Ferrari plays down Raikkonen return reports
15 აგვისტო
„ფერარიმ“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის
შესახებ, რომ თითქოს, მომავალი სეზონიდან, კიმი რაიკონენი უბრუნდება. სხვათა
შორის, მარანელოელთა ხელმძღვანელობამ ეს ხმები ორი კვირის წინაც უარყო, როცა ისინი
პირველად გავრცელდა. მაგრამ ამჯერად „სკუდერიას“ ფინურ პრესაში გავრცელებული
ხმების უარყოფა მოუხდა.
„ამ ეტაპზე, მრბოლთა ბაზრით დაინტერესებულნი არ
ვართ“, - განაცხადა „ფერარის“ პრეს მდივანმა. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ მარანელოელები
ფელიპე მასას გაშვებასაც არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ბრაზილიელს
ადგილის დაკარგვა არ ემუქრება, თუმცა სეზონის ბოლოსაც ასე იქნება თუ არა, ეს
მეტწილად მასზევეა დამოკიდებული.
რაიკონენის დაბრუნების შემთხვევისთვის, ორი
ვარიანტი განიხილებოდა. ერთის მიხედვით, ფინელი მასას შეცვლიდა. მეორეს
შემთხვევაში კი მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი ალონსოს ადგილს დაიკავებდა, რომლის
მოსვლასაც, 2010 წელს კიმის რალიში გადასვლა მოჰყვა. ამ შემთხვევაში, ვერსიის
გაგრძელება ალონსოს „რედ ბულში“ გადასვლას ვარაუდობდა.
ყველაზე რეალურ ვერსიას გერმანული „აუტო მოტორ უნდ
შპორტი“ გვთავაზობს, რომელიც ვარაუდობს, რომ რაიკონენის „რედ ბულსა“ და „ფერარიში“
შესაძლო გადასვლის ხმებს მრბოლის მენეჯერები ავრცელებენ, რომლებიც ამგვარად, „ლოტუსთან“
(და შესაძლოა „რედ ბულთანაც“) მოლაპარაკებისას, კოზირის მოპოვებას და ამით,
უკეთესი პირობების მიღწევას ცდილობენ.
No comments:
Post a Comment