დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 1, 2013

უახლეს სუპერ-ჰიბრიდები მწვანე ავტომობილების ავტორიტეტს გაზრდისლაფერარის შასი

Hyper-hybrid LaFerrari could redefine green cars
1 აპრილი
ფერარი ლაფერარი
ჟენევის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, უდაოდ „ფერარის“ უახლესი, ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილი „ლაფერარი“ იყო, რომელიც ბაზარზე თავის მთავარ კონკურენტ „მაკლარენ P1-თან“ ერთად გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მისი დებიუტი, მიუხედავად ძალიან შეზღუდული წარმოებისა, ავტოსამყაროში გამორჩეული მოვლენაა. თუმცა, უფრო მთავარი ამჯერად ისაა, რომ ეს ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი. და ეს მის მახასიათებლებს არათუ აკნინებს, არამედ კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის!
ჟენევაში „ლაფერარით“ განსაკუთრებით რატან ტატა აღფრთოვანებულა. ეს კაცი ინდოეთის უმდიდრესი ადამიანია. მან დაწვრილებით დაათვალიერა ეს შესანიშნავი ავტომობილი, რომელიც 1 მილიონი ევრო ღირს. „შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ფული არ მაქვს“, - იხუმრა ტატამ, ვინც „ფერარის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდმარე ლუკა დი მონტეძემოლოს ახლო მეგობარია.
თუმცა, რომ ვერ იყიდის, ეს სიმართლესთან ახლოსაა - ჟენევაში გამოცხადდა, რომ 499-ვე ავტომობილზე, რომლების გამოშვებასაც „ფერარი“ აპირებს, წინასწარი შეკვეთა უკვე მიღებულია... მაგრამ „ფიატის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე ამბობს, რომ ერთი ეგზემპლარი, გამონაკლისი შემთხვევისთვის შემონახული აქვს.
ლაფერარის ჰიბრიდული დანადგარი

მაინც, რამ გადააწყვეტინა „ფერარის“ ჰიბრიდული აგრეგატის გამოყენება? დი მონტეძემოლო ამის ორ მიზეზს ასახელებს: „პირველი ისაა, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ტექნიკის დახვეწას. მეორეც, ჩვენ გამონაბოლქვზე ახალი სტანდარტების დაკმაყოფილებას ვცდილობთ“. ისევე როგორც კონკურენტ „მაკლარენს“, „ფერარისაც“ ჰიბრიდული ტექნოლოგიების შემუშავების გამოცდილება ფორმულა 1-ში აქვს მიღებული. და ბუნებრივია, ამ გამოცდილების საგზაო ავტომობილებშიც გამოყენებას ცდილობენ. „პორშემ“ კი თავის ჰიბრიდულ როდსტერ „918 სპაიდერის“ შემუშავებისას, ასევე ფ1-ის საჯინიბოს - „უილიამსის“ გამოცდილება გამოიყენა. გარდა ამისა, თავიანთი ავტომობილების წარმოებისას, სამივე ინტენსიურად იყენებს კარბონის კომპოზიტს, რის შედეგადაც, ავტომობილის წონა მცირდება და მზიდი სტრუქტურის სიმტკიცე იზრდება.

ლაფერარის კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონკოკური შასი
სამივე ავტომობილზე ერთი პრინციპით მომუშავე ჰიბრიდული სისტემებია გამოყენებული და ისინი იმ ჭარბი ენერგიის რეგენერაციაზე მუშაობს, რომლებიც ჩვეულებრივ, იკარგება ხოლმე. „დაჭერილი“ ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება და ელემენტების ბლოკში ინახება, რის შემდეგაც, საჭიროების შესაბამისად, მას ელექტროძრავი ღებულობს. „ფერარის“ და „მაკლარენის“ შემთხვევაში, ჰიბრიდული აგრეგატების სიმძლავრე 900 ცხენის ძალაზე მეტია. ოდნავ მცირე სიმძლავრე აქვს „918 სპაიდერს“, თუმცა ბოლო ინფორმაციით, სიმძლავრის გაზრდაზე ზრუნვა ცუფენჰაუზენშიც დაიწყეს და მათი სუპერ ავტომობილის სიმძლაბვრე სავარაუდოდ, გაიზრდება.
მაკლარენ P1

„პორშე 918 სპაიდერზე“ 4.6-ლიტრიან V8-სთან ორი ელექტროძრავია შეწყვილებული. მათგან ერთი წინაა განლაგებული, მეორე - უკან. სამივეს ჯამური სიმძლავრე 770 ცხენის ძალაა, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს აღწევს. ეს ავტომობილი გერმანულმა კომპანიამ პირველად 2010 წელს გვიჩვენა ჟენევის მოტორ შოუზე და მას შემდეგ, მის სრულყოფაზე მუშაობს.
ყველაზე ოპერატიულად „მაკლარენმა“ იმუშავა - შარშან, პარიზის მოტორ შოუზე, კონცეპტუალური P1 წარადგინა და რამდენიმე თვეში, ჟენევის გამოფენაზე, მისი მსოფლიო პრემიერაც ჩაატარა. მისი სუპერი 3.8-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი ძრავით და ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. მაქსიმალური სიმძლავრე 903 ცხენის ძალაა, სიჩქარე კი - 350 კმ/სთ.
პორშე 918 სპაიდერი
რაც შეეხება „ლაფერარის“, რომელმაც იტალიური კომპანიის გამაში ლეგენდარული „ენცოს“ ადგილი დაიკავა, მის ჰიბრიდულ სისტემაში 6.3-ლიტრიანი V12 და ელექტროძრავი შევიდა. მათი ჯამური სიმძლავრე 963 ცხენის ძალაა, ავტომობილის სიჩქარე კი - 350 კმ/სთ. საინტერესოა, რომ ეს არის ყველა დროის ყველაზე მძლავრი და სწრაფი საგზაო „ფერარი“.

დიდი ხანია, მწვანე ავტომობილების სეგმენტში „ტოიოტა პრიუსი“ ეული მოთამაშე აღარაა. ამ ავტომობილს ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა, მაგრამ აქამდე, ასეთ ავტომობილებს მაინც ბევრი ალმაცერად უყურებდა. ავტომობილებს, რომლებიც ენერგიის წყაროდ ელექტროენერგიას იყენებენ, ბევრი ტროლეიბუსად მოიხსენიებდა. მაგრამ ამიერიდან, ამ სიტყვას ალბათ დაივიწყებენ, რადგან მწვანე ენერგიის ათვისება ელიტამაც, უსწრაფესი და უმძლავრესი ავტომობილების წარმოებით დაიწყო...

No comments:

Post a Comment