Hyundai Presents 2015 Tucson Hydrogen in LA
1 დეკემბერი
ამ ავტომობილზე უკვე ბევრი დაიწერა და ბევრი რამ
ითქვა. ის მსოფლიოში პირველი მასობრივი ავტომობილია, რომელიც ენერგიის წყაროდ
ფიჭურ ელემენტებს იყენებს. ამ ავტომობილის ექსპერიმენტული ეგზემპლარები უკვე
მუშაობს ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში, მისი მსოფლიო პრემიერა კი ახლახანს, ლოს
ანჯელესის ავტო შოუზე ჩატარდა.
პრეზენტაციისას „ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ
წყალბადზე მომუშავე ელექტრომობილს ამერიკაში უპირველესად შტატ კალიფორნიაში, ლოს
ანჯელესის გარეუბან ორენჯ ქაუნთიში, ლიზინგით გაზაფხულიდან გასცემს. მომხმარებელს
პირველადი შენატანის სახით, 2 999 დოლარის გადახდა მოუწევს, შემდეგ კი, სამი წლის
განმავლობაში, თვეში 499 დოლარს გადაიხდის.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ლიზინგის პერიოდში,
კორეული კომპანია მომხმარებელს... უფასო წყალბადს სთავაზობს! ამასთან, ამავე
პერიოდში მომხმარებელი ყველა იმ ლუქს სერვისითაც ისარგებლებს, რომლებსაც „ჰიუნდაი“
ლუქს კლასის სედან „ეკუუსის“ მყიდველს სთავაზობს. ამ სერვისის პირობებით, ავტომობილს
მომსახურება სადაც უნდა დასჭირდეს, კომპანიის დილერი ადგილზე მიაკითხავს, მანქანას
წაიყვანს, სანაცვლოდ მის პატრონს დროებით სხვა ავტომობილს დაუტოვებს, სერვისის
შემდეგ კი ავტომობილს იქ მიიყვანს, სადაც მის მფლობელს სურს.
„ტუსან ჰაიდროჯენი“ ელექტრომობილია, რომლის ენერგიის
წყაროსაც ფიჭური ელემენტების ბლოკი წარმოადგენს. ელემენტებში ძირითად როლს წყალბადი
ასრულებს. კორეული კომპანია ელექტროლიზის პროცესს მოკლედ განმარტავს: 1. წყალბადი
ანოდს მიეწოდება, ჰაერი (ჟანგბადი) კი კათოდს; 2. კატალიზატორი შლის წყალბადს ელექტრონებად
და პროტონებად; 3. ელექტროლიტი ატარებს დადებითად დამუხტულ იონებს და ბლოკავს ელექტრონებს;
4. ელექტრონებით იკვრება გარე წრედი, ხდება ელექტრო ენერგიის გამომუშავება; 5.
კატალიზატორის მეშვეობით, ხდება წყალბადის იონების და ჟანგბადის ელექტრონების შეერთება,
რაც წყალს და სითბოს წარმოქმნის; 6. ერთი ფიჭური ელემენტი დაახლოებით ერთ ვოლტ ენერგიას
იძლევა. ელემენტები იმის შესაბამისად და იმ რაოდენობით ჯგუფდება, თუ რა რაოდენობით
ენერგიაა საჭირო.
„ჰიუნდაის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალბადით
სრულად შევსებული ავზით, „ტუსან ჰაიდროჯენს“ 480 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია.
ამასთან, პრაქტიკულად არ გამოჰყოფს სათბურის ეფექტის მქონე გაზებს, მისი ერთადერთი
თანმდევი პროდუქტი წყლის ორთქლია. ავზის ავსება 10 წუთშია შესაძლებელი, რაც ოდნავ
მეტია იმ დროზე, რაც ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების ავზის ბენზინით
სრულად ავსებას სჭირდება.
კორეული კომპანია აცხადებს, რომ ჩვეულებრივი
ელექტრომობილებისგან განსხვავებით, წყალბადზე მომუშავე ავტომობილს მინიმალურად ვნებს
ცივი ამინდი. ამასთან, „ტუსან ჰაიდროჯენს“ წარმატებით აქვს გავლილი შეჯახების,
ხანძრის და საწვავის გაჟონვის ტესტები, რომლებმაც მისი უსაფრთხოების მაღალი დონე
გამოავლინა.
No comments:
Post a Comment