Bjorn Waldegaard obituary
30 აგვისტო
70 წლისა, კიბოთი გარდაიცვალა რალიში მსოფლიოს
პირველი ჩემპიონი, შვედი ბიორნ ვალდეგაარდი. კენიაში მას ლომს უწოდებდნენ -
საფარის უმძიმესი რალის ოთხგზის გამარჯვებულს სხვა სახელი არც ეკადრებოდა. რალის
მრბოლის კარიერა 19 წლიდამ დაიწყო და სამ წელიწადში, შვედეთის რალი კვარცხლბეკზე
დაასრულა. ორი წლის შემდეგ კი შვედეთის ჩემპიონი გახდა.
ვალდეგაარდს რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე სულ 95 რბოლაში
მიუღია მონაწილეობა და მათგან 16 რბოლა აქვს მოგებული, მათ შორის, მონტე კარლოს,
აკროპოლისის და სპილოს ძვლის ნაპირების რალი. კვარცხლბეკზე 35-ჯერ ავიდა, მოიგო
290 სპეცმონაკვეთი და კარიერაში 428 ქულა დააგროვა. რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო
გამარჯვება, 1990 წლის საფარიზე, 46 წლისამ (ტოიოტა სელიკა) მოიპოვა, რითაც რალის
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ეტაპის ყველაზე ხნიერი გამარჯვებულის სტატუსს
აქამდე ინარჩუნებს და ალბათ მას ვეღარავინ ჩამოართმევს. მსოფლიო ჩემპიონატზე
ბოლოსაც საფარიზე, 1992 წელს იასპარეზა, რომელიც ავარიით და ხელის მოტეხილობით დაასრულა.
საერთაშორისო რბოლა პირველად 1969 წელს, მონტე
კარლოში, „პორშე 911-ით“ მოიგო და ბოლოსაც ამავე ავტომობილით, 2011 წლის აღმასავლეთ
აფრიკის საფარი კლასიკზე გაიმარჯვა. სულ მისი სარბოლო კარიერა ხუთ ათეულ წელიწადს
გრძელდებოდა. ვალდეგაარდი მსოფლიო ჩემპიონი 1979 წელს გახდა. პირველი მსოფლიო
ჩემპიონატის ევროპულ ეტაპებზე „ფორდ ესკორტით“ ასპარეზობდა, აფრიკულ ეტაპებზე კი „მერსედეს
450 SLC-ით“.
ვალდეგაარდი უნივერსალური მრბოლი იყო. გარდა იმისა,
რომ აფრიკის სპეციალისტად იყო მიჩნეული, რბოლებს თოვლსა და ასფალტზეც იგებდა -
იტალიელ სანდრო მუნარისთან პაექრობაში, „ლანჩა სტრატოსით“ შვედეთის თოვლსა და სან
რემოს ასფალტ/გრუნტზე გაიმარჯვა. ეს 1976 წელს მოხდა. განსაკუთრებით გამორჩეული
სან რემოში გამარჯვება იყო, სადაც ათსაათიანი დამქანცველი რბოლის შემდეგ, ვალდეგაარდმა
თავის იტალიელ მეტოქეს სულ რაღაც, 4 წამით აჯობა.
მოგვიანებით მან გამოაცხადა, რომ შემდეგ სეზონში „ფორდის“
გუნდში გადადიოდა, რამაც „ლანჩას“ ხელმძღვანელობა ისე გააბრაზა, რომ ბრიტანეთის
რალიზე ვალდეგაარდის განაცხადი გააუქმა. კონტრაქტისგან გათავისუფლებული შვედი „ფორდს“
დაუკავშირდა და იკითხა, შეეძლო თუ არა კონტრაქტის ერთი რბოლით ადრე დაწყება, რაზეც
თანხმობა მიიღო. და „ლანჩა“ კიდევ ერთხელ გააწბილა, რადგან ბრიტანულ (RAC) რალიზე,
კვარცხლბეკის მესამე საფეხურისთვის ბრძოლაში, სწორედ მუნარი დაამარცხა. სწორედ „ფორდის“
მანქანთ (RS1800) 1977 წელს საფარის რალი პირველად მოიგო, სეზონი კი RAC (როიალ
ავტო ქლაბ) რალის მოგებით დაასრულა.
1979 წლის სეზონში, როცა პირველად გაიმართა მსოფლიო
ჩემპიონატი პირად ჩათვლაში, მას სეზონის პირველ ნახევარში დაძაბული პაექრობა
ჰქონდა ფინელ თანაგუნდელ ჰანუ მიკოლასთან. აკროპოლისზე (საბერძნეთი) და კვებეკის (კანადა)
გამარჯვებით, გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია. მაგრამ ბრიტანული ეტაპის შემდგ,
მათ შორის სხვაობა ისევ შემცირდა. ის რბოლა მიკოლამ მოიგო, რომელსაც „ლანჩა
სტრატოსით“ სერიოზული კონკურენცია ფინელმა მარკუ ალენმა გაუწია. ვალდეგაარდს
პრობლემებმა ქულის აღებაში ხელი შეუშალა - ფინიშთან მეცხრე მივიდა.
ბოლო ეტაპის წინ, ვალდეგაარდი მიკოლას მხოლოდ ექვს ქულასღა
უგებდა. მაგრამ სპილოს ძვლის ნაპირებზე რბოლა არ შედიოდა „ფორდის“ გეგმებში. მაგრამ
გამოსავალი „მერსედესმა“ შესთავაზა, თავისი 450 SLC-ის სახით. ცისფერ ოვალს ამის
საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა... მეტოქეები ბოლო ეტაპზე კვლავ თანაგუნდელების
სტატუსით წარდგნენ. მიკოლამ მოიგო, ვალდეგაარდი კი მეორეს დასჯერდა, რაც საკმარისი
იყო იმისათვის, რომ ჩემპიონის გვირგვინი სწორედ მას მოერგო.
„ის იმ იშვიათ მრბოლთაგანი იყო, ვისაც 100 პროცენტით
ვენდობოდი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთ გუნდში ვიყავით, თუ სხვადასხვაში. ის შესანიშნავი
პიროვნება იყო. ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მაშინაც კი, როცა დაძაბული პაექრობა
გვქონდა“, - იხსენებს მიკოლა, ვინც 1983 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ვალდეგაარდმა შემდეგი სეზონი „მერსედესთან“ ერთად
გაატარა და მხოლოდ ბრიტანეთში იასპარეზა სხვა მანქანით. ეს სხვა „ტოიოტა სელიკა
2000 GT“
იყო. ამჯერად ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ეს იყო იაპონურ გუნდთან ძალიან
ნაყოფიერი პარტნიორობის დასაწყისი. მართალია, პერიოდულად სხვა მანქანებითაც
ასპარეზობდა, მაგრამ „ტოიოტათი“ და საფარიზე გამოსვლა ყოველთვის მთავარი მიზანი
იყო...
No comments:
Post a Comment