დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 31, 2013

„მაკლარენ MP4-28“ ძველი ლეგენდების ფონზე (ვიდეო)

McLaren present new car with a blast from the past
31 იანვარი
უოკინგში, ტექნოლოგიურ ცენტრში, „მაკლარენმა“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის, MP4-28-ს პრეზენტაცია ჩაატარა. ახალზელანდლი ბრიუს მაკლარენის მიერ დაარსებულ გუნდს წელს 50 წელი უსრულდება და ამასთან დაკავშირებით, პრეზენტაციის ცერემონიაზე, დამსწრეთა წინაშე იმ ავტომობილების უმეტესობა წარადგინეს, რომლებმაც „მაკლარენს“ სახელი გაუთქვეს. პილოტები, სერხიო პერესი და ჯენსონ ბატონი კი ადგილზე კომპანია „მაკლარენის“ ორი საგზაო ავტომობილით, ჯერაც კამუფლირებული P1-ით (ბატონი) და MP4-12C-თი (პერესი) გამოცხადდნენ.



სწორედ პერესმა და ბატონმა გადახადეს ახალ ბოლიდს თეთრი შალითა. და იქვე ორივემ სახელდახელო ინტერვიო მისცა. „მაკლარენი“ არ მალავს, რომ ახალ სეზონში მისი მთავარი მიზანი ტიტულებია. ბატონის თქმით, ეს ბოლო წლებში საუკეთესო მანქანაა, რაც მას უნახავს. ბრიტანელი დარწმუნებულია, რომ ამ მანქანით, ის და მისი მექსიკელი თანაგუნდელი ყოველ რბოლაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. კითხვაზე, რა არის მისი მიზანი, პერესმა უყოყმანოდ უპასუხა - ჩემპიონობაო.








„მე მინდა ჩემპიონატში გამარჯვება. ესაა ჩემი მიზანი“, - განაცხადა პერესმა, ვისაც გვერდზე მომღიმარი ბატონი ედგა. ჯენსონმა უფრო ზოგადად ილაპარაკა: „გარეგნულად ბევრი არაფერი შეცვლილა და ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს იგივე მანქანაა, რითაც გასულ სეზონში ვიარეთ. მაგრამ დამიჯერეთ, ეს სულ სხვა მანქანაა. კანის ქვეშ ის ძალიან განსხვავებულია“.



გარეგნულადაც სხვაობა საკმარისია. მაგალითად, დაიხვეწა კოანდას ტიპის გამოსაბოლქვი, უკანა საკიდარის ბერკეტები, რადიატორების აეროდინამიკური ყუთების ფორმები, განსაკუთრებით წინა, ზედა ნაწილში. მარტივი ფორმა აქვს დიფუზორს, რომლის სარბოლო ვერსია ალბათ განსხვავებული იქნება. ასევე შეცვლილია წინა ფრთის პილონები, რომლებიც უფრო გაფართოვდა. წინა ბორბლების შიდა ნაწილზე, მუხრუჭების ჰაერის ამღებ ელემენტებზე, აეროდინამიკური წანაზარდები გაჩნდა...



„ეს საუკეთესო მანქანაა მათ შორის, რაც ოდესმე ჩვენს გუნდს შეუქმნია. ვიცი, რომ ინჟინრებს ხელუხლებელი პრაქტიკულად არაფერი დაოტოვიათ. ნებისმიერი ნაწილიდან მაქსიმუმი გამოწურეს. ყოველი უნცია მანქანის სისწრაფის გაზრდას ემსახურება. მოუთმენლად ველი მომენტს, როდსაც ამ მანქანის საჭეს მივუჯდები. სეზონის დაწყებამდე ბევრს ვიმუშავებთ, რომ პირველივე რბოლისთვის, მანქანის გამძლეობა და საიმედობა ტყვიაგაუმტარი იყოს. გასულმა სეზონმა ბევრი რამ გვასწავლა, რისი წყალობითაც, ახალ სეზონში გაცილებით ძლიერი გუნდი ვიქნებით“, - ამბობს ბატონი.




„ჩემთვის დიდი დღეა. ამ წლის ყოველი დღე ასეა. ჩემს ახალ გუნდთან ბევრს ვმუშაობ, რათა ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდე. ჩემთვის ამ ორგანიზაციის შესწავლა ძალიან საინტერესო მოგზაურობა იყო. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ რთული ამოცანის წინაშე ვდგავარ. უნდა შევეჩვიო ჩემს ახალ ინჟინრებთან და მექანიკოსებთან მუშაობას, მუშაობის ახალ სტილს და რა თქმა უნდა, სრულიად ახალ მანქანას. და ეს ყველაფერი ექვს სატესტო დღეში უნდა მოვასწრო, რაც უდიდესი გამოწვევაა“, - ყვება პერესი.




„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ისევ გამარჯვებაა. ჯენსონთან და ჩეკოსთან ერთად და რა თქმა უნდა, ამ შესანიშნავი მანქანით, ჩვენ მორიგი კონკურენტული სეზონისთვის მზად ვართ. ჯენსონი ადრინდელზე უკეთესი პილოტია. ახლანდელ ფ1-ში ის ყველაზე გამოცდილია. რაც მთავარია, თავისი გამოცდილებსს შესანიშნავად იყენებს. ის შეუდარებელია რბოლის შეფასებისას. თანაც, ერთ-ერთი უსწრაფესია და ძალიან შრომის მოყვარე. ჩეკოს სენსაციური სეზონი ჰქონდა. ის ძალიან ჭკვიანი, მორიდებული და შრომისმოყვარეა, არ უშვებს შეცდომებს და არის ძალიან, ძალიან სწრაფი. რა თქმა უნდა, ახალ გუნდთან შესაგუებლად დრო დასჭირდება, მაგრამ მან იცის, რომ ჩვენგან არანაირი ზეწოლა არ იქნება“, - ამბობს „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში.


ვიდეო

No comments:

Post a Comment