დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 6, 2013

ჰამილტონი გერმანიაშიც პოულზეა

Hamilton seizes pole in Germany for Mercedes
6 ივლისი 
ლუის ჰამილტონმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა პოულ პოზიცია, ამჯერად მისი გუნდის - „მერსედესის“ საშინაო რბოლაში. დაძაბულ პაექრობაში, მან სებასტიან ფეტელს აჯობა. სამაგიეროდ, არ გაუმართლა ჰამილტონის თანგუნდლ ნიკო როსბერგს, რომელმაც კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში გასვლაც ვერ შეძლო. კვლავ კარგად იასპარეზა „ტორო როსოს“ ავსტრალიელმა დანიელ რიკიარდომ, ვისაც „რედ ბულში“ გადასვლის რეალური შანსი აქვს. ისევე როგორც ბრიტანეთში, მან ამჯერადაც მე-6 შედეგი აჩვენა.
როსბერგის გარეთ დარჩენა მისი სისწრაფის შედეგი არაა. უბრალოდ, გუნდმა ჩათვალა, რომ მისი დრო საკმარისი იყო ფინალურ ეტაპზე გასასვლელად. მაგრამ მეორე სეგმენტში რბოლა ძალიან დაძაბული გამოდგა - პირველი და მეათე ადგილები 0.444 წამმა დააშორა. და როცა სამქიმიანები მიხვდნენ, რომ ნიკოს გარეთ დარჩენა ემუქრებოდა, უკვე გვიანი იყო. არადა, ნარბოლევს როსბერგმა გულდაწყვეტილმა თქვა, აქაც შეგვეძლო მოწინავე რიგის დაკავებაო.
ჰამილტონი კი, თავისი გამარჯვებით ცოტა გაკვირვებულიც იყო. ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ მეორე და მესამე პრაქტიკებზე თურმე მისი მანქანა ისე ვერ მიდიოდა, როგორც თავად ისურვებდა. თანაც, მესამეზე უარესად. „კვალიფიკაციის წინ, მანქანაში ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ იმის იმედით, რომ ეს სასურველ შედეგს მოგვცემდა. ძალიან მადლობელი ვარ ბიჭების, რომ პოულის მოპოვების შანსი მომცეს“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც კარიერაში 29-ე პოულ პოზიციას დაეუფლა.
ფეტელმა მართლა ლომივით იბრძოლა და კვალიფიკაციის ბოლოს თითქმის შეუძლებელი შეძლო. თითქოს, პოულიც მას უნდა დარჩენოდა, მაგრამ ამ სეზონში კვალიფიკაციებში „მერსედესი“ და მისი პილოტები მართლა შეუდარებლები არიან. ცნობისათვის, ამ სეზონში სულ ცხრა საკვალიფიკაციო რბოლა ჩატარდა, რომლებიც ფეტელის, როსბერგის და ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა. თანაც, ყველას ანგარიშზე 3-3 პოულია.
ისევე როგორც სამივე პრაქტიკაზე, ამჯერადაც მესამე დრო ჰქონდა მარკ ვებერს, ვინც სილვერსტოუნზე ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა. ვებერმა ავსტრალიელმა უკან ჩამოიტოვა კიმი რაიკონენი, რომელმაც შესაძლოა, მომავალ სეზონში „რედ ბულში“ სწორედ მისი ადგილი დაიკავოს.
„ფერარის“ პილოტები ისევ უკან (ათეულის უკანა ნაწილში) არიან. თანაც, ფელიპე მასამ ფერნანდო ალონსოზე უკეთესი დრო აჩვენა, რაც იშვიათად ხდება ხოლმე. თუმცა, ხომ გახსოვთ, ბრიტანეთშიც ასე იყო და ალონსომ მაინც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. რაც შეეხება რიკიარდოს, მას „რედ ბულში“ გადასვლის რეალური შანსი გაუჩნდა და ეს უკვე მეორე რბოლაა, ათეულში დაიმკვიდრა ადგილი. ასე თუ გააგრძელა, წითელი ხარები ვებერის ადგილზე ალბათ სწორედ მას მიიწვევენ და არა რაიკონენს.

დაბოლოს, გერმანიის დიდი პრიზი პილოტების მხრიდან ბოიკოტს გადაურჩა! საქმე ისაა, რომ პრაქტიკებზე და კვალიფიკაციაში, საბურავების გასკდომის ერთი პრეცედენტის შემთხვევაშიც კი, ისინი რბოლაში არგამოსვლით იმუქრებოდნენ. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. „პირელიმ“ ნურბურგრინგზე მოდიფიცირებული უკანა საბურავები ჩაიტანა, რომელთა შიდა რკალიც კევლარისგან არის დამზადებული. თანაც, გუნდები იტალიური კომპანიის მიერ წარდგენილ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებენ...

გერმანიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)        1:29.398
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)           1:29.501
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:29.608
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:29.892
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:29.959
6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:30.528
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:31.126
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:31.209
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             დროის გარეშე
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)             დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                1:30.326
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)         1:30.697
13. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                    1:30.933
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)              1:31.010
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)          1:31.010
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)          1:31.104
- - - - - - - - - -
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)               1:31.693
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)   1:31.707
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                    1:32.937
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                   1:33.063
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:33.734
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                  1:34.098

No comments:

Post a Comment