დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 20, 2013

როსბერგი ბაჰრეინის პოულზეა

Rosberg takes pole for Mercedes in Bahrain
20 აპრილი
ზედიზედ მეორე ეტაპია, საკვალიფიკაციო რბოლას „მერსედესის“ მრბოლები იგებენ. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამქიმიანი ემბლემით დამშვენებულ ბოლიდს, ერთი სწრაფი წრის გავლა შეუძლია. ის რბოლაშიც ბევრზე სწრაფია, რაც ჯერჯერობით, მხოლოდ კვარცხლბეკის ქვედა საფეხურების დასაკავებლად კმარა. თუმცა გამარჯვებისთვის ჯერჯერობით საკმარისი არაა. და ეს ნიკო როსბერგმა, ბაჰრეინის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგაც განაცხადა.

ბაჰრეინის ტრეკი ის ადგილია, სადაც სტარტზე მეოთხე ადგილზე უკან მდგარ მრბოლს გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია. ეს კი კვალიფიკაციის შედეგების მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს. თუ ამ სტატისტიკას მივყვებით, რბოლაში გამარჯვების რეალური შანსი, როსბერგის გარდა, სებასტიან ფეტელს, ფერნანდო ალონსოს და ფელიპე მასას ექნებათ (იხილეთ სასტარტო განლაგების ცხრილი). ამასთან, გასაგები მიზეზების გამო (ფერარის ფანები ნუ გაგვიბრაზდებიან), მასას შანსები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდბა, თუ ამ შანსს ალონსო დაკარგავს, ვისაც ბაჰრეინში სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული.


„გაოცებული ვარ? საკმაოდ. ახლაც ძნელია იმის თქმა, თუ ვინაა ყველაზე სწრაფი ერთ წრეზე. ძალიან მინდა, რომ ჩემთვის ეს სეზონის დასაწყისი გახდეს. პირველ სამ ეტაპზე ძალიან გამიჭირდა. ეს კვალიფიკაცია კი ჩემთვის პირველი იყო, რომელმაც ნორმალურად ჩაიარა“, - ყვება როსბერგი, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული მეორე პოულ პოზიციაა. პირველს ერთი წლის წინ, ჩინეთში დაეუფლა. „მერსედესმა“ კი, ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, პირველად შეძლო ზედიზედ ორი პოულის მოპოვება.
წინა სამი ეტაპიდან, როსბერგმა ორი ვერ დაასრულა, მალაიზიაში კი გუნდური მითითების გამო არ გაასწრო თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, რომელმაც ის რბოლს მესამე ადგილზე დაასრულა. მითითების მიზეზი ის იყო, რომ ორივეს საწვავი გამოლევაზე ჰქონდა და ამის გამო, ისინი ეკონომიურ რეჟიმზე გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ფ1-ში როსბერგის დებიუტი სწორედ ბაჰრეინში (2006 წელს) შედგა. პოულზე კი დგას, მაგრამ როსბერგი ამბობს, რომ უკანა საბურავები ძალიან სწრაფად ცვდება, რაც ყველაზე მეტად აფიქრებს. „ძნელი სათქმელია, სარბოლ რეჟიმშიც გვექნება თუ არა საკმარისი სიჩქარე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მცდელობას არ მოვაკლებთ“, - ამბობს მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონ კეიო როსბერგის შვილი.
ნიკოს თანაგუნდელმა ჰამილტონმა მეოთხე დრო აჩვენა, მაგრამ სტარტზე მეცხრე ადგილს დაიკავებს, რადგან მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოცვალეს, რომელიც მესამე პრაქტიკაზე, გახეთქილმა უკანა საბურავმა დააზიანა. საბურავი კი, თუ „პირელის“ დავუჯერებთ, ტრასაზე არსებულმა ნამსხვრევმა დააზიანა.
ჰამილტონის მსგავსად, საკვალიფიკაციო პოზიციაზე ვერ დადგება მარკ ვებერიც, ვისთვისაც ბაჰრეინული რბოლა კარიერაში მეორასეა. ვებერს შანჰაიდან გამოყოლილი ჯარიმის გამო, სტარტზე სამი ადგილის დათმობა უწევს. ამ ორი უკან დაწევის გამი, მეორე რიგში, ალონსოს გვერდში დადგება მასა, ვისაც დიდი გარჯა მოუწევს იმისათვის, რომ „ფერარიში“ ადგილი შეინარჩუნოს - მარანელოელთა საჯინიბოს შეფმა სტეფანო დომენიკალიმ ხმამაღლა ილაპარაკა იმაზე, რომ შესაძლოა, გუნდში ჟიულ ბიანკი მიიწვიონ. მართალია, არ დაუკონკრეტებია როდის და ზოგადად თქვა მომავალშიო, მაგრამ მასასთვის ეს მესიჯი შეიძლება იყოს...
თუ როსბერგის არცთუ ოპტიმისტურ განწყობას გავითვალისწინებთ, შესანიშნავი პოზიცია უკავია ფეტელს, რომელსაც ალონსოსავით კარგი სტარტი აქვს და დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამარჯვებისთვის სწორედ ეს ორი პილოტი იბრძოლებს. ამ პროგნოზს ამყარებს ის ფაქტიც, რომ პოტენციურად მათი ყველაზე რეალური კონკურენტი კიმი რაიკონენი, სტარტზე მერვე პოზიციაზე დადგება...

ბაჰრეინის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:32.330
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:32.584
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:32.667
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:32.762
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:33.078
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                              1:33.207
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:33.235
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)                1:33.246
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:33.327
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:33.762
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:33.914
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:33.974
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:33.976
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:34.105
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:34.284
- - - - - - - - - -
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:34.425
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:34.730
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1:35.283
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:36.178
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   1:36.304
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    1:36.476

სასტარტო განლაგება
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
5. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
6. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)
7. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
18. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)
22. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)

No comments:

Post a Comment