Porsche 911 Becomes 50 Years Old
4 ივნისი
თავის დროზე ალბათ თავად ფერდნანდ პორშეც ძნელად თუ
წარმოიდგენდა, რომ ეს ავტომობილი, თითქმის პირვანდელი სახით, ბაზარზე ამდენ ხანს
შემორჩებოდა. მაგრამ უბრალოდ კი არ შემორჩა, არამედ საავტომობილო ინდუსტრიის
ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი გახდა და დღესაც ძალიან პოპულარულია. თანაც, ის
ძირითადი საფირმო ელემენტებიც შეინარჩუნა, რომელიც „ფოლკსვაგენ ხოჭოს“ მონათესავე პირველ
911-ს ახასიათებდა. ესაა დამახასიათებელი სილუეტი და უკანა ღერძის უკან
მოთავსებული ოპოზიტური ექვსცილინდრიანი ძრავი.
ოქროს იუბილესთან დაკავშირებით, „პორშემ“ „911
კარერა S-ის“ ბაზაზე, სპეციალური ვერსია შეიმუშავა, რომელსაც მხოლოდ 1963 წელს
გამოუშვებს - სწორედ 1963 წელს დაიწყო ამ ლეგენდარული ავტომობილის ისტორია.
ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე (სწორედ ფრანკფურტში
გამოჩნდა პირველად 911) გაიმართება და იქვე აღნიშნავენ 911-ის იუბილეს. უკვე ცნობილია,
რომ ბრიტანეთში საიუბილეო 911, 92 257 გირვანქა სტერლინგი ეღირება. ევროპის სხვა
ქვეყნებისა და ამერიკის ბაზრისთვის ფასი მოგვიანებით გამოცხადდება.
საიუბილეო ავტომობილი ბაზირებულია „911 კარერა S-ზე“,
რომელიც 3.8-ლიტრიანი ოპოზიტური ექვსცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვვილი. აგრეგატი 395
ცხენის ძალას იძლევა. საბაზო ავტომობილის შასიზე, მისი სრულამძრავიანი ვერსია „კარერა
4-ის“ ძარაა დადგმული, რომელიც 44 მილიმეტრით განიერია. ძარას ორ ფერში შეღებავენ.
ერთია მუქი გრაფიტის ნაცრისფერი, მეორე კი უფრო ღია - გეიზერის ნაცრისფერი
მეტალიკი. სხვა გარეგნულ დამახასიათებელ თავისებურებათა და სპეციალური ემბლემის
გარდა, საიუბილეო ავტომობილი 20-დუიმიანი ბორბლებითაც გამოირჩევა.
ინტერიერში, თვალში საცემია სავარძლებზე გამოყენებული
საზურგე და ბალიშები, რომლებიც „პეპიტა“ შოტლანდურა ქსოვილითაა შემოსილი. სიმბოლურია,
რომ მსგავსი ელემენტი პირველ 911-ზეც გვხვდებოდა. რა თქმა უნდა, სალონის გასაფორმებლად,
„911 50“ ემბლემაც გამოიყენეს, რომელიც სავარძლების საკისრეების გარდა, კარის
ზღურბლზე არსებულ ალუმინის ფირფიტებზეც დაიტანეს. საერთო ჯამში, სალონი სისადავით
გამოირჩევა.
გარდა ამისა, ავტომობილი ასევე აღჭურვილია სპორტული
გამოსაბოლქვი სისტემით, საკუთარი აქტიური საკიდარის დახვეწილი ვერსიით, ასევე მაბრუნი
მომენტის გამანაწილებელი სისტემით და გაზრდილი ხახუნის დიფერენციალით. ნავიგაციის
სისტემას 4.6-დუიმიანი სენსორული მონიტორი ემსახურება. ეკიპირებაში ასევე შედის
ავტომატური კლიმატ კონტროლი და ბი-ქსენონური მთავარი ფარები.
No comments:
Post a Comment