დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 15, 2012

პერესი მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს

Sergio Perez aiming to win F1 world championship in 2013
15 დეკემბერი
სერხიო პერესი ამბობს, რომ მომავალ სეზონში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს. რა თქმა უნდა, მისგან ამას არავინ ელის - სხვა თუ არაფერი, ფ1-ში მხოლოდ ორწლიანი გამოცდილება აქვს, მაგრამ ფ1-ის მოყვარულებს ხომ გახსოვთ, რომ ლუის ჰამილტონმა პირველივე სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლა და ლამის მიაღწია კიდეც საწადელს?
„ჩემი მიზანი, მომავალ სეზონშივე ჩემპიონატში გამარჯვებაა. ამას მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი შრომა სჭირდება და ამიტომ საჭიროა, რომ მზადება რაც შეიძლება ადრე დავიწყო“, - ამბობს პერესი, ვინც მომავალი სეზონიდან, „მაკლარენში“ ჰამილტონს შეცვლის.

მექსიკელის დებიუტი ფორმულა ერთში 2011 წელს, „ზაუბერში“ შედგა. გასულ სეზონში კი მან რამდენიმე რბოლაში, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა - ორჯერ, მალაიზიასა და იტალიაში, კვარცხლბეკის მეორე საფეხური დაიკავა, ერთხელ კი, კანადაში მესამეზე გავიდა.
მართალია, გამოცდილება აკლია, მაგრამ პერესი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლის რეალური შანსი აქვს: „როდესაც საუკეთესო გუნდში გადადიხარ, რომლისთვისაც გამარჯვება უცხო არაა, ტიტულისთვის ბრძოლაზე უნდა იფიქრო. ამ სეზონში მათ გარკვეული პრობლემები ჰქონდათ და თუ ამ პრობლემების მოგვარება მოხერხდება, ტიტულისთვის ბრძოლაც შესაძლებელი გახდება. გუნდს ძალიან ძლიერი მანქანის მომზადება შეუძლია, მიზნებსაც უმაღლესს დავისახავთ. „მაკლარენი“ ყოველ რბოლაში გამარჯვებისთვის იბრძვის. როგორც მრბოლი, ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ვცდილობ და ვფიქრობ, ახლა კარგი გამოწვევის წინაშე ვარ, რადგან საუკეთესო გუნდში მომიწევს ასპარეზობა“.
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც „მაკლარენთან“ კონტრაქტი გააფორმა, პერესმა დარჩენილ ექვს რბოლაში ერთი ქულის აღებაც ვეღარ შეძლო. მექსიკელი ამბობს, რომ ამ უქულო რბოლებს, მის კონტრაქტთან საერთო არაფერი აქვს, რადგან ისევე ბოლომდე იხარჯებოდა, როგორც კონტრაქტამდე.

No comments:

Post a Comment