2015 MINI Hatches Out, Looks Familiar But is
Bigger, Faster and More Frugal
1 დეკემბერი
„მინიმ“ თავის ოქსფორდის ქარხანაში, სრულიად ახალი
ჰეჩბეკის პირველი ჩვენება მოაწყო, რის შემდეგაც, მისი მსოფლიო პრემიერა ერთდროულად
ორ დიდ გამოფენაზე - ლოს ანჯელესის და ტოკიოს ავტო შოუებზე ჩაატარა. ოქსფორდული
ჩვენება კი ამ ავტომობილის პირველი ვერსიის შემქმნელის, ლეგენდარული ალექს
ისიგონისის დაბადებიდან 107 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 3 821 მილიმეტრი,
სიგანე 1 727 მილიმეტრი, სიმაღლე 1 414 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 495
მილიმეტრი. ამგვარად, ის წინამორბედზე 98 მილიმეტრით გრძელი, 44 მილიმეტრით
განიერი და 7 მილიმეტრით მაღალია. ბაზა კი 28 მილიმეტრითაა გაზრდილი. ასევე
მოიმატა წინა და უკანა ბორბლების კვალმა - შესაბამისად, 42 და 34 მილიმეტრით.
რა თქმა უნდა, გაბარიტებში ზრდა, სალონის სივრცის
მომატებაში აისახა. ასევე გაზრდილია (51 ლიტრით) საბარგულის მოცულობა, რომელიც 211
ლიტრი გახდა. ამასთან, უკანა სავარძლები 60:40 პროპორციით იკეცება, რაც საბარგულს მოცულობას
უმატებს. მცირედითაა შეცვლილი ავტომობილის გარეგნობა, რომელსაც რადიატორის გაზრდილი
ცხაური გამოარჩევს. ახალია თხევადკრისტალური ფარები, რომლებსაც მყიდველს ოპციის
სახით შესთავაზებენ. ასეთი ფარების სისტემა აღჭურვილია სინათლის განაწილების
ადაპტირებადი სისტემით. ასევე შესაძლებელია სანისლე და უკანა თხევადკრისტალური ფარების
დაყენება.
გაყიდვების დაწყების მომენტში, მყიდველს სამ ძრავს
შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. მათგან ორი ახალი თაობის ძრავია. ესენია
1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო და 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ასევე ტურბო.
ეს ძრავები, 0.5-ლიტრიანი ცილინდრებითაა შედგენილი. უფრო მეტიც, „ბეემვე“ გეგმავს,
რომ თავისი აგრეგატების უმეტესობა, სწორედ 0.5-ლიტრიანი ცილინდრებით აეწყობა.
პირველი ძრავი 136 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისით „მინი კუპერი“ აღიჭურვება.
მეორე ძრავს „მინი კუპერ S-ის“ კაპოტქვეშ ნახავთ და მისი სიმძლავრე 192
ცხენის ძალაა. მესამე ძრავიც 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი, ოღონდ დიზელზე მუშაობს და
116 ცხენის ძალას იძლევა. მისით „მინი კუპერ D“ აღიჭურვება.
სამივე ძრავის შემთხვევაში, სტანდარტულ ეკიპირებაში შედის 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ოპციის სახით კი მყიდველს 6-საფეხურიან ავტომატს შესთავაზებენ. მექანიკურ კოლოფს პაკეტი „მინიმალიზმი“ მოჰყვება, რომელშიც შედის ძრავის სტარტ-სტოპ ფუნქცია. სამიდან ყველაზე სწრაფია „მინი კუპერ S“, რომელსაც ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6.8 წამში შეუძლია. ყველაზე ეკონომიური კი, რა თქმა უნდა, არის დიზელისძრავიანი „მინი კუპერ D“, რომელიც ას კილომეტრს 3.5-3.6 ლიტრი საწვავით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს 92-95 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
ძრავების გარდა, „მინიმ“ თავისი ჰეჩბეკის საკიდარიც
დახვეწა. როგორც ბრიტანული კომპანია ირწმუნება, ახალი ავტომობილი გოუ-კარტის შეგრძნებებს
აღძრავს. ავტომობილის დამხმარე სისტემების პაკეტში შედის დინამიური სტაბილურობის
კონტროლი (DSC), რომელშიც გაერთიანებულია დინამიური
ტრექშნ კონტროლი (DTC) და დიფერენციალის ელექტრონული ბლოკირების
კონტროლი (EDLC). თანაც, ეს სისტემები
სტანდარტულ ეკიპირებაში შედის.
ახალ ჰეჩბეკზე შეცვლილია მაჩვენებლების დაფაც.
მასში ახალია ცენტრალური დისპლეი, გაუმჯობესებულია სტანდარტული ეკიპირება, რომელსაც
საპროექციო მონიტორი და კამერიანი ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი დაემატა.
უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება შეჯახების და ფეხმავლების გამაფრთხილებელი
სისტემები, რომლებსაც მუხრუჭების ფუნქციაც აქვთ. გარდა ამისა, ავტომობილი საგზაო ნიშნებსაც
არჩევს და მძღოლს მათ შესახებ ამცნობს. ეკიპირებაში ასევე შესულია პარკირების
დამხმარე და უკანა ხედვის კამერა.
ახალი ჰეჩბეკის გაყიდვებს „მინი“ გაზაფხულზე
დაიწყებს. გაყიდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გკი მის ფასებსაც აგვაცნობს.
No comments:
Post a Comment