Mark Webber to leave Formula 1 for Porsche Le Mans
programme
27 ივნისი
მარკ ვებერმა გამოაცხადა, რომ ტოვებს ფორმულა ერთს და მომავალი სეზონიდან, „პორშეს“ ლე მანის LMP1 პროგრამას შეუერთდება. ამგვარად, „რედ ბულში“ ვაკანსია გაჩნდა, რომელზეც პრეტენზია მხოლოდ ტოპ პილოტებს შეიძლება ჰქონდეთ და რომელიც ფაქტობრივად, სატრანსფერო სეზონის დაწყებას ნიშნავს. ამ ეტაპზევე შეიძლება თქმა, რომ ავსტრალიელის ადგილზე მიწვევის ყველაზე რეალური კანდიდატი კიმი რაიკონენია.
აღსანიშნავია, რომ ვებერის „პორშეში“ შესაძლო
გადასვლაზე ავტოსპორტული მედია ჯერ კიდევ ამ სეზონის დასაწყისში წერდა. სპორტული
პროტოტიპების კლასი ვებერისთვის უცხო ხილი არაა - სანამ ფ1-ში მოვიდოდა, სწორედ ამ
კლასში ასპარეზობდა (1998-1999 წლებში) „მერსედესის“ მანქანით, რის შემდგაც ჯერ
ფორმულა 3000-ში, შემდეგ კი ფ1-ში გადავიდა, სადაც 2002 წელს „მინარდის“ მანქანით
შედგა მისი დებიუტი.
მერე იყო ჯერ „იაგუარი“, შემდეგ „უილიამსი“, 2008
წელს კი „რედ ბულში“ გადავიდა, რომელსაც დღემდე შემორჩა. სწორედ წითელი ხარების
მანქანით მოიგო კარიერაში პირველი რბოლა და რაც მთავარია, ტიტულისთვის ბრძოლის
შესაძლებლობაც მიეცა, თუმცა ბოლო სამ სეზონში ერთთავად სებასტიან ფეტელის ჩრდილში
მოექცა. მათ შორის არაერთხელ დაიძაბა ურთიერთობა და გუნდიც ხშირად გერმანელის
მხარეს იჭერდა. როგორც ჩანს, ვებერის საბოლოო გადაწყვეტილებაზე სწორედ ამ ფაქტორმა
იქონია გავლენა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ „პორშეს“ წევრი ვხდები,
რომელიც ლე მანის უმაღლეს კატეგორიაში ბრუნდება და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო
ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. „პორშეს“ სახელოვანი სარბოლო ისტორია და ტრადიციები
აქვს და ყოველთვის შესაშური შედგებით გამოირჩევა. ჩემთვის ეს ახალი და ძალიან
საინტერესო გამოწვევაა, რომლის დაწყებასაც მოუთმენლად ველი. ფ1-ის შემდეგ ეს
შესანიშნავი გაგრძელება იქნება. რა თქმა უნდა, „პორშეს“ უმაღლესი მიზნები აქვს
დასახული. ველი მომენტს, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ უსწრაფესი ავტომობილის მართვის
საშუალება მომეცემა“, - განაცხადა ვებერმა.
ავსტრალიელის გარდა, „პორშეს“ LMP1 პროგრამაში
მონაწილეობას მიიღებენ შვეიცარიელი ნილ იანი, ფრანგი რომენ დუმასი და გერმანელი ტიმო
ბერნჰარდი. გერმანული კომპანიის კვლევისა და განვითარების შეფი ვოლფგანგ ჰატცი აღტაცებულია
იმით, რომ მის გუნდს ვებერი შეუერთდა. „პორშეს“ LMP1
პროგრამის ხელმძღვანელი ფრიც ერცინგერი ვებერს ფ1-ში მუშაობის პერიოდიდან იცნობს
და აღიარებს, რომ ავსტრალიელი ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო პილოტია ფ1-ში.
No comments:
Post a Comment