Sunday, March 24, 2013
„აიკონა ვულკანო“ - ჩინური სუპერ ავტომობილი
Icona Vulcano one-off supercar headed for Shanghai
24 მარტი
ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე იმდენი სუპერ ავტომობილის პრემიერა ჩატარდა, ავტოგურმანებს სალაპარაკოდ მთელი წელი ეყოფათ. ან რა უნდა ნახონ მათ ისეთი, რაც „მაკლარენ P1-ს“, „ფერარი ლაფერარის“ და „ლამბორგინი ვენენოს“ დაჩრდილავს? ალბათ, საკითხის ამგვარად დასმა არასწორია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გებულობ, რომ მალე საავტომობილო სამყარო კიდევ ერთ ახალ სუპერს იხილავს. თანაც ჩინურს...
შანჰაიში ბაზირებულმა კომპანია „აიკონამ“ ერთჯერადი სუპერ ავტომობილი „ვულკანო“ შექმნა, რომელსაც პირველად შანჰაის მოტორ შოუზე წარადგენს. ამ ავტომობილზე ჯერ თითქმის არაფერია ცნობილი. „აიკონამ“ ჯერ მხოლოდ მისი ერთი ფოტო ტიზერი ინტერნეტით გაავრცელა.
ცნობილია, რომ ჩინური ვულკანის დიზაინი ფრანგი სამუელ შუფარის მიერაა შემუშავებული, ვისაც ადრე „ნისანის“ და „იაგუარ ლენდ როვერის“ პროექტებზე უმუშავია. „ვოლკანოს“ სუპერ ავტომობილისთვის შეუფერებლად, ძრავი წინ აქვს განლაგებული. ძრავის აგებულება V12-ია, სიმძლავრე კი 900 ცხენის ძალას აღწევს. ოღონდ, ამაში შიდაწვის ძრავს ელექტრული აგრეგატები ეხმარება.
V12 ძრავი სახელოვანი იტალიელი ინჟინრის, კლაუდიო ლომბარდის ხელმძღვანელობით არის შექმნილი. ეს კაცი წლების განმავლობაში, „ფერარის“ ძრავების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ფ1-ის იმ მანქანების ძრავებს ქმნიდა, რომლებითაც მიხაელ შუმახერი ტიტულებს იგებდა. „ფერარიმდე“, ლომბარდიმ სახელი ჯერ „ლანჩაში“ მუშაობისას გაითქვა (037 რალი და დელტა S4), ჩინეთში წასვლამდე კი „აპრილიას“ სუპერბაიკის პროექტს უძღვებოდა, რომელმაც მაქს ბიაჯის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.
„აიკონა“ ჯერ არ ადასტურებს ამ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, არც იმას გვიმხელს, თუ რამდენად ინტენსიურად იყენებს ელექტროძრავების შესაძლებლობებს. თანაც, ორადგილიან, ორკარიან ავტომობილს ჰიბრიდად არ მოიხსენიებს. სამაგიეროდ ირწმუნება, რომ მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 200 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად კი დაახლოებით 10 წამი ჰყოფნის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment