Automakers Push for Unified Crash-Test Standards
in the EU and US
21 დეკემბერი
იმისათვის, რომ მათ მიერ წარმოებული ავტომობილები
ევროპასა და ამერიკაში გაჰყიდონ, საავტომობილო კომპანიებს ამ ავტომობილების ქრეშ
ტესტებზე გატარება უწევთ, რომლებსაც შესაბამისად ევრო NCAP-ი (ევროპის ახალი
ავტომობილების შეფასების პროგრამა) და IIHS (საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის
ინსტიტუტი) ატარებენ.
ორივე ორგანიზაციას, ავტომობილების უსაფრთხოების
შეფასების საკუთარი სტანდარტები გააჩნია, რაც ავტომობილებს განსხვავებულ
მოთხოვნებს უყენებს. ამის გამო, კომპანიები იძულებულნი არიან, თავიანთი
ავტომობილების კონსტრუქციები გადააკეთონ, რათა განსხვავებული სტანდარტების
დაკმაყოფილება შეძლონ. სათქმელად იოლია, მაგრამ ეს პროცესი ასეულობით მილიონი
დოლარი ჯდება.
მაგრამ თუ ორივე ბაზრის სტანდარტების უნიფიცირება
მოხდება, კომპანიები უზარმაზარი თანხების დაზოგვას შეძლებენ, რაც მათი პროდუქციის
ფასს დაბლა დასწევს. ამიტომ, როგორც გამოცემა „ავტომოტივ ნიუსი“ იუწყება,
ავტომწარმოებლები ორივე ორგანიზაციას სთხოვენ, გამოინახოს საერთო პლატფორმა, რის
საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საერთო, ამერიკულ-ევროპული სტანდარტების
შემუშავება.
ორივე კონტინენტის ავტომწარმოებლებმა, თავიანთი
ლობისტების დახმარებით, მიჩიგანის ტრანსპორტის კვლევის ინსტიტუტს (ენ არბორი,
მიჩიგანი) და გოთენბურგის (შვედეთი) ჩალმერსის უნივერსიტეტის ტრანსპორტის კვლევის
ჯგუფ SAFER-ს თხოვნა გაუგზავნეს, რათა შესაბამის საკანონმდებლო ორგანოებში,
ერთობლივი სტანდარტების შემუშავებისთვის საჭირო პროცესი დაიწყონ.
„ორივე რეგულატორი თვლის, რომ მისი სტანდარტები
საუკეთესოა. მათ აქვთ სინდრომი, რომელსაც ასე მოიხსენიებენ - „აქ არ გამოუგონიათ“.
ჩვენ გვინდა, მათ დავანახოთ, რომ ჩვენი სტანდარტები შეიძლება ოდნავ განსხვავებული
იყოს, მაგრამ საჭიროა ჰარმონიული გარემოს შექმნა, რომელიც მათი რეგლამენტების
ექვივალენტურ, საერთო სტანდარტებს მოგვცემს“, - ამბობს „ავტომწარმოებლების
ალიანსის“ წარმომადგენელი გლორია ბერგქვისტი. აღნიშნული ალიანსი არის აშშ-ის
ლობისტთა ჯგუფი, რომელშიც „ჯენერალ მოტორსი“, „ტოიოტა“ და „ფოლკსვაგენი“ შედის.
მიჩიგანის
უნივერსიტეტი და SAFER მალე შეუდგებიან სტანდარტების დაახლოებისთვის საფუძვლის
მომზადებას. ისინი ჯერ შეისწავლიან მონაცემებს, რის შემდეგაც სტანდარტების უნიფიკაციის
მეთოდოლოგიას შეიმუშავებენ.
No comments:
Post a Comment