დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 25, 2013

სტუმრად დიდ ჩემპიონთან (ვიდეო)

ანუ „რედ ბულის“ მიერ ახდენილი სიზმარი
25 ნოემბერი
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, სებასტიან ლოებთან ვიყავი, მასთან ფოტოები გადავიღე, მერე ვისადილე და რამე-რუმეებზეც ვისაუბრეთო, ვეტყოდი, კარგი სიზმარი გინახავს-თქო. მართლაც სიზმარს ჰგავს მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონთან ასეთი სიახლოვე. მაგრამ თურმე ხანდახან სიზმრებიც შეიძლება ახდეს... მეტადრე მაშინ, თუ ამას „რედ ბული“ მოისურვებს
***
მოტორსპორტის ლეგენდა ქართველების გარემოცვაში
ლოები ავტო-მოტორ სპორტის ისტორიაში, ყველაზე ტიტულოვანი მრბოლია. მასზე მეტჯერ (15) მსოფლიო ჩემპიონის წოდება (მოტორბოლებში) მხოლოდ ჯაკომო აგოსტინის აქვს მოპოვებული, ოღონდ ნახევარი არა უმაღლეს კლასში. სამაგიეროდ, ლოების ანგარიშზე ცხრა უმაღლესი ჯილდოა. თანაც, თითქმის ყოველ მეორე რბოლას იგებდა. 167 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 78 მოიგო, 116 კვარცხლბეკზე დაასრულა, 900 სპეცმონაკვეთზე უსწრაფესი იყო, სულ კი 1619 ქულას მოუყარა თავი.
ლოების ბედაური - მაკლარენ MP4-12C GT3
სხვათა შორის, ადრე ტანმოვარჯიშე ყოფილა, რაც მის ხელებს ახლაც ეტყობა. რალიზე 1995 წელს გადაერთო და 2001 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა (სიტროენით), რის შემდეგაც, მასთან კონტრაქტი „სიტროენმა“ გააფორმა, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატში ახალი მისული იყო. ლოებმა პირველივე სეზონის პირველივე რბოლა, ნავიგატორ დანიელ ელენასთან ერთად, მონტე კარლოში მოიგო, თუმცა რეგლამენტის დარღვევის გამო, გამარჯვება ჩამოართვეს. პირველი გამარჯვება გერმანიის რალიზე მოიპოვა. აქედან მოყოლებული, ლოები, ელენა და სიტროენი 2012 წლის სეზონის ბოლომდე განუყოფლები იყვნენ და ცხრა ტიტული ზედიზედ, 2004-2012 წლებში მოიპოვეს.
ჟურნალისტები სებასტიან ლოებ რეისინგის ბოქსში


წლევანდელ სეზონში ლოებმა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მხოლოდ ოთხ რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან პირველივე - მონტე კარლოს რალი მოიგო, შვედეთში მეორე ადგილს დასჯერდა, არგენტინაში ისევ მოიგო და საფრანგეთში ასპარეზობას გამოეთიშა. სამაგიროდ, ამ სეზონში, „პეჟოსთან“ ერთად (ვინც არ იცის - პეჟო და სიტროენი ერთი კომპანიის ბრენდებია), პაიკს პიკის ლეგენდარული სამთო რბოლა პირველივე შტურმით, რეკორდულ დროში გაიმარჯვა.
ლოები საკვალიფიკაციო რბოლის პაუზისას
ჩვენები ბრაზილიურ გუნდს ეცნობიან

ლოებს სხვა მიღწევებიც აქვს: სამჯერ (2003, 2005 და 2008 წლებში) მოიგო ჩემპიონთა რბოლა, 2004 წელს კი იმავე ტურნირზე, ჟან ალეზისთან ერთად, საფრანგეთს ეროვნებათა თასი მოაგებინა. 2006 წელს, ანრი პესკაროლოს სრულიად ფრანგულ გუნდთან ერთად, ლე მანის ლეგენდარულ 24-საათიან რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა (აბსოლუტურში) და მხოლოდ უძლეველი „აუდის“ საქარხნო გუნდის ეკიპაჟთან დამარცხდა. სხვათა შორის, მაშინ ოთხმა რგოლმა პირველად იასპარეზა დიზელის ძრავით აღჭურვილი პროტოტიპით, რომელიც ყველა მეტოქეს ერთი თავით სჯობდა.

დაკიდევ, ლოები 2007 და 2009 წლებში საფრანგეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. 2009 წელს კი საპატიო ლეგიონის ორდენოსანი გახდა. შარშან პირველად იასპარეზა X თამაშებში და პირველივე ცდაზე, რალიქროსის ფინალში გაიმარჯვა. ამ სეზონში, ის საკუთარი გუნდით (მაკლარენ MP4-12C GT3) FIA-ს GT სერიაში ასპარეზობდა, რომლის 6 რბოლიდანაც ერთი მოიგო. მომავალი სეზონიდან კი FIA-ს ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატში (WTCC), ისევ „სიტროენთან“ ერთად ჩაერთვება. მოკლედ, ლეგენდა გრძელდება და მის ისტორიას ალბათ კიდევ არაერთი სახელოვანი ფურცელი შეემატება.

***
ჰოდა დამეთანხმებით, ლოები მართლა სიზმრის პერსონაჟია. უფრო სწორედ, იყო, რადგან გასულ უქმეებზე რამდენიმე ქართველ ჟურნალისტს ეს სიზმარი ცხადად აუხდა და ამაში „დამნაშავე“, ჩვენი მასპინძელი - ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია „რედ ბულია“, რომელმაც ბაქოში მიგვიწვია, სადაც FIA-ს GT სერიის წლევანდელი სეზონის ბოლო ეტაპზე, „ბაქოს მსოფლიო გამოწვევაზე“ საასპარეზოდ, ლოები თავის გუნდთან ერთად ჩავიდა.

ეს ორი დღე მართლაც დაუვიწყარი იყო: ლოებთან შეხვედრა, მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოების გადაღება, სახელდახელო კითხვა-პასუხი, შემდეგ მისი გუნდის ბოქსებში სტუმრობა და იქიდან საკვალიფიკაციო რბოლისთვის თვალის დევნება. „რედ ბულის“ სტუმრები ბევრნი ვიყავით - ქართველი და ადგილობრივი ჟურნალისტები, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ამას გუნდის პერსონალისთვის გამართულად მუშაობაში ხელი არც კი შეუშლია.
ალვარო პარენტე ინტერვიუს იძლევა
მერე იყო შესვენება და სახელდახელო სადილი პილოტებთან და გუნდების პერსონალთან ერთად. დიდი ჩემპიონი ყველგან ისეთი თავმდაბალი იყო, როგორც მისი გუნდის რიგითი წევრები. ოღონდ, მისი ავტორიტეტის გამო, ჩვენი ყურადღება მოაკლდა ისეთ კარგ პილოტს, როგორიც ლოების მეწყვილე, პორტუგალიელი ალვარო პარენტეა. თუ არ იცით გეტყვით, რომ ამ 29 წლის პილოტს მოგებული აქვს ბრიტანეთის ფ3-ის და ფორმულა რენო 3.5 -ის მსოფლიო სერიის ტიტულები. სადილის შემდეგაც გასაუბრება და ავტოგრაფები. მერე კი ისევ პიტლეინი და რბოლისთვის მზადება. მასპინძლებისგან თითო საჩუქარი ყველას ერგო - გულსაკიდი, რომელზეც აღნიშნულია, რომ მისი მფლობელი, ყველგან ლოების პირადი VIP სტუმარია, სადაც ის ასპარეზობს!

სხვათა შორის, ლოებთან სტუმრობას კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა ახლდა თან. შეხვედრა ფორმულა ერთის ისტორიის მცირე ნაწილთან - FIA-ს GT სერიის „ბაქოს მსოფლიო გამოწვევის“ სესიებს შორის შუალედს, ფ1-ის ვეტერანი ავტომობილების გარბენი ავსებდა. თანაც, ქალაქის ქუჩებში სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე, რომელიც დროშის მოედნის სიახლოვეს გადიოდა, ფ1-ის ჩემპიონი ბოლიდებიც კი ვიხილეთ. მათ შორის, „მაკლარენ M23“, რომლითაც ბრიტანელმა ჯეიმს ჰანტმა 1976 წლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, „უილიამს FW07“, რომლითაც ავსტრალიელი ალენ ჯონსი გახდა ჩემპიონი და „მატრა MS80“, რომლითაც ლეგენდარულმა შოტლანდიელმა ჯეკი სტიუარტმა 1969 წელს თავისი პირველი (სამიდან) ტიტული მოიპოვა.
მატრა MS80

მაკლარენ M23

უილიამს FW07
გასაუბრებისას ლოებმა მოგვიყვა, რომ FIA-ს GT სერიაში ვეტერან პილოტებთან ერთად, ის ახალგაზრდებიც ასპარეზობენ, რომლებიც შემდგომში გამძლეობაზე რბოლებში აპირებენ გადასვლას. სხვათა შორის, პარენტეც სწორედ სტაჟირებისთვის არის ლოების გუნდში და იმევდროულად, გამძლეობაზე რბოლებშიც ასპარეზობს. ვინც არ იცის, მათთვის - გამძლეობაზე რბოლის მარგალიტია ლე მანის 24 საათი, ასევე ნურბურგრინგის და სპას 24-საათიანი რბოლები. ლე მანთან დაკავშირებით თავის სამომავლო გეგმებზე მკაცრად გააქნია თავი - სარტეზე აღარ დავბრუნდებიო. არადა, მისი წყალობით, WTCC-ს სერიაში „სიტროენი“ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა და პირველივე სეზონში თუ არა, დარწმუნებული იყავით, მეორე სეზონიდან, ეს ტანდემი სერიოზულ ძალად გარდაიქმნება.

***
ბაქოს რბოლა მონაკოელი სტეფან ორტელის (ლე მანი აქვს მოგებული) და ახალგაზრდა ბელგიელი ლორენს ვანტჰოორის გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც ამით სერიის ჩემპიონის წოდებაც დაისაკუთრეს. მათთან ერთად, ჩემპიონის ტიტულს მათი გუნდი „ბელგიან აუდი კლაბ ტიმ WRT-ც“ დაეუფლა, რომელსაც ჯილდოდ 100 000 ევროიანი ჩეკიც გადაეცა.
სტარტი

სტარტი






რბოლისას რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომელთაგან ერთში ლოების და პარენტეს ეკიპაჟიც მონაწილეობდა. თუმცა ამის მიუხედავად, მათმა „მაკლარენმა“ ფინიშის ხაზი მაინც მეოთხემ გადაკვეთა. რბოლის შემდეგ კი სტიუარდებმა აღმოაჩინეს, რომ მეორე და მესამე ადგილებზე გასულ „ჰექსის რეისინგ მაკლარენის“ (რობ ბელი, ბრიტანეთი და კევინ ესტრე, საფრანგეთი) და „HTP გრავიტი ჩაროუზის“ (მერსედeს SLS AMG GT3 - ელონ დეი, ისრაელი და მაქსიმილიან ბუკი, გერმანია) ეკიპაჟებმა ინციდენტები გამოიწვიეს, რისთვისაც ისინი 10-10 წამით დასაჯეს და საბოლოოდ, მეორე ადგილზე „სებასტიან ლოებ რეისინგი“ გავიდა. ჩვენი მასპინძლის გუნდმა სეზონიც მეორე ადგილზე დაასრულა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment