InMotion IM01 Aims to Break Nurburgring Record
and Win Le Mans
9 ივლისი
გსმენიათ პატარა ჰოლანდიურ კომპანია „ინმოუშნის“
შესახებ? ალბათ არაფერი, მაგრამ მალე გაიგებთ, რადგან ეს კომპანია, ქალაქ
აინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ამავე ქალაქის გამოყენებითი მეცნიერების
უნივერსიტეტის სტუდნტებთან ერთად, სარბოლი პროტოტიპის კლასის ავტომობილის
შესაქმნელად მუშაობს, რომლითაც მიზნად ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის გავლის
აბსოლუტური რეკორდის დამყარებას ეცდება.
წინასწარ ვერავინ იტყვის, შეძლებენ თუ არა
ჰოლანდიელები ამ ურთულესი მისიის შესრულებას, თუმცა თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ
ასეთი განსაკუთრებული მიზანი აქვთ დასახული, უკვე ყურადღებას იქცევს. საინტერესოა
ისიც, რომ მათი ავტომობილი, სახელად IM01, ოთხი ელექტრო ძრავით აღიჭურვება,
რომლებიც ბორბლებში განლაგდბა.
ნურბურგრინგის აბსოლუტური რეკორდი გერმანელ მრბოლ შტეფან
ბელოფს ეკუთვნის, რომელმაც ის ნურბურგრინგის 1000-კილომეტრიანი რბოლისას, 1983
წელს დაამყარა. მან ოცი კილომეტრი 6 წუთსა და 11.13 წამში გაიარა. სამწუხაროდ, ორი
წლის შემდეგ, ბელოფი სპას 1000-კილომეტრიანი რბოლისას მომხდარ კატასტროფაში
დაიღუპა. მოგვიანებით, ნურბურგრინგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოსახვევს მისი
სახელი უწოდეს.
ჰოლანდიურ კომპანიას იმედი აქვს, რომ მანქანა მომავალი
წლის ბოლომდე მზად იქნება. თუ ასე მოხდა, IM01-ს ლე მანის 2017 წლის რბოლაში, 56-ე
გარაჟიდან მოასპარეზეს ვიხილავთ, ყოველ შემთხვევაში, „ინმოუშნს“ ამის იმედი აქვს,
რადგან როგორც ზემოთაც ითქვა, პროტოტიპს მამოძრავებელ ძალას ელექტრო ძრავები მიანიჭებს.
გარდა ამისა, ავტომობილი მცირე ზომის შიდაწვის ძრავითაც აღიჭურვება, რომლის დანიშნულებაც,
გენერატორთან ერთად, ელექტრო ენერგიის გამომუშავება იქნება. ოღონდ ეს იქნება
როტორული ძრავი, რომელსაც ავტო კომპანიებს შორის, სერიულად მხოლოდ „მაზდა“ იყენებს.
ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ „ინმოუშნი“ სწორედ იაპონური ვანკელის ძრავის გამოყენებას
აპირებს.
ამ ძრავს, მინუსებთან ერთად, ბევრი უპირატესობაც
აქვს. ჯერ ერთი, კომპაქტურია, აქვს გაცილებით ნაკლები მბრუნავი ნაწილი, რაც მის
შიგნით ხახუნს ამცირებს. შესაბამისად, გაცილებით მაღალი მარგი ქმედების
კოეფიციენტით გამოირჩევა. საწვავის ეკონომიურ ხარჯთან ერთად, ჯამში ეს ყველაფერი ნიშნავს,
რომ ლე მანის რბოლისას, გაცილებით ნაკლები პიტ სტოპი დასჭირდება.
No comments:
Post a Comment