GM Says, Happy 60th Anniversary Corvette!
30 ივნისი
30 ივნისს „შევროლე კორვეტს“ 60 წელი შეუსრულდა. სოლიდური
ასაკია, რომელსაც მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეული ავტომობილები აღწევენ. თუმცა ამის
მიუხედავად, „ჯენერალ მოტორსის“ სუპერ ავტომობილი ძველებურად პოპულარულია. მის
საიუბილეო თარიღს კი უახლესი „კორვეტ სტინგრეის“ გამოსვლა დაემთხვა. გუშინ კი
კომპანიამ „კორვეტის“ ისტორიასთან დაკავშირებული საინტერესო ამბები გამოაქვეყნა.
„კორვეტის“, როგორც კონცეპტუალური ავტომობილის
დებიუტი ნიუ იორკში, 1953 წელს, „ჯენერალ მოტორსის“ ავტო შოუ „ავტორამაზე“ შედგა.
მასზე ისეთი კარგი გამოხმაურება დაფიქსირდა, რომ გენერლებმა შეზღუდული რაოდენობით,
წლიურად სულ რაღაც, 300 ცალის წარმოება გადაწყვიტეს.კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ პირველი ათი წლის განმავლობაში, „კორვეტს“ მხოლოდ ღია ძარით აწარმოებდნენ. ავტომობილს სახურავი მხოლოდ მეორე თაობის გამოშვების შემდეგ გაუჩნდა. ეს 1963 წელს მოხდა, როცა ბაზარზე „კორვეტ სტინგრეი“ გამოვიდა. სხვათა შორის, ეს ავტომობილი იმითაც იყო საინტერესო, რომ უკანა შუშა შუაზე გაყოფილი ჰქონდა. დახურულმა ძარამ გაყიდვები გააორმაგა - მისი შეძენა ცივი კლიმატის რეგიონებშიც დაიწყეს.
შესაძლოა, არ დაიჯეროთ, მაგრამ „შევროლე კორვეტი“ არის მსოფლიოს რეკორდსმენი იმითაც, რომ ყველაზე დიდხანს გრძელდება მისი უწყვეტი წარმოება. ვინმემ შეიძლება „ფოლკსვაგენ ხოჭო“ ახსენოს, მაგრამ ამ ავტომობილს რამდენიმე წყვეტა ჰქონდა. „კორვეტს“ კი, დღიდან მისი კონვეიერზე დადგომისა, იქიდან ფეხი არ მოუცვლია. და ამ 60 წელიწადში სულ 1.56 მილიონი ცალი გაიყიდა. ნახევარმილიონიანი ზღვარი 1977 წელს გადალახა, მილიონიანი 1992 წელს, 1.5-მილიონიანი კი - 2009 წელს.
„კორვეტის“ მფლობელებს თავიანთი ავტომობილი V8 ძრავის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ თავიდან ავტომობილი ერთრიგა ექვსცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. მის კაპოტქვეშ V8 პირველად 1955 წელს გამოჩნდა და მალე „კორვეტის“ გაყიდვებში, ასეთი ძრავით აღჭურვილი ვერსიების წილმა 90 პროცენტს მიაღწია. ამის გამო, მალე ექვსცილინდრიანი ძრავი საერთოდ ამოვარდა გამიდან და მას შემდეგ, „კორვეტს“ მხოლოდ V8 ძრავს უდგამენ.
No comments:
Post a Comment