New Bentley Continental GT3-R is a 580PS
Road-Going Version of GT3 Racer
18 ივნისი
„ბენტლიმ“ თავის ისტორიაში ყველაზე ექსტრემალურ საგზაო
ავტომობილს, „კონტინენტალ GT3-R-ს“ საბურველი ჩამოხსნა. ბრიტანული კომპანიის განცხადებით,
ეს არის მის ისტორიაში ყველაზე დინამიური საგზაო ავტომობილი. ქრიუს ფაბრიკაში სულ
300 ცალი „კონტინენტალ GT3-R-ის“ წარმოება იგეგმება და „ბენტლი მოტორსპორტის“ მაღალკვალიფიცირებული
პერსონალი ყოველ მათგანს ხელით დაამზადებს.
„კონტინენტალ GT3-R-ს“ უკანა სავარძლები არ აქვს, GT
V8 S-ზე 100 კილოგრამით მსუბუქია (თუმცა მაინც 2195 კილოგრამს იწონის) და მას მოდერნიზებული
4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი ემსახურება, რომელიც 580 ცხენის ძალას და 700
ნიუტონმეტრს (1700 ბრ/წთ-დან) გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში ZF-ის 8-საფეხურიანი
ავტომატური ტრანსმისია მუშაობს, რომელსაც გადაცემის საფეხურებს შორის მოკლე
დაშორება აქვს. ეს კი, შემცირებულ წონასთან ერთად, კარგ აჩქარებას განაპირობებს - ავტომობილს
ადგილიდან ასის აკრეფა 3.8 წამში შეუძლია რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მაჩვენებლითაც „ბენტლის“
ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ავტომობილია. მაქსიმალური სიჩქარე კი 273 კმ/სთ-ს აღწევს.
ავტომობილი სრულ ამძრავიანია. ბორბლებს შორის მაბრუნი
მომენტის ოპტიმალურად განაწილებას, მომენტის ვექტორინგის სისტემა ემსახურება.
გარდა ამისა, ავტომობილი სტაბილურობის ელექტრონული სისტემითაცაა აღჭურვილი. შასის
ოპტიმიზაცია ჩაუტარდა, რათა მოსახვევებში უფრო სტაბილური იყოს. საბოლოო ჯამში, „ყველაზე
სწრაფი და ტემპერამენტიანი ავტომობილის“ გარდა, „კონტინენტალ GT3-R“ არის ყველაზე
დინამიური, ადვილად სამართავი ავტომობილი მათ შორის, რაც კი „ბენტლის“ ოდესმე
გამოუშვია.
რაც შეეხება გარეგნობას, „კონტინენტალ GT3-R“
აღჭურვილია ახალი, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული წინა სპლიტერით და
ფიქსირებული უკანა ანტი ფრთით. კაპოტში ორი ჭრილია. 300-ვე ავტომობილი თეთრი ფერის
იქნება და მათ ორი განსხვავებული სიმუქის კომბინირებული ზოლები დაამშვენებს.
ავტომობილი ალუმინის მსუბუქ 21-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც შავ ფერშია
გამოწყობილი.
სალონში ავტომობილს ორი სავარძელი დააკლდა. სალონის
გასაწყობად გამოყენებულია კარბონის კომპოზიტი, ალკანტარა და მაღალი ხარისხის
ტყავი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელით კეთდება. სპორტული სავარძლები „ბელუგა ბლექ“
ფერშია შესრულებული და მწვანე ფერის ზოლები ამშვენებს. ცენტრალური კონსოლი კარბონისაა.
„კონტინენტალ GT3-R“ საზოგადოების წინაშე პირველად გუდვუდის
სიჩქარის ფესტივალზე გამოჩნდება. ბრიტანულ კომპანიას მასზე შეკვეთების მიღება უკვე
დაწყებული აქვს, თუმცა ფასს არ აქვეყნებს.
No comments:
Post a Comment