წინ წაწეულია. სხვა თავისებურებათაგან აღსანიშნავია XL1-ის თოლიას ფრთის სტილის კარები, უკანა ხედვის ვიდეოკამერები, რომლებმაც სარკეები ჩაანაცვლა, LCD მონიტორები, რომლებზეც ამ კამერების მიერ გადაღებული კადრები გამოისახება და სხვა.

„ფოლკსვაგენს“ ამ უჩვეულო ავტომობილის ფასები ჯერ არ გამოუქვეყნებია. ჟენევაში დადასტურდა ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ XL1-ს მხოლოდ 1000 ცალს დაამზადბენ.

No comments:

Post a Comment