დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 9, 2014

„ლენდ როვერმა“ გამჭვირვალე კაპოტი გამოიგონა

Land Rover Invents "Transparent" Hood that's Great for Offroading
9 აპრილი
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ შექმნილი აქვს სისტემა, რომელიც კაპოტის ქვეშ არსებული გზის დანახვის საშუალებას იძლევა და ამგვარად, გამჭვირვალე კაპოტის შთაბეჭდილებას ქმნის. ამ ეტაპზე, ეს სისტემა ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს და ბრიტანული კომპანია მას ნიუ იორკის ავტო შოუზე, კონცეპტუალურ „დისქავერი ვიჟნთან“ ერთად გვიჩვენებს. „ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ ახალი სისტემა ავტომობილის მართვას გააადვილებს და უფრო უსაფრთხოს გახდის.
რა თქმა უნდა, კაპოტი გამჭვირვალე არაა. ასეც რომ იყოს, მის ქვეშ გზის დანახვა მაინც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ამის საშუალებას ძრავი და კაპოტის ქვეშ მოთავსებული სხვა სისტემები არ მოგვცემდა. გამჭვირვალობის მისაღწევად, რადიატორის ცხაურში ჩამონტაჟებული კამერები, გზის საფარის ჩაწერას ახორციელებს, მიღებული გამოსახულება კი გადამუშავების შემდეგ, „საზრიან“ საქარე შუშაზე იმგვარად პროეცირდება, რომ კაპოტის გამჭვირვალობის ეფექტს ქმნის.
უგზოობის პირობებში პრემიუმ კლასის ავტომობილით გადაადგილებისას, ყველგანმავლის რაოდენ კარგი თვისებებითაც უნდა გამოირჩეოდეს, მის სრულ პოტენციალს იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ გამოიყენებთ, რომ ყოველთვის გექნებათ შიში, დიდ ლოდზე ან მყარ სხეულზე არ გადაიაროთ, რომელიც ძვირადღირებულ ავტომობილს რამეს დაუზიანებს. მაგრამ თუ ხედავთ, რა არის კაპოტის ქვეშ, თავდაჯერებულობაც იზრდება.
გამოსახულების გარდა, „გამჭვირვალე კაპოტზე“ ასევე შესაძლებელი იქნება ძრავის ბრუნთა რიცხვის, გადაცემის საფეხურის, მოხვევის კუთხის, ბორბლების მდგომარეობის და სრულ ამძრავიანი ტრანსმისიის მუშაობის მონაცემების გამოტანა. „ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ ცუდ გზაზე მოძრაობის გარდა, ეს სისტემა ვიწრო ადგილზე პარკირების დროსაც მოსახერხებელი იქნება.
„ლენდ როვერი“ ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმაზე, თუ როდის შეიძლება მსგავსი სისტემა სერიულ ავტომობილებზე ვიხილოთ. სავარაუდოდ, თავიდან „გამჭვირვალე კაპოტს“ მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ.
„რაც დრო გადის, ჩვენი ავტომობილები სულ უფრო მეტად იძენენ ავტონომიური მართვის შესაძლებლობებს. მთავარია, ნებისმიერი სირთულის გზაზე მოძრაობისას, მძღოლს თავდაჯერებულობა ჰქონდეს, რაშიც ახალი სისტემები დაეხმარება. ჩვენ ვმუშაობთ ახალ ტექნოლოგიებზე, მათ შორის, გამჭვირვალე კაპოტზე, რომლებიც მძღოლს გარემოს უკეთ დანახვის და აღქმის საშუალებას მისცემს და დაეხმარება როგორც რთულ გზებზე მოძრაობისას, ასევე ქალაქის ვიწრო ქუჩებში მანევრირებისას“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევისა და ტექნოლოგიების შტოს დირექტორი, დოქტორი ვოლფგანგ ეპლე.


No comments:

Post a Comment