23 ნოემბერი
ლუის ჰამილტონი „მაკლარენის“ მანქანით თავისი ბოლო
რბოლისთვის ემზადება. ეს ის გუნდია, რომელმაც ფორმულა ერთამდე მიიყვანა, რომელმაც
სუპერ მრბოლად ჩამოაყალიბა და რომელმაც ჩემპიონის ჯერჯერობით პირველი ტიტული
მოაპოვებინა. მომავალი სეზონიდან, ჰამილტონი „მაკლარენის“ პარტნიორ „მერსედესში“
გადადის და ბუნებრივია უნდა, რომ გუნდს, რომელმაც ამდენი რამ მისცა, გამარჯვებით
დაემშვიდობოს.
თანაც, ინტერლაგუშთან ჰამილტონის განსხვავებული
ემოციები აკავშირებს: თავის სადებიუტო, 2007 წელს, სწორედ ამ ტრეკზე დაკარგა ტიტული,
როდესაც ერთმანეთთან ბრძოლაში გართულებს, მას და თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს ტიტული
ცხვირწინ ააცალა კიმი რაიკონენმა. სამაგიეროდ, მომდევნო სეზონში ჰამილტონი სწორედ
ბრაზილიაში გახდა ჩემპიონი. და მაშინაც დრამა გათამაშდა: რბოლა ფელიპე მასამ მოიგო
და იმ მომენტში, ბრაზილიელი ჩემპიონი გახდა. მაგრამ ჰამილტონმა, სანამ ფინიშს
გადაკვეთდა, ტიმო გლოკს ბოლო მოსახვევში გაასწრო და უკვე მოზეიმე მასას ცხვირწინ
ააცალა ტიტული...
პირველი პრაქტიკა ჰამილტონმა სულ რაღაც, 0.009
წამის უპირატესობით „მოიგო“. მეორე საუკეთესო დრო სებასტიან ფეტელს ჰქონდა, მესამე
კი „რედ ბულის“ კიდევ ერთი პილოტი, მარკ ვებერია. ოღონდ, საინტერესოა ერთი რამ -
ფეტელმა „პირელის“ ახლანდლი რეზინით ივარჯიშა, ჰამილტონი კი მომავალი სეზონის
საბურავს ცდიდა. მეხუთე დრო (ჩამორჩენა 0.261 წამი) აქვს ალონსოს.
„მომავალი სეზონის რეზინი ერთგვარი ჰიბრიდია. ის
უფრო მყარია, მაგრამ განსხვავებული სტრუქტურა აქვს. თან, ერთ კილოგრამით მძიმეა. გუნდებს
შანსი მივეცით, გასინჯონ ეს რეზინი, რათა უკეთესი წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, თუ
რითი მოუწევთ მომავალ სეზონში ასპარეზობა. ასე ისინი შეძლებენ ახალი მანქანების
პარამეტრების სასურველი მიმართულებით ადაპტირებას. ჯერჯერობით, მხოლოდ კარგ
გამოხმაურებებს ვღებულობთ“, - განაცხადა „პირელის“ მოტორსპორტის შეფმა პოლ ჰემბრიმ.
კიდევ
ერთი საინტერესო ფაქტი: ოსტინის რბოლისას, მასამ ძველი დიფუზრით იასპარეზა,
ალონსომ კი - ახლით. და როგორც „ფერარიში“ აღნიშნავენ, ძველი უფრო ეფექტურია.
ამიტომ, ბრაზილიაშიც ალბათ ალონსოს მანქანაზეც ალბათ ძველს დააყენებენ. მსგავსი
ვითარებაა „მერსედესშიც“, სადაც გამოსაბოლქვის ეგრეთ წოდებული კოანდას ეფექტის
მქონე კონფიგურაციის გამოყენებაზე უარის თქმას აპირებენ...
ბრაზილიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:14.131
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:14.140
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:14.198
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:14.217
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:14.392
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:14.716
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:14.719
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:14.738
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:15.015
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:15.050
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:15.114
12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:15.255
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:15.396
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:15.413
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:15.587
16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:15.701
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:16.048
18. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:16.315
19. ხიედო ფან დერ გარდე (ჰოლანდა, კატერჰემი) 1:16.460
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:16.506
21. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:16.617
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:17.234
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:17.678
24.
ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:17.895
No comments:
Post a Comment