დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 18, 2013

დათა ქაჯაიამ ევროპაში მორიგი რბოლა მოიგო


18 მაისი
... ამჯერად საფრანგეთის შარადის ტრეკზე, რომელსაც პატარა ნურბურგრინგსაც კი უწოდებენ. სწორედ შარადზე ჩატარდა ლეჯენდსის კლასის სარბოლი ავტომობილების ევროპის ეროვნებათა თასის მეორე ეტაპი, რომლის პირველ სპრინტშიც ქართველ მრბოლს ბადალი არ ჰყავდა.

არადა, ორივე კვალიფიკაცია და პირველი სპრინტიც ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა. კვალიფიკაციებზე დათა მე-2 და მე-3 შედეგებს დასჯერდა, სპრინტში კი მას კონკურენცია მხოლოდ ფრანგმა გიომ პიჟამ გაუწია. როგორც ქართულ გუნდ „MIA ფორსის“ უფროსი, მამუკა ჟორჟოლაძე შარადიდან გვატყობინებს, ფრანგმა ჩვენებურს ბოლომდ სდია, მაგრამ დათამ დაწინაურების საშუალება არ მისცა.
ამგვარად, წლევანდელ სეზონში დათამ ოთხიდან ოთხი რბოლა მოიგო და კლასიფიკაციაშიც გამოკვეთილი ლიდერია. კვირას მეორე სპრინტი და მთავარი რბოლაა. სპრინტში დათა მესამე პოზიციიდან აიღებს სტარტს (კვალიფიკაციის შედეგის შესაბამისად), ენდურენსის სასტარტო პოზიცია კი მეორე სპრინტის შემდეგ გაირკვევა.
რაც შეეხება შარადის ტრეკს, ის საფრანგეთის შუაგულში, ქალაქ კლერმონ ფერანის სიახლოვეს, ოვერნის მთიან რეგიონში ჩამქვრალი ვულკანის სიახლოვეს მდებარეობს. ამ ტრეკმა ოთხჯერ (1965, 1969, 1970 და 1972 წლებში) უმასპინძლა ფორმულა 1-ის ეტაპებს. ტრეკი ფ1-ის ფრანგ პილოტ ლუი როზიეს სახელობისაა და მას უფრო კლერმონ ფერანის სახელით იცნობენ.
ტრეკის (ის 1958 წელს აშენდა) სიგრძე 8.055 კილომეტრია და როგორც ამბობენ, ნურბურგრინგის (გერმანია) ჩრდილოურ მარყუჟზე (20.8 კმ) რთულიც კი არის. ტრეკს 48 მოსახვევი აქვს, მასზე მოძრაობა კი საათის ისრის მოძრაობის მიმართულებითაა. ეს ტრეკი იმითაცაა ცნობილი, რომ 1972 წლის რბოლაში, ბრაზილიელი ემერსონ ფიტიპალდის „ლოტუსის“ ბორბლიდან ასხლეტილი კენჭი უკან მიმავალ ავსტრიელ ჰელმუტ მარკოს მარცხენა თვალში მოხვდა (ვიზორი გაარღვია), რამაც მისი სარბოლო კარიერა დაასრულა.
სასიამოვნოა, რომ დათამ ამ სახელოვან ტრასაზე პირველივე რბოლა მოიგო!

No comments:

Post a Comment