18 მაისი
ეს ავტომობილი რამდენიმე დღის წინ, პრემიერისთანავე
გაგაცანით და ბუნებრივია, მაშინ მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ
მოგვეპოვებოდა. ახლა კი მასზე უფრო მეტის მოყოლის საშუალებაც გვაქვს. მაშ ასე,
გავიცნოთ - „ლამბორგინი ეგოისტა“. რატომ ეგოისტა? ასეთი სახელი ხომ არცერთ
საბრძოლო ხარს არ ჰქონია?
იმიტომ, რომ ეს ჰიპერ ავტომობილი ერთადგილიანია! ამგვარად, სანტ’აგატა ბოლონეზელებმა თავიანთი ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად ორი ტრადიცია დაარღვიეს. ჯერ ერთი, თავიანთ ქმნილებას კორიდასთან დაკავშირებული სახელი არ დაარქვეს. მეორე ზემოთ ვთქვით - ერთადგილიანი ავტომობილი. სახელიც მისგან გამომდინარეობს. ეს ერთჯერადი ავტომობილი მხოლოდ ერთი ადამიანის სიამოვნებას მოემსახურება.
საინტერესო გადაწყვეტაა კართან დაკავშირებითაც. ამ
მხრივ, „ლამბორგინის“ ავტომობილები ყოველთვის გამოირჩევიან, მაგრამ „ეგოისტა“ ისევ
ავანგარდშია - მას ერთი კარი აქვს, რომელიც კარი არცაა და უფრო მართებული იქნება,
თუ მას სანთლად (როგორიც სამხედრო საბრძოლო თვითმფრინავებს აქვს) მოვიხსენიებთ.
მისი გახსნა-დახურვა მთელი რიტუალია - დახურულ მდგომარეობაში, ძარის უკანა
საყრდენის მოძრავი ნაწილი აფიქსირებს/კეტავს. ამ კონსტრუქციის ნაკლია ის, რომ
გაღება-დახურვას დრო სჭირდება. სამაგიეროდ, მანქანა ამითაც სხვებისგან გამორჩეულია.
მთლიანობაში, „ეგოისტა“ ძალიან აგრესიული
გარეგნობით გამოირჩევა, რაც სამხედრო საფრენ აპარატთან მსგავსების გამოცაა. ამ
შემთხვევაში არაა საჭირო მის ესთეტიკურ დახვეწილობაზე ლაპარაკი. აშკარაა, რომ ეს
ავტორებს მიზნად არც ჰქონიათ დასახული. რაც შეეხება ავტორებს, დე სილვა პროექტს
ხელმძღვანელობდა, ექსტერიერი ალესანდრო დ’ამბროზიოს ნამუშევარია, ინტერიერი კი -
სტეფან სილაფისა.
პრეს რელიზში თითქმის არაფერია ნათქვამი „ეგოისტას“
დინამიკურ მახასიათებლებზე. ის აღჭურვილია 5.2-ლიტრიანი V10 ძრავით, რომელიც 600
ცხენის ძალას იძლევა. ეს აგრეგატი „გალარდოს“ ამოძრავებს, მაგრამ მის შემთხვევაში,
სიმძლავრე 560 ცხენის ძალაა. რა თქმა უნდა, ძრავი ბაზაშია განლაგებული.
ძალიან
ეფექტურადაა მოწყობილი კოკპიტი. პილოტის ადგილი ენერგოშთანმთქმელი მასალითაა
გაწყობილი. სავარძელზე მას ექვსწერტილოვანი ღვედები აფიქსირებს. საჭე რგოლზე მეტად,
თვითმფრინავის შტურვალს უფრო ჰგავს. მასზე რამდნიმე გადასართველია განლაგებული,
შტურვალის უკან კი გადაცემის საფეხურების შესაცვლელი ბერკეტებია. მაჩვენებლების
დაფა „თავის ადგილზეა“ და მას ორიგინალური მოყვანილობა აქვს. დაფა X-ის ფორმის წინა
დამცავი რკალური სტრუქტურის თავზეა დადგმული. ინტერიერში ნარინჯისფერი დომინირებს.
ამავე ფერშია გამოწყობილი ბორბლებიც და სანთლის შუშებიც.
No comments:
Post a Comment