დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 4, 2013

ფეტელი ისევ პოულზეა

Motor racing-Vettel on pole position for Korean Grand Prix
5 ოქტომბერი
მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა სებასტიან ფეტელმა კორეის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ზედიზედ მეოთხე ტიტულს. მან 0.218 წამით აჯობა ლუის ჰამილტონს, რომელსაც 0.044 წამით ჩამორჩა ფეტელის თანაგუნდელი მარკ ვებერი. თუმცა, ვებერი სტარტზე მე-13 ადგილს დაიკავებს, რადგან სინგაპურის რბოლის შემდგომ, ფერნანდო ალონსოს მანქანით „მგზავრობისთვის“ ათადგილიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ფეტელმა ზედიზედ მესამე, კარიერაში კი 42-ე პოული მოიპოვა. მან უსწრაფესი წრე კვალიფიკაციის მესამე სექტორის დასაწყისშივე დააფიქსირა და მისი გაუმჯობესება ვეღარავინ მოახერხა. თავისუფალ პრაქტიკებზე მანქანით ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ ბიჭებმა საკვალიფიკაციოდ კარგად მოამზადეს და ამან მომაგებინაო, - განაცხადა ფეტელმა, ვინც მესამე პრაქტიკაზეც უსწრაფესი იყო, თუმცა პირველ ორზე მხოლოდ ჰამილტონს ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ კორეაში რბოლისთვის ტაიფუნი იყო მოსალოდნელი. მაგრამ შემდეგ გამოიდარა და მართალია, წვიმას მაინც ელიან, მაგრამ შესაძლოა, ამინდი აღარც გაფუჭდეს. თუმცა, ფეტელი ამბობს, რომ მისთვის სულერთია, როგორი ამინდი იქნება - გარაჟში წვიმის საბურავებიც გვაქვსო.
საინტერესოა ისიც, რომ კორეული რბოლა აქამდე სულ სამჯერ ჩატარდა და ის მხოლოდ ორ მრბოლს აქვს მოგებული - 2010 წელს ალონსოს და მომდევნო ორ სეზონში კი - ფეტელს. ალონსო კვალიფიკაციაზე კვლავ მოწინავე ათეულის შუაში დარჩა, მაგრამ ვებერის დასჯის გამო, სტარტს მეხუთე პოზიციიდან აიღებს. ის კარგი სტარტით გამოირჩევა, თუმცა ამჯერად პირველივე მოსახვევში გასწრებას არ გეგმავს და აი, რატომ:
„აქ პირველ მოსახვევში სივრცე შეზღუდულია და ამიტომ, იქ ყველა ერთ რიგში დაწყობილები შევდივართ. გასწრების შანსები მესამე და მეოთხე მოსახვევებში მექნება. DRS-ის ორჯერ გამოყენებით, ეს ძნელი არაა. ასე რომ, აქ სტარტის მოგება იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც სინგაპურში“, - ამბობს ალონსო. ჰამილტონი კი იხსენებს, რომ ორი წლის წინ, მან სტარტი პოულიდან აიღო, მაგრამ პირველ მოსახვევში ფეტელმა შეასწრო. ჰოდა, ახლა სამაგიეროს გადახდას ვაპირებო.
მოწინავე ათეულში ორივე „ზაუბერი“ მოხვდა. ნიკო ჰულკენბერგი მეშვიდე ადგილზეა, თუმცა ვებერის ჯარიმის წყალობით, ერთი საფეხურით წინ წაიწევს. სამაგიეროდ, ათეულში ვერცერთი „მაკლარენი“ ვერ შევიდა, რაც ამ სეზონში მეორედ მოხდა. პირველივე ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს „უილიამსის“ მრბოლებმა.

კორეის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:37.202
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:37.420
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:37.464
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:37.531
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:37.679
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:38.038
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:38.223
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:38.237
9. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:38.405
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:38.822
- - - - - - - - - -
11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:38.362
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:38.365
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:38.417
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:38.431
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:38.718
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:38.781
- - - - - - - - - -
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:39.470
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:39.987
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:40.864
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:40.871
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:41.169
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)       1:41.322

No comments:

Post a Comment