Motor racing-American Hunter-Reay wins
Indianapolis 500
25 მაისი
ამერიკელი რაიან ჰანტერ-რეის გამარჯვებით დასრულდა
ლეგენდარული ინდი 500ის 98-ე რბოლა. ის ბოლო რვა წელიწადში პირველი ამერიკელია,
რომელმაც ამ ლეგენდარული რბოლის ფინიში პირველმა გადაკვეთა. ჰანტერ-რეიმ ფინიშთან ერთი
მანქანის კორპუსზე ოდნავ მეტით მიასწრო ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულს,
ბრაზილიელ ჰელიო კაშტრუნევიშს.
აქამდე ბოლო ამერიკელი გამარჯვებული სემ ჰორნიში
იყო, რომელმაც ინდი 500-ის მოგება 2006 წელს შეძლო. მაშინ ჰორნიშმა ბოლო წრეზე
გაასწრო ამერიკელ მარკო ანდრეტის და ფინიშთან მას 0.0635 წამით მიასწრო. ეს ინდი
500-ის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როცა ბოლო წრეზე გამსწრებმა გაიმარჯვა.
მარკო ანდრეტიმ ამჯერადაც ვერ მიაღწია საწადელს და მესამე ადგილს დასჯერდა.
ამგვარად, ანდრეტების სახელოვან კლანს, 1969 წელს მარიო ანდრეტის ტრიუმფის შემდეგ,
ინდი 500 არ მოუგია. სხვათა შორის, მარკოს მსგავსად, ჰანტერ-რეი მარკოს მამის,
მაიკლ ანდრეტის გუნდ „ანდრეტი რეისინგის“ წევრია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში პირველად, რბოლა
პეისკარის თანხლებით, ან ყვითელი ალმების ფრიალით არ დასრულებულა. ბოლო წრეებზე, ჰანტერ-რეისა
და კაშტრუნევიშს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. ლიდერი ყოველ წრეზე იცვლებოდა.
ერთ მომენტში ამერიკელი კინღამ ბალახზე გადავიდა, რაც უზარმაზარი სიჩქარისას (წრეზე
გამარჯვებულის საშუალო სიჩქარე თითქმის 300 კმ/სთ იყო) ძალიან სახიფათო იქნებოდა.
ბოლოს ლიდერი სტარტ-ფინიშის ზოლის გავლისას, მას
შემდეგ შეიცვალა, როდესაც მათ ბოლო წრის მაჩვენებელი თეთრი ალამი აუფრიალეს.
ბრაზილიელი ბოლომდე უტევდა, მაგრამ გასწრება ვეღარ მოახერხა. არადა, რომ მოეგო, ეს
მისი მეოთხე გამარჯვება იქნებოდა, რაც მხოლოდ ინდიქარის ლეგენდებმა, ეი ჯეი
ფოიტმა, ელ ანსერ უფროსმა და რიკ მირზმა (სამივე ამერიკელია) შეძლეს.
„მე დღეს ოცნება ავისრულე. ეს წარმოუდგენელია. ასეთ
ბრძლაში არ გვივარჯიშია, ასეთი დაძაბული ბრძლა არასდროს გვქონია. ყველაფერი, რაც
გავაკეთეთ, წარმოუდგენელია. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა“, - ნრბოლევს,
სახელდახელო ინტერვიუში განაცხადა ინდის ახალმა ტრიუმფატორმა.
რა თქმა უნდა, გაწბილებული დარჩა კაშტრუნევიში, მაგრამ
რას გააწყობდა: „საშინელებაა, ერთი ნაბიჯი როცა დაგაკლდება მიზნამდე, მაგრამ დღეს
რაიანის დღეა. ძალიან მინდოდა როჯერისთვის (პენსკე) მომეპოვებინა ეს გამარჯვება. დიდებული
ბრძოლა გვქონდა. იმედია, ასევე საინტერესო იყო ტელე აუდიტორიისთვისაც. მეორე
ადგილი კარგია, მაგრამ ცუდიცაა“.
უნდა ითქვას, რომ
ჰანტერ-რეის და კაშტრუნევიშის გარდა, გამარჯვების
შანსი სხვებსაც ჰქონდათ. 175-ე წრეზე, რესტარტისას მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ ედ
კარპენტერი და თაუნსენდ ბელი, რომლებსაც ჯეიმს ჰინჩკლიფიც შეუერთდა. შედეგად,
კარპენტერი და ჰინჩკლიფი პირველ მოსახვევში დაეჯახნენ ერთმანეთს. მალევე ბელი ჟაკ
ვილნვს დაეჯახა და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ვილნევის გარდა, სამივე
გამოეთიშა ასპარეზობას.
სხვათა შორის, რბოლის დიდი ნაწილი მოწინავეთა შორის
გაატარა ხუან პაბლო მონტოიამაც, მაგრამ სამწუხაროდ, პიტლეინზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის,
დააჯარიმეს და ლეგენდარული რბოლის მეორედ მოგების შანსიც დაკარგა - პელოტონის
შუაში გადაინაცვლა. მაგრამ მან ბრძოლა გააგრძელა და საბოლოოდ, ფინიში მეხუთემ
გადაკვეთა.
98-ე ინდი 500-ის შედეგები
1. რაიან
ჰანტერ-რეი (აშშ, ანდრეტი-ჰონდა) 2:40:48.2305
2. ჰელიო
კაშტრუნევიშ (ბრაზილია, პენსკე-შევი) +0.0600
3. მარკო
ანდრეტი (აშშ, ანდრეტი-ჰონდა) +0.3171
4. კარლოს
მუნოსი (კოლუმბია, ანდრეტი-ჰონდა) +0.7795
5. ხუან
პაბლო მონტოია (კოლუმბია, პენსკე-შევი) +1.3233
6. კურტ
ბუში (აშშ, ანდრეტი-ჰონდა) +2.2666
7. სებასტიან
ბურდე (საფრანგეთი, KV-შევი)
+2.6576
8. უილ
პაუერი (ავსტრალია, პენსკე-შევი) +2.8507
9. სეიჯ ქერამი
(აშშ, განასი-შევი) +3.2848
10. ჯონ არ ჰილდებრანდი (აშშ, კარპენტერ-შევი) +3.4704
11. ორიოლ სერვია (ესპანეთი, რეიჰალ-ჰონდა) +4.1077
12. სიმონ პაჟენო (საფრანგეთი, შმიდტ-ჰონდა) +4.5677
13. ალექს ტალიანი (კანადა, ფიშერ-ჰონდა) +7.6179
14. ჟაკ ვილნევი (კანადა, შმიდტ-ჰონდა) +8.1770
15. სებასტიან საავედრა (კოლუმბია, KV-შევი) +8.5936
16. ჯეიმს დეივისონი (ავსტრალია, KV-შევი) +9.1043
17. კარლოს ჰუერტასი (კოლუმბია, კოინ-ჰონდა) +12.1541
18. რაიან ბრისკო (ავსტრალია, განასი-შევი) +13.3143
19. ტაკუმა სატო (იაპონია, ფოიტ-ჰონდა) +13.7950
20. ჯეკ ჰაუკსვორტი (ბრიტანეთი, ჰერტა-ჰონდა) +13.8391
21. მიხაილ ალიოშინი (რუსეთი, შმიდტ-ჰონდა) -2 წრე
22. ჯასტინ უილსონი (ბრიტანეთი, კოინ-ჰონდა) -2 წრე
23. მარტინ პლოუმენი (ბრიტანეთი, ფოიტ-ჰონდა) -4 წრე
24. პიპა მენი (ბრიტანეთი, კოინ-ჰონდა) -7 წრე
გამოეთიშნენ
თაუნსენდ ბელი (აშშ, KV-შევი) 190 წრე
ტონი კანაანი (ბრაზილია, განასი-შევი) 177 წრე
ედ კარპენტერი (აშშ, კარპენტერ-შევი) 175 წრე
ჯეიმს ჰინჩკლიფი (კანადა, ანდრეტი-ჰონდა) 175 წრე
სკოტ დიქსონი (ახ.ზელანდია, განასი-შევი) 167
წრე
ჯოზეფ ნიუგარდენი (აშშ, ფიშერ-ჰონდა) 156
წრე
ჩარლი კიმბალი (აშშ, განასი-შევი) 149 წრე
ბადი ლაზიე (აშშ, ლაზიე-შევი) 87 წრე
გრემ
რეიჰალი (აშშ, რეიჰალ-ჰონდა) 44 წრე
შენიშვნა: ყველა პილოტი „დალარას“ შასით ასპარეზობს
No comments:
Post a Comment